თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 2+ სთ > ტორტი მოცვისა და ქრიმჩიზის არომატით

ტორტი მოცვისა და ქრიმჩიზის არომატით

                                                                                                                                                                    “ყველაფერი, რაც ძალიან მინდა ან ამორალურია, ან უკანონო, ან ასუქებს”

Alexander Woolcott

დესერტების მზადება, შეიძლება ითქვას, არასოდეს მეზარება. თითქმის არასოდეს.  გაკეთებაც და მირთმევაც სიამოვნებას მანიჭებს, ერთი ეგაა, ამ სიამოვნების დოზებს ვაკონტროლებ :)  შეგიძლიათ, ჩემსავით, დღის პირველ ნახევარში მიირთვათ დესერტები,  კალორიების დახარჯვა რომ მოასწროთ და სინდისის ქენჯნამაც არ შეგაწუხოთ :)  ბოლოსდაბოლოს, ჭამა ხომ სიამოვნებაა .

ერთი შეხედვით, რეცეპტი რთული მოგეჩვენებათ, “საჩალიჩო” – ჟარგონზე რომ ვთქვათ, მაგრამ დროის სწორად გადანაწილების შემთხვევაში ყველაფერი მარტივი ხდება :)  რა თქმა უნდა აუცილებელი არ არის, თქვენც მოცვი გამოიყენოთ სუფლეს არომატისთვის, ნებისმიერი კენკრით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ, გაყინული ხილი ამ შემთხვევაში კარგი გამოსავალია.

 

მაშ ასე, თუ გადაწყვეტთ მოამზადოთ,  კითხვა განაგრძეთ და მოიმარაგეთ:

 

ბისკვიტი

6 კვერცხი

300 გ შაქარი

200 გ ფქვილი

1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

5 ს.კ გამდნარი კარაქი

მწიკვი მარილი

ვანილი

 

მოცვის სუფლე

280 გ მოცვი

2 ფურცელი (2 გ) ჟელატინი  (რაოდენობა დამოკიდებულია ჟელატინის ხარისხსა და სიმაგრეზე)

300 გ ნაღები მაღალპროცენტიანი

3 ს.კ შაქრის პუდრა (ან გემოვნებით)

ვანილი

 

მეორე კრემი:

275 გ კრემ-ყველი

2 კვერცხის გული

60 გ შაქარი

20 მლ წყალი

300 მლ ნაღები

2 ს.კ შაქრის პუდრა

 

მინანქარი

80 გ ნაღები მაღალპროცენტიანი

90 გ შაქარი

30 გ კაკაო

6  გ ჟელატინი

100 მლ წყალი

_DSC0072

 

კვერცხის გული და ცილა გავაცალკევოთ. ცილას დავაყაროთ მარილი და ვთქვიფოთ. დავამატოთ შაქარიც და მოვამზადოთ მკვრივი ბეზე. ხელის სათქვეფით, მიქსერის გარეშე შევურიოთ გულები, დავაცრათ ფქვილი+გამაფხვიერებელი და ფრთხილად ავურიოთ. ბოლოს ვამატებთ ცხიმს

24 – 26 სმ დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი ძირზე, წავუსვათ ცხიმი და ჩავასხათ ცომი. გამოვაცხოთ 170-180 გრადუსზე დაახლოებით

 

სუფლე: ჟელატინი დავალბოთ ინსტრუქციის მიხედვით.

მოცვი დავაბლენდეროთ, გავატაროთ მსხვილ საწურში მსხვილი ნარჩენების მოსაცილებლად.

ნაღები ავთქვიფოთ პუდრასთან და ვანილთან  ერთად,  ჟელატინს გადავუწუროთ ზედმეტი წყალი,  გავადნოთ და შევურიოთ ნაღებს მოცვის პიურესთან ერთად.

ბისკვიტი გადავჭრათ სამ ნაწილად. ფენებს შუა წავუსვათ კრემ სუფლე და შევდგათ მაცივარში რამდენიმე საათით. სუფლე რომ გამაგრდება, მოვამზადოთ მეორე კრემი.

მეორე კრემი: შაქრითა და წყლით მოვამზადოთ სიროფი, ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 3-4 წუთი. პარალელურად ავთქვიფოთ კვერცხის გულები მიქსერით და დავასხათ მდუღარე სიროფი. ვთქვიფოთ რამდენიმე წუთი, მივიღებთ მსუბუქ, ჰაეროვან მოთეთრო მასას. შევათქვიფოთ კრემ-ყველი. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები პუდრასთან ერთად. შემდეგ შევაერთოთ ეს ორი მასა. ეს კრემი წავუსვათ ტორტს გვერდებზე და ზემოდან.. შევაბრუნოთ მაცივარში გასაციებლად. მინანქრის დასხმამდე, კრემი კარგად უნდა გაცივდეს და ზედაპირი გაუმაგრდეს.

*მეტი კომფორტისთვის, კარგი იქნება თუ ორ სხვადასხვა ზომის გვერდებმოსახსნელ  ფორმას გამოვიყენებთ. 1 ტორტის ზომის, რაშიც გამოვაცხეთ – სუფლეს დასხმის დროს გამოგვადგება. შემდეგ გადავიტანთ მეორე, დიდი ზომის  ფორმაში, დავასხამთ მეორე კრემს და მაცივარში შევდებთ.

მინანქრისთვის 4 წუთი ვადუღოთ წყალი და შაქარი.  გადმოვიღოთ ცეცხლიდან, ოდნავ გავაგრილოთ და ჩავადნოთ შიგნით ჟელატინი. შევურიოთ ნაღები და კაკაო. გავწუროთ, გავაციოთ და დავასხათ ტორტზე რამდენიმე ფენად. ჟელატინის დახმარებით, მინანქარი პრიალა, სარკისებურ ეფექტს ინარჩუნებს  და რბილიც რჩება.

_DSC0005 copy

გემრიელად მიირთვით :)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top