ფხვიერი ნამცხვარი ხაჭოთი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > ფხვიერი ნამცხვარი ხაჭოთი

ფხვიერი ნამცხვარი ხაჭოთი

”პეჩენიის” შესატყვისი ქართულად ფხვიერი ნამცხვარი ყოფილა. ადრე ორცხობილებს ვეძახდი, მაგრამ რადგან ლექსიკონი  ასე  განმარტავს, მეც ასე დავწერ ხოლმე.  ისედაც მწირი კულინარიული ლექსიკა გვაქვს და რაც შესაძლებელია, იმ სახელწოდებებს მაინც გამოვიყენებ :)   სიმართლე რომ გითხრათ ვერ ვიტან, როცა ისეთ სიტყვებს ამახინჯებენ, რისი ტერმინიც უკვე გვაქვს ენაში:  დროჟი, პეროგი, პერეცი, ჟარუნა, ს(ზ) გუშონი, მალაკო, პესოკი, ვიჩინა  და ა.შ.  მეორეს მხრივ, უხერხულობას მიქმნის ისეთი  ქართული ტერმინების გამოყენება, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი და არ დამკვიდრებულა არც სალაპარაკო და არც სალიტერატურო ენაში, შესაძლოა მომავალში ეს სიტყვები სრულიად ჩვეულებრივი აღსაქმელი იყოს, მაგრამ ახლა ”ყელფანდურას” ტიპის ტერმინებად მეჩვენება და მიჭირს  ხშირი გამოყენება.

აი, რამდენი წვრილმანია დაკავშირებული კულინარიასთან :)  ხშირად რაიმე რეცეპტის კითხვისას იმდენ სიახლეს ვიგებ, იმდენ წვრილმანს სხვადასხვა სფეროდან. იმდენი კითხვა ჩნდება, მერე იწყება პასუხის ძიება. მოკლედ ძალიან საინტერესოა.

მაგრამ Revenons à nos moutons – როგორც ფრანგები იტყვიან :)    ანუ ჩვენს საქმეს მივხედოთ.  გემრიელ ხაჭოან  ხრაშუნებზე გეპატიჟებით :) (ეს სიტყვა, ხრაშუნა, ძალიან მომწონს, ”პეჩენიის” აღმნიშვნელად იყენებს ხოლმე ნათია მინაშვილი :) მეც ავყევი )

50 გ კარაქი

100 გ ხაჭო

60-80 გ შაქარი

200 გ ფქვილი

½ ჩ.კ სოდა

1 კვერცხი

ვანილი

ცივი კარაქი გახეხეთ მსხვილ სახეხზე ან პატარა კუბებად დაჭერით. დაამატეთ ხაჭო და გაცრილი ფქვილი, სოდა, ვანილი შაქარი. ხელით ასრისეთ, ისე რომ ფხვიერი, ქვიშასავით მასა მიიღოთ. დაამატეთ კვერცხი დაკვლავ დაზილეთ. საბოლოოდ მიღებული ცომი ხელზე არ უნდა ეკვროდეს.

გააკეთეთ კაკლისხელა ბურთულები და დაალაგეთ ცხიმწასმულ ტაფაზე. გამოაცხეთ 180 გრადუსზე სანამ ოქროსფერი არ გახდება.

შეგიძლიათ მოასხათ შოკოლადი, კარამელი ან შაქრის პუდრა მოაყაროთ.

გამოდის  23-25 ცალი დაახლოებით.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

9 thoughts on “ფხვიერი ნამცხვარი ხაჭოთი

    1. გამომრჩა :( უკვე ჩავამატე, მადლობა რომ შენიშნეთ :)

  1. ნინო, მადლობა რეცეპტისათვის, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს, საფრანგეთში ხაჭოდ რა შეიძლება გამოვიყენო?

    1. წკაპო, ალბათ fromage blanc,

      მე როგორც ვიცი (შეიძლება ვცდები) საფრანგეთშია არის რაღაც სხვაობა ხაჭოს სახეობებს შორის, უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ჩვენთან. თქვენ უნდა აარჩიოთ ჩვენს ხაჭოსთან მიმსგავსებული, ანუ ფხვიერი მშრალი მასა და არა კრემოვანი როგორც fromage frais.

      1. ნინო, მადლობა პასუხისათვის, სამწუხაროდ, ხაჭოსთან შორიდან მიმსგავსებულიც კი ვერ ვიპოვე.

        1. სამწუხაროა :( ფრანგები ხაჭოს არ მიირთმევენ? შესაძლოა რუსულ მაღაზიებში (მგონი არის ასეთიც) იყოს ”ჩვენებური” ხაჭო

      2. რუსულ მაღაზიებს არ ვეტანები 2008 წლის მერე…

Leave a Reply

Top