თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ტკბილეული > ვაშლის ტატენი ფხვიერი ცომით

ვაშლის ტატენი ფხვიერი ცომით

ალბათ უკვე მიხვდებოდით, როგორ მიყვარს ტკბილეული. ამ ბოლო დროს სერიოზულად დავფიქრდი, ნორმალურია თუ არა ეს? შეიძლება თუ არა, ადამიანს ყოველ დღე ძალიან უნდოდეს რაიმე ტკბილი და გემრიელი? თავს იმით ვიმშვიდებ. რომ ჩემს წონაზე, საბედნიეროდ, ჯერ არ ასახულა ეს მავნე ჩვევა.
რამდენიმე დღის წინ, როცა ისევ ძალიან, ძალიან მომინდა რამე სასუსნავი, ეს ნამცხვარი გამოვაცხვე.  ”გლეხური”, დაუხვეწავი შესახედაობის მიუხედავად, ძალიან გემრიელია :) ნამდვილად იმსახურებს, რომ თქვენც გაგიზიაროთ….

დაგვჭირდება:

1კგ გაფცქვნილი, მსხვილად დაჭრილი ვაშლი
50გ კარაქი
150 გ შაქარი
3/4 ჩ.კ ლიმონის ცედრა (სურვილით)
დარიჩინი
ნიგოზი(სურვილით)

ცომი:

100 გ კარაქი (ან მარგარინი)
200 გ ფქვილი
1 საშუალო ზომის კვერცხი
1-1.5 ს.კ შაქარი
1 ს.კ არაჟანი (არა სავსე)

მე ცომს ბლენდერში ვამზადებ, თუმცა ხელითაც შეიძლება. მოათავსეთ ბლენდერში დაჭრილი ცივი კარაქი, ფქვილი, შაქარი და რამდენჯერმე დააბზრიალეთ, მიღებულ ფხვიერ მასას დაამატეთ კვერცხი და ისევ დააბზრიალეთ. ამ დროს ცომი ისევ ფხვიერია, თუმცა ხელის მოჭერით ეწებება. დაამატეთ 1 კოვზი არაჟანი, ეს ცომს სირბილეს შემატებს გამოცხობისას. კლასიკურ ფხვიერ ცომს არაჟანი არ ემატება, მხოლოდ კვერცხით ან ცოტა წყლით მიიღწევა “წებვადობა”, თუმცა მე თავს რაღაც დეტალების შეცვლის უფლებას ვაძლევ ხოლმე და ზოგჯერ მომწონს ეს ცვლილებები. მაგალითად ერთხელ, მწიკვი სოდაც კი დავამატე (ფრანგებმა მაპატიონ :)) და ძალიანაც მომეწონა შედეგი: ფუმფულა და თან ფხვიერი ცომი მივიღე :)  არაჟნის დამატების იდეა კი ნათია მინაშვილისგან ავიღე :)

მზა ცომს ვაცივებთ მაცივარში და პარალელურად ვამზადებთ  ვაშლს. ვფცქვნით (ღმერთო, რამდენი თანხმოვანია ამ სიტყვაში თავმოყრილი !), ვჭრით დიდ ნაჭრებად. ტაფაში ვადნობთ კარაქს, ვამატებთ შაქარს და ვაშლს. ასევე ცედრას. შაქარი გადნება ვაშლისგან გამოსულ წვენში და იწყებს დუღილს, დაკარამელიზდება და შესქელდება. აუცილებელი არ არის სითხე სულ დაიშროს. რა თქმა უნდა, თან ვურევთ დრო და დრო. ბოლოს ვაყრით დარიჩინს, 1 ჩაის კოვზს,პარალელურად, ვტკბებით სამზარეულოში დატრიალებული სურნელით :)

ვაშლის დასამუშავებლად სჯობს ისეთი ფორმა (ტაფა) გამოიყენოთ, რომელსაც შემდეგ გაზქურაშიც შედგამთ. მაგრამ თუ ასეთი არ გაქვთ, მაშინ კარაქწასმულ შესაბამის ჭურჭელში გადაიტანეთ თავისივე წვენით. მოასწორეთ ისე რომ მჭიდროდ დალაგდეს და მთლიანად დაფაროს ტაფის ძირი.

ცომი, უმჯობესია, ფქვილის გარეშე გააბრტყელოთ. ამისთვის საჭიროა ორ ცელოფანს ან საცხობ ქაღალდს შუა მოაქციოთ და ისე შეუდგეთ საქმეს. ვაშლიან მასას ცომი ზემოდან უნდა დაადოთ და ნაპირები კარგად ჩაუკეცოთ ქვემოთ.

მე, ჩემი ინიციატივით, ვაშლის ფენას ზემოდან დაჭრილი ნიგოზი მოვაყარე და შემდეგ დავადე ცომი. ძალიან მიყვარს ნამცხვრებში ეს კომბინაცია და იმიტომ. ზოგჯერ ქიშმიშსაც ვამატებ.

გამოვაცხე 200 გრადუსზე სანამ ცომი არ შეიფერა ოქროსფრად, დაახლოებით 30-40 წუთი. გამოღების შემდეგ ცოტა გააგრილეთ, დაადეთ თეფში და გადმოაბრუნეთ.

თბილი უგემრიელესია! თუმცა არც ცივი დაგვიწუნია :) მსუბუქია და არომატული,ფხვიერ ცომს მშვენივრად ეხამება კარამელიზებული ვაშლის სინაზე.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top