თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 2+ სთ > ტორტი ტრუფელი ბანანით და ვანილის კრემით

ტორტი ტრუფელი ბანანით და ვანილის კრემით

თავიდანვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს იმ ტრადიციული, ნამდვილი ტრუფელის რეცეპტი არ გახლავთ, არამედ მხოლოდ ერთგვარი ინტერპრეტაცია.

ფენებს შორის ნამდვილ ტრუფელში შოკოლადის განაში გამოიყენება, ჩემს ვერსიაში ორი კრემი გამოვიყენე: შოკოლადის და ვანილის. ბონუსად კი ერთი ფენა ბანანის ფირფიტებითაც დავფარე. რატომაც არა? ბანანი, შოკოლადი და ვანილი = იდეალურ შეხამებას.

truffel2

ინგრედიენტები:

ბისკვიტი

  • კვერცხი – 4 ც
  • შაქარი – 4 ს/კ
  • ხორბლის ფქვილი – 4 ს/კ
  • კაკაო – 2 ს/კ
  • ვანილი, მწიკვი მარილი

ვანილის კრემი

  • კვერცხის გული – 1-2 ც
  • ხორბლის ფქვილი – 3-4 ს/კ (ფქვილის რაოდენობა კვერცხის გულების რაოდენობის უკუპროპორციულია)
  • შაქარი – 5 ს/კ
  • რძე – 500 მლ
  • კარაქი – 100 გრ
  • ვანილი, მწიკვი მარილი

შოკოლადის კრემი

  • შავი შოკოლადი – 150 გრ (სასურველია სპეციალური, სამინანქრე სქელი შოკოლადი იყიდოთ და არა ჩვეულებრივი ფილები)
  • რძე ან ნაღები – 80-100 გრ
  • კარაქი – 50 გრ
  • შაქარი – 1 ს/კ
  • მწიკვი მარილი

truffel3

ბისკვიტს ვამზადებთ ჩვეულებრივად, როგორც ნებისმიერი ტორტისთვის.
(1) მიქსერით ან ხელის სათქვეფით ამოგვყავს კვერცხის ცილის ბეზე
(2) ნელნელა ვამატებთ შაქარს, მარილს, კვერცხის გულებს, კაკაოს, ვანილს
(3) სულ ბოლოს ფრთხილად ვურევთ ახალგაცრილ ფქვილს
(4) ვასხამთ პატარა ზომის კექსის ფორმაში
(5) ვაცხობთ 170-180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში
ცხობა დასრულებულია, როცა ზედაპირი გამოშრება, ყოველი შემთხვევისთვის ასანთის ღერით გასინჯეთ, სანამ გამოიღებთ.

truffel4

ვანილის კრემის მოსამზადებლად ერთმანეთში შეურიეთ შაქარი და ფქვილი, დაასხით გრილი რძე, დაუმატეთ და კარგად შეათქვიფეთ კვერცხი და დადგით საშუალო ცეცხლზე სქელძირიანი ქვაბით. მუდმივად ურიეთ, რომ ძირზე არ შესქელდეს და მიიწვას. როცა ადუღდება და კრემი შესქელდება, ვანილიც დაამატეთ, რამდენიმე წუთი დუღილი აცალეთ და გადმოდგმამდე, ცხელშივე შეურიეთ კარაქის ნახევარი. მეორე ნახევარი შეგიძლიათ დაარბილოთ და უკვე გაცივებულ კრემს შეურიოთ.

შოკოლადის კრემის მოსამზადებლად სქელძირიან ქვაბში ჩაასხით რძე ან ნაღები, შაქარი, შეათბეთ  და ჩაყარეთ შოკოლადი გასადნობად. როცა მასა ერთგვაროვანი გახდება და შესქელდება, შეურიეთ კარაქი ცხელშივე, გადმოდგით და კარგად გააცივეთ.

ბისკვიტი გაჭერით სამ ნაწილად, თითოეული ფენა დანამეთ (მე ლიმონის ქვენი და კონიაკი გამოვიყენე),  ვიდრე კრემს წაუსვამთ.

პირველ ფენაზე დააწყვეთ 1 ცალი, თხელ ფირფიტებად დაჭრილი ბანანი, წაუსვით ვანილის კრემი სქლად და დაახურეთ მეორე ფენა. ისევ დანამეთ და დაადეთ შოკოლადის კრემი მთლიანად. ბოლო ფენას აღარ ნამავთ, თავზე უსვამთ ვანილის კრემს და მთლიანად ფარავთ ტორტს ვანილის კრემით.

გარედან შეგიძლიათ მოაცრათ ბევრი კაკაო ან მორთოთ ბისკვიტებიდან ჩამოჭრილი ცომის პატარა ბურთულებით (ფოტოებზე ხედავთ ორივე ვერსიას).

ტორტი კარგად უნდა გააცივოთ მაცივარში და მიირთვათ უშაქრო ჩაისთან ან ყავასთან ერთად :)

Truffel1

პ.ს. გაითვალისწინეთ, რომ ამ მასალით გამოდის პატარა ტორტი, 8 ნაჭრიანი. არის მძიმე, მსუყე და ძალიან ტკბილი. თუ უფრო დიდი ტორტის გამოცხობა გნებავთ, პროპორციულად გაზარდეთ ყველა ინგრედიენტის დოზა.

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top