თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > შოკოლადიანი ხაჭოს პასკა

შოკოლადიანი ხაჭოს პასკა

ხაჭოს პასკა წელს პირველად გავაკეთე და უკვე გადავწყვიტე რომ ჩემი სააღდგომო მენიუს განუყრელი ნაწილი გახდება, რა თქმა უნდა , სხვადასხვა ვარიაციებით და არომატებით.  გუშინ შუადღით, სახლისკენ მომავალმა 600 გრამი ხაჭო ვიყიდე და სავარაუდო რეცეპტის შემუშავებას შევუდექი. ვანილიანი თუ შოკოლადიანი?  ფერადი ცუკატებით თუ ფორთოხლით? ამ ფორმაში თუ იმ ფორმაში? ამ ფიქრებში  ხაჭო საწურზე გადავიტანე და დილისთვის დავგეგმე მომზადება. მაგრამ აღდგომამდე ისე ცოტა დარჩა,მე კი მინდოდა თქვენთვისაც გამეზიარებინა რეცეპტი, ამიტომ გუშინ ღამის 11 საათზე შევუდექი საქმეს. 30 წუთში ყველაფერი მზად იყო, მთელი ღამით მივაბრძანე მაცივარში და დილით ეს საოცრება დავაგემოვნე კიდეც :)

xaco-sokoladis paska

600 გ ხაჭო (მე მქონდა 9 %)

250 მლ ნაღები 35%

100 გ შავი შოკოლადი, მინიმუმ 65% კაკაოს შემცველობით

3 კვერცხის გული

150 გ შაქარი + 30 მლ წყალი

3 ჩ.კ. კაკაო, თავმობმული

მწიკვი მარილი

2 ჩ.კ. ფორთოხლის ცედრა, სავსე

ვანილი

შტოშის ჩირი, 1 მუჭა (შეგიძლიათ სხვა ჩირით შეცვალოთ, მე ეს მქონდა)

 

ხაჭოს დავდოთ საწურზე და დავადოთ რაიმე სიმძიმე, რომ ზედმეტი სითხისგან დაიწუროს.

ცოტა ნაღები გავაცხელოთ და ჩავყაროთ დატეხილი შოკოლადი,  ვურიოთ რომ კარგად გაიხსნას და ერთგავროვანი მასა გახდეს. გავაგრილოთ მთლიანად.

კვერცხის გულები მოვათავსოთ თასში და მსუბუქად ავთქვიფოთ მიქსერით

ხაჭო აუცილებლად საწურში უნდა გავატაროთ.  ცოტ- ცოტას ჩავყრით და კოვზის დახმარებით გავსრესთ. ასე ხაჭო უფრო ერთგვაროვანი და ფუმფულა იქნება.

სანამ ხაჭოს ”ვცრით” , ცეცხლზე სიროფი მოვამზადოთ: შაქარი და წყალი დაბალ ცეცხლზე დავდგათ და ვადუღოთ. დაახლოებით 5 წუთში ხაჭოც მზადაა და სიროფიც.

ათქვეფილ კვერცხის გულებს წვრილ ზოლად ვასხამთ მდუღარე სიროფს და თან ვთქვეფთ.  მასა ნელ-ნელა უფრო ფუმფულა, მუსის კონსისტენციის გახდება და მკრთალ მოყვითალო ფერს მიიღებს. საერთოდ კვერცებს უმად ამატებენ ხოლმე, მაგრამ რადგან ეს გემრიელი დესერტი ბავშვებისთვისაც უნდა მეჭმია, ეს პასტერიზებული ვარიანტი  ვამჯობინე .

კვერცხის გულები დავასხათ ხაჭოს, დავამატოთ მარილი, ფორთოხლის ცედრა, ვანილი და კარგად ავთქვიფოთ. (ამ ეტაპზევე უნდა დამემატებინა ათქვეფილი კარაქი, რომელიც მე დამავიწყდა :D რადგან მის გარეშეც არაჩვეულებრივი იყო, თან უფრო მსუბუქიც, რეცეპტშიც აღარ მივუთითე, თუმცა თუ გნებავთ დაამატეთ, დაახლოებით 50-80 გრამი)

ავთქვიფოთ კარგად გაციებული ნაღები კრემის კონსისტენციამდე, ბოლოს შევურიოთ გაგრილებული გამდნარი შოკოლადი და დავაცრათ კაკაო.  მიღებული შოკოლადიანი კრემი შევურიოთ ხაჭოს მასას.  დავამატოთ ჩირებიც. თუ ჩირი დიდია დავჭრათ

სურვილის შემთხვევაში ცოტა ფორთოხლის ლიქიორიც შეგვიძლია დავამატოთ :)

ფორმაში ვაფენთ მარლის 2-3 ფენას და ვდებთ ხაჭოს. მთელი ღამით ვდებთ მაცივარში, დილით კი თეფშზე გადმოვაბრუნოთ და მარლა ფრთხილად შემოვაცალოთ.

xachos paska shoko

დეკორისთვის გამოიყენეთ რაც გნებავთ, ფოტოზე თეთრი და შავი შოკოლადის ფანტელები, წვრილად დაჭრილი ჩირი და ფორთოხლის კანებია. შეგვიძლია კაკაო მოვაყაროთ ან ნაღებთან ერთად გამდნარი შოკოლადის გლაზური მოვასხათ.

BoSch MuM

 

პ.ს. რჩევა: ნუ გამოიყენებთ 0 %-იან ხაჭოს, რაც უფრო ცხიმიანს აირჩევთ, მით უკეთესი :)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

2 thoughts on “შოკოლადიანი ხაჭოს პასკა

  1. nino romeli shavi shokoladi gamoiyene?,romeli viyido 65% kakaos shemcvelobit rom iyos?.. shtoshis chiri sad iyideba tbilishi?. nino aseve mainteresebs kulinariuli termometri tbilishi sad iyideba? da rogor gamoiyureba xom ver metyvi?.madlobaaaa.

    1. ანუკი, ყველა შოკოლადს აწერია ზედ რამდენ % კაკაოს შეიცავს :) მე ჯორჯიტადან გამოვიყოლე, მაგრამ ნებისმიერ მაღაზიაში იქნება. შტოში იგივე ”კლიუკვა” რუსულად, ჩირებს სადაც ყიდიან, იქ იკითხეთ, მუქი წითელია, ალუბალიც შეიძლება ან რაც მოგწონს სხვა. კულინარიულ თერმომეტრს მეც ვეძებ, გონივრულ ფასში, მაგრამ ვერაფერი ვნახე . არსებობს რამდენიმენაირი: ღუმელის, ხორცის, სითხის… ონლაინ საიტებზე იყიდება ბევრნაირი

Leave a Reply

Top