თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > verdens beste kake – მსოფლიოში საუკეთესო ტორტი

verdens beste kake – მსოფლიოში საუკეთესო ტორტი

სწორედ ამას ნიშნავს ამ ნორვეგიული დესერტის verdens beste kake-ის  სახელწოდება ქართულად და ტორტი ნამდვილად ამართლებს თავის სახელს!  წლების წინ ამ ტორტს ნორვეგიის ეროვნული ნამცხვრის წოდებაც კი მიანიჭეს. რეცეპტს შემთხვევით გადავაწყდი ინტერნეტში. ჯერ სახელმა მიმიზიდა, შემდეგ დავგუგლე და უამრავი მადისაღმძვრელი ფოტო მომხვდა თვალში. მეც გადავწყვიტე გამეკეთებინა.  ფოტოები მაინც და მაინც გადასარევი არ არის, არ გამომივიდა ლამაზად გადაღება, მაგრამ წარმოდგენას შეგიქმნით ნამცხვრის შესახებ.

bestcake

ცომისა და ბეზეს ფენა ერთად ცხვება. ამ ტექნიკამ თბილისში ცნობილი “ოპიუმი” გამახსენა, რომლის რეცეპტიც პენტაგონის ფაილებივით გასაიდუმლოებული და მიუწვდომელია.  ისიც რაღაც ამდაგვარია –  ცომი და ბეზე ერთადაა გამომცხვარი, შემდეგ კრემს უსვამენ, ცოტაოდენ ხილს აყოლებენ (შინდი ჰქონდა) და ისევ ბეზეან ფენას ადებენ. მგონი ცოტა ლიმონის არომატიც აქვს? რაღაც  ასე მახსოვს…

ბეზეს ზემოდან ბლომად ნუში უნდა ჰქონდეს მოყრილი, მაგრამ მე მხოლოდ ცოტაოდენი ნიგოზი მქონდა. ამის მიუხედავად, მაინც ძალიან გემრიელი იყო.

ცომი

  • 100 გ კარაქი
  • 100 გ შაქარი
  • 4 კვერცხის გული
  • 3 ს.კ  რძე
  • 100 გ ფქვილი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • ვანილი

 ბეზე

  •   4 კვერცხის ცილა
  • 200 გ შაქარი
  • 60-100 გ ნუში

 კრემი

  • 200-250 ნაღები 35 %
  • ვანილი
  • შაქრის პუდრი გემოვნებით და სურვილით

*კრემი შეიძლება გაკეთდეს შერეული : ნახევარი  ათქვეფილი ნაღები, ნახევარი მოხარშული კრემი, კარაქიანი. მხოლოდ მოხარშულიც გამოდგება, თუ გიყვართ.

ავთქვიფოთ კარაქი და შაქარი ფუმფულა მასის მიღებამდე. დავამატოთ კვერცხის გულები, ფქვილი, სოდა და ყველა დანარჩენი ინგრედიენტი. საშუალო ზომის ფორმას (მრგვალი ან ოთხკუთხა) ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი და წავუსვათ ცომის ნაწილი. თუ ორი ერთნაირი ფორმა გვაქვს, რომელიც ღუმელში ერთდროულად ეტევა, უკეთესია. ორ ბისკვიტს ერთად გამოაცხობთ.

ცილით და შაქრით ამოვიყვანოთ კარგი სქელი ბეზე, გავყოთ ორად. ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვათ ცომი კოვზით, შემდეგ უმ ცომზე  წავუსვათ  ზემოდან ბეზე. მოვაყაროთ ნუშის ფირფიტები და გამოვაცხოთ 20-30 წუთი 180 გრადუსზე.  შეიძლება იფიქროთ რომ ეს დრო საკმარისი არ არის ბეზესთვის, მაგრამ გარწმუნებთ – საკმარისია.  გავაციოთ ორივე ბისკვიტი.

kremi

norvegian-beste-kake

ავთქვიფოთ ნაღები, ვანილი და შაქრის პუდრა.  წავუსვათ პირველ ფირფიტას და დავადოთ მეორე. ტორტი შეგვიძლია დაჭრათ მაშინვე, ან მოგვიანებით. opiumi
მე მალევე გავჭერი, კრემი არ იყო კარგად გამჯდარი და ითხაპნებოდა დანით დაწოლისას, ჩანს კიდეც ფოტოზე.  ნაწილი მეორე დღეს დავჭერი – ორივე შემთხვევაში გემრიელი იყო :)

სურვილის შემთხვევაში,  შეგვიძლია კრემი ზემოდანაც წავუსვათ, შემდეგ კი  ხილით მოვრთოთ.

აქვე რჩევა ჩემი გამოცდილებიდან: თუ ფირფიტებს ცალცალკე ვაცხობთ, უმჯობესია, თუ ბეზეს ნაწილ-ნაწილ, უშუალოდ გამოცხობის წინ ამოვიყვანთ (ანუ ჯერ ნახევარი ულუფა, შემდეგ კიდევ ნახევარი). ეს იმიტომ, რომ დაყოვნების შედეგად ბეზე  წყალდება და  ისეთი ფუმფულა აღარ გამოცხვება მეორე ფენის შემთხვევაში.

norvegian

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

One thought on “verdens beste kake – მსოფლიოში საუკეთესო ტორტი

Leave a Reply

Top