ყაბაყი პროვანსულად, გორდონ რამზის მიხედვით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ყაბაყი პროვანსულად, გორდონ რამზის მიხედვით

ყაბაყი პროვანსულად, გორდონ რამზის მიხედვით

ეს მსუბუქი კერძი არაჩვეულებრივი გარნირია ნებისმიერი ხორცეულისთვის. სწრაფად მზადდება და მაქსიმალურად ინარჩუნებს გემოსა და სიჯანსაღეს.  შეგიძლიათ ცალკე კერძადაც მიირთვათ, მე სწორედ ასე მოვიქეცი :)  მომზადების იდეა, არც მეტი არც ნაკლები, გორდონ რამზიმ მომაწოდა ;) ერთ საღამოს  საქმეების პარალელურად მის შესანიშნავ შოუს F word-ს ვადევნებდი თვალს და სწორედ იქ მოამზადა ყაბაყი პროვანსულად. ცალი თვალით და ყურით მიდევნებული შოუდან შესაძლოა რამე გამომრჩა კიდეც, მაგრამ რაც გავაკეთე, თავისთავად მშვენიერი იყო.

ყაბაყი პროვანსულად

 

250  გ ქორფა ყაბაყი(2 საშუალო ზომის)

1-2 კბილი ნიორი

ზეითუნის ზეთი

2/3 ჩაის კოვზი პროვანსული სუნელი*

მარილი

პილპილი

 

ყაბაყი რგოლებად დავჭრათ.

მოზრდილ ტაფაზე გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი და დავყაროთ ზედ მსხვილად დაჭრილი ნიორი და ყაბაყი. ნიორი შეგვიძლია მხოლოდ შუაზე გავჭრათ და შეწვის შემდეგ ამოვაცალოთ, მთავარია არომატი მისცეს.

შევწვათ საშუალოზე მაღალ ცეცხლზე, დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში. წვის დროს კი ტაფა ხშირად შევანჯღრიოთ, ისე რომ ყაბაყის ნაჭრებმა ადგილი და გვერდი იცვალონ ხოლმე. ან ხის კოვზით ხშირად ამოვურიოთ. ბოსტნეულმა სასიამოვნო ოქროსფერი უნდა მიიღოს, მაგრამ ამავდროულად არ უნდა დარბილდეს და სიხრაშუნე შეინარჩუნოს. შუა წვის დროს დავამატოთ პროვანსული ბალახებიც.

ბოლო ეტაპზე მოვაყაროთ ახალდაფქული პილპილი და მარილი.

 

*პროვანსული ბალახების ყიდვა დიდ სუპერმარკეტებში შეიძლება. მის შემადგენლობაში სამხრეთ საფრანგეთისთვის დამახასიათებელი რამდენიმე არომატული მცენარე შედის: როზმარინი, ორეგანო, ბაზილიკი,მაიორანი, ოხრახუში, ცერეცო, ზოგჯერ მდოგვის მარცვლებსაც ამატებენ. ეს სუნელი ძალიან უხდება ბოსტნეულის კერძებს, მის გარეშე არ მზადდება ფრანგული აჯაფსანდალი – რატატუი, ასევე გამოიყენება შემწვარ თევზეულთან და ხორცთან, განსაკუთრებით კი გრილზე შეწვის დროს. აქვს მძაფრი და დასამახსოვრებელი არომატი

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top