თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სასმელი (ალკოჰოლური/უალკოჰოლო) > უალკოჰოლო სანგრია

უალკოჰოლო სანგრია

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!  დაგვიანებული რეცეპტების სერიიდან ამჯერად უალკოჰოლო სანგრიას გთავაზობთ. დიახ, ასეთიც არსებობს ! არანაკლებად გემრიელია და კარგადაც აგრილებს.

მერე რა, რომ ზაფხული დამთავრდა,  სიამოვნების მიღება არასდროსაა გვიან :)

სანგრია ესპანელების საყვარელი სასმელია, რომელიც მზადდება ღვინით და სხვადასხვა ხილით. გამოიყენება როგორც თეთრი, ისე წითელი ღვინო,თუმცა ეს უკანასკნელი უფრო პოპულარულია. ღვინოში ყრიან დაჭრილ ხილს და მირთმევამდე კარგად აცივებენ.ქვემოთ ჩამოთვლილი ხილიდან შეგიძლიათ შეცვალოთ რომელიმე, დაამატოთ სხვა ხილი ან ამოაკლოთ. ზოგიერთი ხილი შეგიძლიათ გაყინულიც გამოიყენოთ, მაგალითდ კენკრა, გარგარი.

2 ლ წყალი

1-2 პაკეტი ხარისხიანი ჩაი (ამ შემთხვევაში English breakfast tea)

2 ატამი

3-4 გარგარი

1 ლიმონი

½ ვაშლი

6-6 ცალი ჟოლო და მარწყვი

3 ს.კ ციტრუსის ლიქიორი (სურვილით)

1-2 ფორთოხალი

100 გ შაქარი

ადუღებულ წყალში ჩააგდეთ ჩაის პაკეტი და დააყენეთ 5-10 წუთი, ნაყენის სასურველი სიმაგრის მიხედვით. ჩაი შეიძლება გამოიყენოთ დასაყენებელი, ფოთლოვანი, ასევე მწვანე, ჟასმინის თუ სხვა ნებისმიერი არომატით,რომელიც გიყვართ და გემრიელად მიგაჩნიათ.

ჩაიდან პაკეტი ამოიღეთ და ჩაყარეთ შაქარი, დაჭრილი ხილი,ლიმონის გარდა – ის სჯობს გაწუროთ და მხოლოდ წვენი ჩაასხათ. ფორთოხალი შეგიძლიათ დაჭრილი ჩაყაროთ, ან ისიც ჩააწუროთ. სურვილის შემთხვევაში, დაამატეთ ლიქიორიც.

აცალეთ გაგრილება, შემდეგ კი მაცივარში კარგად გააციეთ. ჩაამატეთ ყინული და მიირთვით.

მერწმუნეთ, უგემრიელესია, ძალიან არომატული, ხილისა და ციტრუსის სურნელით სავსე :)  მოამზადეთ და ისიამოვნეთ, სანამ ჯერ კიდევ თბილა და მზის სხივები ბედნიერებით გვავსებს :)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top