თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ხაჭოს კექსი

ხაჭოს კექსი

ყოველთვის, როცა ხაჭოს ვყიდულობ, ჩემში ბჟუტავს იმედი, რომ ჩემი შვილები მას შეჭამენ, თუნდაც ნახევარს, ან მესამედს…   იშვიათად ასეც ხდება, თუმცა უმეტესად მათ თეფშებზე დადებული ხაჭო ასე ხელუხლებლადვე რჩება. ზოგჯერ ხილის კოქტეილში ვნიღბავ, ზოგჯერ ბლინებს ვუცხობ, ზოგჯერ კი აი ასეთ გემრიელ დესერტად გარდავქმნი ხოლმე.  ძალიან გემრიელი გამოდის, ზოგჯერ მარტო ხაჭოთი, რძის გარეშე ვაკეთებ და ცოტა სხვა სტრუქტურა აქვს,  მე უფრო მეტადაც კი მომწონს, მაგრამ რადგან მისი ფოტო არ მაქვს, კონკრეტულად ამ რეცეპტს გაგიზიარებთ, ექსპერიმენტები კი თქვენთვის მომინდვია :)

მაშ ასე, დავიწყოთ!

_DSC0001 (Copy)

 

2 კვერცხი

200 გ ხაჭო 9%

200 გ შაქარი

2 მუჭა ქიშმიში

1 ლიმონის ცედრა

1 ჩ.კ სოდა

200 მლ რძე

230 გ ფქვილი

1 ჭ შავი მოცხარი (გაყინული)

ვანილი

 

ხაჭო, შაქარი და კვერცხი ავთქვიფოთ, შევურიოთ რძე, ლიმონის ცედრა, ვანილი და სოდა. დავაცრათ ფქვილი. მივიღებთ მსუბუქ, კრემისმაგვარ ცომს. შევურიოთ ქიშმიში (შეგვიძლია წინასწარ დავალბოთ) და მოცხარი , გალღვობის გარეშე. რა თქმა უნდა სხვა კენკრაც შეიძლება, უბრალოდ მოცხარი ძალიან, ძალიან უხდება :)

ცომი ჩავასხათ ცხიმწასმულ ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. გაშლილ ფორმაში უფრო მალე ცხვება, ვიდრე ღრმაში.

რძის გარეშე როცა ვაკეთებ, ცომი უფრო სქელი გამოდის, ფორმაში გადატანის შემდეგ კოვზით ან სილიკონის ნიჩბით კარგად მოვასწორებ, გადავანაწილებ და ვაცხობ. მაგრამ ფქვილის ზუსტი რაოდენობა არ მახსოვს, რადგან ისე, ზეპირად ვაყრი :)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top