თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ტომატის სუპი

ტომატის სუპი

ზაფხულის ნეტარ ხვატს ერთი გემრიელი ცხელი სუპი თუ არ შევაშველეთ, რაა მამული?!  :)

ცხელი, ქაფქაფა სუპისთვის დაგჭირდებათ:

სტაფილო – 2 ცალი

ნიახური – 2/3 ღერი

ხახვი – 2 საშუალო ზომის თავი

ნიორი – 2 კბილი

ზეთისხილის ზეთი – 3 სუფრის კოვზი

ქათმის ან ბოსტნეულის მშრალი ბულიონი – 2 კუბიკი

ტომატის პიურე –  200 გრამი

პომიდორი – 3 – 4 ცალი

ცოცხალი ბაზილიკი ან რეჰანი – 1 პატარა კონა

მარილი და ახლად დაფქული შავი პილპილი გემოვნებით

კერძი მარტივია, მზადდება დაახლოებით 25-30 წუთში, იმის მიხედვით თუ როგორ სხარტად იტრიალებთ სამზარეულოში.

პირველ რიგში დაჭერით ხახვი, სტაფილო, ნიახური, ნიორი და ეს ყველაფერი ნელ ცეცხლზე შუშეთ ზეთისხილის ზეთში, მაქსიმუმ 10 წუთის განმავლობაში. არ დაგავიწყდეთ პერიოდულად ურიოთ ხის კოვზით.

ნიახურმა და ნიორმა საოცარი სურნელი დაატრიალა სამზარეულოში <3

ცალკე ადუღებულ, ქაფქაფა წყალში გახსენით მშრალი ბულიონის კუბიკები, ასევე გაფცქვენით და დაჭერით პომიდორი, დაუმატეთ ტომატ პასტა და ჯერ ბულიონი, ხოლო შემდგომ პომიდორის მიქსი ჩაუშვით ქვაბში ( სადაც წინასწარ დაჭრილი ინგრედიენტები ნელ ცეცხლზე იშუშება).

სუპი მიიყვანეთ ადუღებამდე და იდუღოს 10-15 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. ამის შემდეგ გადმოდგით, ჩააჭერით ქორფა რეჰანი (თუ ბაზილიკი გაქვთ მე მშურს თქვენი) და ხელის ბლენდერით ერთიან მასად აქციეთ ცხელ-ცხელი სუპი.

შეკმაზეთ გემოვნებით მარილით და ახლად დაფქული შავი პილპილით.

 

ტომატის სუპი
ტომატის სუპი

პ.ს. ვხუმრობ, თორემ მთლად პირს ნუ დაითუთქავთ, გრილადაც შეგიძლიათ მიირთვათ. :)

რეცეპტისთვის მადლობა უგემრიელეს ჯემი ოლივერს. 

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
If you want to tell people the truth, make them laugh, otherwise they'll kill you.” ― Oscar Wilde თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://eatandtour.com

Leave a Reply

Top