თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 2+ სთ > ხბოს ჩაქაფული – à la Pelion [+video]

ხბოს ჩაქაფული – à la Pelion [+video]

სულ პატარა დეტალს შეუძლია შეცვალოს კერძი, ვიზუალი, გემო და სტანდარტი და რაც მთავარია ემოცია, რომელიც დაგემოვნებას მოყვება და მეხსიერებაში რჩება.

დღევანდელ კერძს პელიონის შეფები წარმოგიდგენენ, ერთი კი არა, სამი ერთად.

რად უნდა ერთ ჩაქაფულს სამი კაციო, იტყვის ვიღაც და პრინციპში, მართალიც იქნება.

მაგრამ, მენდეთ, ეს ის შემთხვევა არ არის, ერთ სამზარეულოში რომ ორი ქალი არ შეიშვება. საერთოდაც, კაცი ვიცი მე სამზარეულოში ;)

გაიცანით: დათო და იანისი, ჰილტონ ბათუმის შეფმზარეულები. იანისი ბერძენია, დათო, მიხვდით ალბათ – ქართველი. ერთმანეთს ისე კარგად უწყობენ, შეგიძლია დაჯდე და უყურო, ნაწყვეტი გეგონება იტალიური ფილმიდან :D

 

Pelionis-shefebi

 

ეს ლევანია, მშვიდი მზარეული, რომელიც მთელი საათის და მეტი ხნის განმავლობაში აპირებს აიტანოს ჩვენი კუდში დევნა, ტვინის ბურღვა და ფეხებში ბლანდვა :)

pelioni-levani

 

დღეს ერთად ვაკეთებთ ჩაქაფულს, ხბოს ხორცით და ტრადიციული მწვანილეულით. უფრო სწორად, ჩვენ ვუყურებთ და ვსინჯავთ :D

 

ინგრედიენტები:
  • ხბოს ხორცი
  • თეთრი ღვინო
  • ტყემალი (ან ალუჩა)
  • ტარხუნა
  • ქინძი
  • ოხრახუში
  • მწვანე ხახვი
  • ნიორი
  • მარილი, მწვანე წიწაკა

 

Pelion_chakapuli1

ტრადიციულად, ხორცი იშუშება დაბალ ცეცხლზე, თავდახურულად. შემდეგ ემატება ღვინო, მწვანილები, სულ ბოლოს ტყემალი, მარილი, წიწაკა…
pelion-tkemali
სანამ ჩაქაფული მზადდება, ლევანი პურის ცხობას იწყებს. პირველად ვნახე ასეთი თანამედროვე თონე პირდაპირ რესტორნის შუაგულში. ცხელი თონის კედელზე მიკრული თონის პურის ბერვამ ბავშვობა და სოფლის თონე გამახსენა <3
pelion_puri2
აქ ლევანს თითები ეწვის და არ იმჩნევს. არც იმას იმჩნევს, რომ ძალიან დავღალეთ, მაინც სულ გვიღიმის :)
 pelion-levan-cook
ამასობაში, ჩაქაფული თითქმის მზადაა, მაგრამ არა სუფრაზე გასატანად. აბა სამი შეფი რისთვის იყო საჭირო, რომ ჩაქაფული ასე, პირდაპირ, ქვაბიდან სუფრაზე გაუპრანჭავ-გამოუწყობელი აღმოჩენილიყო? ნურას უკაცრავად :)
Pelion-chakapuli3
წინ კიდევ ერთი ეტაპია.

 

რა თქმა უნდა, ტრადიციული ჩაქაფული შეგიძლია შოთის პურით მიირთვა, მაგრამ რა მოხდება, თუ ლამაზად, თიხის ჯამში გადავიტანთ, თავზე ლავაშის თხელ ცომს მოვაკრავთ, მერე ცოტა ხნით ღუმელში შევდგამთ და შიგნიდან დაორთქლილი, გარედან კი ტკაცუნა პურის “სახურავით” მივიტანთ სუფრასთან?
Pelion-chakapuli2
Pelion-Chakapuil4
ცუდი არაფერი.

 

ჩვენი ტრადიციული ჩაქაფული ამგვარად ლამაზ, გაპრანჭულ, დასავლური სტანდარტების და ნამდვილი ქართული გემოს ბუკეტად შეიკვრება, რომელსაც ვერც კონსერვატორი ქართველი დაიწუნებს და ვერც წუნია უცხოელი სტუმარი :)

 

პურის თავსახურს კოვზით ჩატეხავ, ნელნელა, ლუკმა-ლუკმა ამოაბრძანებ მწვანილში გახვეულ ნაზი ხორცის ნაჭრებს, ჯერ ორთქლს შეისუნთქავ და შემდეგ ეახლები. აი აქ გამოდგება სიტყვა “გეახლებით”. ასეთ ჩაქაფულს ნამდვილად უნდა ეახლო :D

 

pelion-chakafuli-tasting

 

ვუყურებ ფოტოებს, მახსენდება გემო, სურნელი, თან ჩემი სამზარეულოდანაც ახალმოხარშული მწვანე ტყემლის სუნი გამოდის… უკვე დაღამდა და აბა ახლა საჭმელებზე წერა შეიძლება? სინდისს დავიმშვიდებ, რომ თქვენ ამას დილამდე მაინც არ წაიკითხავთ :)

 

შევხვდებით პელიონში!

 

სხვა რეცეპტები:

 

ფოტოები (c) Ratatui Food & Media, Hilton Batumi

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top