თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სირთულის მიხედვით > მარტივი > უგემრიელესი მარციპანის ხრაშუნები ჯანჯაფილით, ქიშმიშით და გოგრის თესლით

უგემრიელესი მარციპანის ხრაშუნები ჯანჯაფილით, ქიშმიშით და გოგრის თესლით

marzipan_cookies_ratatui

რა სამწუხაროა, რომ მობილურით გადაღებულ ამ ფოტოებს არ შეუძლია გადმოგცეთ ის მრავალფეროვანი და უუგემრიელესი არომატი და გემო, რაც ამ ხრაშუნებს აქვს.

ეს ის შემთხვევაა, როცა “რაც სახლში მქონდა”, ყველაფერი გამოვიყენე და მეც გამიკვირდა, ისეთი შედეგი მივიღე.

ამასწინათ მეგობარმა მარციპანის აი ასეთი როლი მაჩუქა, რამეს გააკეთებო. მარციპანის ფანი მე არ ვარ და კარგა ხანია მაცივარში მიდევს. დღეს ასე 100 გრამი მოვაჭერი და ხრაშუნებში ჩავუშვი. საოცარი გემო და სტრუქტურა მისცა. თუმცა მარციპანი ერთადერთი არ არის, რაც ამ ხრაშუნებს აქვს.

Odense , Marzipan Rolle , 500 g ,

ინგრედიენტები:

  • მარციპანი – 100 გრამი (მარციპანი და არა შაქრის ფონდანტი), შეგიძლიათ ნუში წმინდად დაფქვათ და იმით ჩაანაცვლოთ
  • შაქარი – 1,5-2 ჭიქა
  • კარაქი – 70 გრამი (მეტიც მოუხდებოდა)
  • კვერცხი – 1 ც
  • ქიშმიში – 1 მუჭი
  • გარჩეული გოგრის თესლი – 1 მუჭი
  • ფქვილი – 2-2,5 ჭიქა
  • ვანილი, ილი (კარდამონი), შაფრანი, მიხაკი, მწიკვი მარილი
  • გამაფხვიერებელი ან სოდა ძმრით
  • ცოცხალი ჯანჯაფილი, იგივე კოჭა (ფესვი) – 15-20 გრამი

 

მომზადება

-1-. თასში დაბალ ცეცხლზე კარაქი გავადნე, დავამატე მარციპანი, შაქარი, ქიშმიში, გოგრის თესლი და კარგა ხანს ვურიე, სანამ ყველაფერი არ გადნა, რისი გადნობაც შეიძლებოდა. ჩავახეხე ცოტაოდენი ჯანჯაფილის ფესვი, არომატისთვის.

-2-. გავაგრილე, დავუმატე კვერცხი, ვანილი, სუნელები (მათ შორის ნამდვილი შაფრანი), მარილი, გამაფხვიერებელი და ფქვილი. კარგად ავზილე, სანამ ცომი მაგარი არ გამოვიდა.

-3-. გავაკეთე ძეხვის ფორმის როლები და მაცივარში შევდგი. არ გაგიკვირდეთ, თუ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება, ეგ არაფერია, მოუხდება კიდეც ხრაშუნებს.

ამასობაში ღუმელი 180 გრადუსზე ჩავრთე.

marzipan_cookies_ratatui

-4-. გაცივებული ცომი ბასრი დანით მშვენივრად იჭრება.

ცომი 1 სმ სისქის ფირფიტებად დავჭერი და დავაწყვე ქაღალდდაფენილ ღუმელის ტაფაზე.

marzipan_cookies_ratatui

გამოცხობას დაახლოებით 12-15 წუთი სჭირდება, როგორც კი ქვემოდან გვერდები შეუფერადდება, ჩათვალეთ რომ მზადაა და ფრთხილად გადმოალაგეთ გრილ დაფაზე.

marzipan_cookies_ratatui

marzipan_cookies_ratatui

 

ვეცადე ხრაშუნებით კოშკი ამეშენებინა და რამე ლამაზი ფოტო გადამეღო, როგორც უცხოურ ფუდბლოგებზეა, მაგრამ მობილურის ამარა ვიყავი და დიდი არაფერი გამომივიდა, კოშკმაც ვერ გაუძლო დიდხანს ფეხზე დგომას :D

marzipan_cookies_ratatui marzipan_cookies_ratatui

ძალიან გემრიელია და ძალიან მარტივი. ფრთხილად, ღუმელში დიდხანს არ დაგრჩეთ, თორე გაცივებულზე ისედაც ძალიან ხრაშუნაა და ისე გამაგრდება, ვეღარც კი ჩაკბეჩთ :D

პ.ს. თუ მარციპანი არ გაქვთ, შეგიძლით ნუში დაფქვათ, ან სულაც მიწის თხილი. მოუხდება :)

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top