გორდონ რამზის მიერ შთაგონებული ყიყლიყო კარამელიზებული ხილით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > გორდონ რამზის მიერ შთაგონებული ყიყლიყო კარამელიზებული ხილით

გორდონ რამზის მიერ შთაგონებული ყიყლიყო კარამელიზებული ხილით

არც მეტი, არც ნაკლები, სწორედ მან შთამაგონა და მომანდომა ასეთი ყიყლიყოს მომზადება. ერთ დღეს, ტელევიზორის ეკრანზე თვალი შევასწარი, როგორ ფუსფუსებდა, თან აღფრთოვანებით საუბრობდა ამ საუზმის მთელ სიკეთეზე.   მაშინვე მომინდა გაკეთება. რა თქმა უნდა, პატივცემული გორდონი ყიყლიყოდ არ მოიხსენიებდა თავის ნახელავს, მაგრამ, რადგან ჩვენში კვერცხიან პურს ასე ვეძახით, მეც ასე დავარქვი.

თუ თქვენც მოგხიბლათ გორდონ რამზისეული საუზმის იდეამ,  შემომიერთდით – 10 წუთში 2 ულუფა მზად იქნება :)

yiyliko

 

2 ნაჭერი პური

2 კვერცხი

50 მლ რძე ან 20% ნაღები

მწიკვი მარილი

2 პაკეტი შაქრიანი ვანილი

1 ატამი

1 ქლიავი

ჟოლო

მოცვი

1 ს.კ კარაქი

1 სკ შაქარი

 

კარგად ავთქვიფოთ კვერცხები და ნაღები (ან რძე), გორდონ რამზიმ ნაღები გამოიყენა. დავამატოთ მწიკვი მარილი და 1 პაკეტი ვანილიანი შაქარი.

თუ პურის ნაჭრები დიდია, გავჭრათ ორად. კარგად ჩავალბოთ კვერცხში და შევწვათ ორივე მხრიდან ჩვეულებრივი წესით.

პარალელურად, სხვა ტაფაზე გავადნოთ შაქარი, დავამატოთ კარაქი,  შემდეგ დაჭრილი ატამი, ქლიავი და კენკრა. რამდენიმე წუთით გავაჩეროთ ცეცხლზე, ჩავამატოთ ვანილიც (იდეალური იქნებოდა ვანილის ჩხირი).

თეფშზე გადავიტანოთ ყიყლიყო, ზემოდან დავადოთ ხილის ნაჭრები და მოვასხათ წვენიც.

ხილი, რა თქმა უნდა სხვადასხვა შეიძლება. ატამი და კენკრა იდეალური ვარიანტია, ქლიავი ჩემით ჩავამატე. თქვენ თქვენს გემოვნებას მოარგეთ :)

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top