თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > ტორტი პანჩო – უგემრიელესი დესერტი არაჟნის კრემით და ჩირებით

ტორტი პანჩო – უგემრიელესი დესერტი არაჟნის კრემით და ჩირებით

დღევანდელი ახალი რეცეპტი გახლავთ ტორტი “პანჩო”. თავიდანვე გეტყვით, რომ მისი გაკეთება ნამდვილად ღირს და ძალიან გემრიელია. თუმცა ვიზუალი მაინცდამაინც არ გამოირჩევა დახვეწილობით. ჩვეულებრივი ტორტებისგან განსხვავებით ამ ტორტის ბისკვიტი იჭრება კუბებად და შემდეგ უნდა ავაწყოთ მომრგვალებული , ცოტა პირამიდის მსგავსი დესერტი. როცა ამ ტორტს მეორედ გავაკეთებ, ჩვეულებრივ ფენებად გავჭრი და ისე ავაწყობ, რადგან არაჟნის კრემი ისედაც თხელია და ამ კუბების ლამაზად აწყობა, ცოტა არ იყოს, გამიჭირდა. თანაც არ ვფიქრობ რომ ამას რაიმე განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. უფრო ლამაზი და ისეთივე გემრიელი გამოვიდოდა ფენებად დალაგების შემთხვევაშიც.

pancho

 

ბისკვიტი

  • 2 კვერცხი
  • 60 გ შაქარი
  • 1/3 ჩ.კ სოდა+ლიმონის წვენი
  • 60 გ ფქვილი
  • 2 ჩ.კ კაკაო
  • 3 ჩ.კ ზეთი
  • მწიკვი მარილი

კრემი:

  • 600 გ ხარისხიანი არაჟანი, 20%
  • 100 გ შაქარი
  • დაჭრილი ნიგოზი
  • 80-80 გ ალუბლისა და ანანასის ჩირი

 

  • 60 გ შოკოლადი
  • 1 ს.კ არაჟანი

 

ცოცხალი ალუბლები მოსართავად (აუცილებელი არ არის)

 

მთლიანი კვერცხები  ავთქვიფოთ შაქართან ერთად რამდენიმე წუთის განმავლობაში. უნდა მივიღოთ მუსისმაგვარი, ფუმფულა და ჰაეროვანი მასა. დავამატოთ ზეთი, სოდა+ლიმონის წვენით, გაცრილი ფქვილი და კაკაო. გამოვაცხოთ 18-20 სმ დიამეტრის ფორმაში, 170 გრადუსზე. ფორმას ძირში ჩავაფინოთ ქაღალდი, გვერდებზე ცხიმი არ წავუსვათ – გამოცხობის შემდეგ დანით შემოვუტაროთ გვერდებზე და ბისკვიტი ადვილად ამოვა.

გაციებული ბისკვიტი გავჭრათ შუაზე.  1 ქვედა ფენა დავტოვოთ 1 სმ სისქეზე, დანარჩენი ბისკვიტი დავჭრათ პატარა კუბებად.

მთლიან ფენას წავუსვათ კრემი და დავალაგოთ ჩირები და ნიგვზები. შემდეგ დავფაროთ დაჭრილი ბისკვიტებით, თან ისე, რომ ტორტის დიამეტრი მცირდებოდეს. შემდეგ კვლავ კრემი გადავუსვათ, ისევ ჩირი და ნიგოზი მოვაყაროთ. დავფაროთ დარჩენილი ბისკვიტით.  ბოლო ფენასაც გადავუსვათ კრემი, მოვასხათ შოკოლადის მინანქარი და მოვრთოთ ალუბლებით (ან ისევ ჩირებით).

_DSC0098

panch

კრემი: არაჟანს დავამატოთ შაქარი და ცოტა ხნით  დავტოვოთ ოთახის ტემპერატურაზე რომ შაქარი ჩადნეს. შემდეგ ავთქვიფოთ და შევაბრუნოთ მაცივარში. კრემი სქელი არ არის, მაგრამ  ეს ასეც უნდა იყოს. მაცივარში შედარებით შესქელდება. წასმის დროს კიდეებთან ძალიან ახლოს ნუ მოასხამთ, რადგან თხელი კონსისტენციის გამო გვერდებზე იღვრება.

მინანქარი:  თასში მოვათავსოთ არაჟანი და შოკოლადი, დავამატოთ 2 ს.კ.  წყალი. დავდგათ ორთქლის აბაზანაზე და გავადნოთ. კარგად ავურიოთ.

მზა ტორტი რამდენიმე საათით (უკეთესია მთელი ღამით) შევდოთ მაცივარში.

ბონ აპეწი ;)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top