თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > ტირამისუს იმიტაცია

ტირამისუს იმიტაცია

ხომ არის მომენტები, როცა რამე გემრიელი გინდა, მაგრამ ცხობის არც დრო გაქვს და არც სურვილი…   ერთ ასეთ საღამოს  გადავწყვიტე ამ  ”ტირამისუს” გაკეთება.  უფრო სწორად, მაღაზიაში სავოიარდის ორცხობილების დანახვამ მომანდომა ტირამისუ და რადგან ახლომახლოს მასკარპონეს ვერსად ვიშოვიდი,  ასეთი ვარიაცია მომაფიქრდა…

ძირითადი ინგრედიენტებია:

400 გ სავოიარდის ორცხობილა

300 გ ხაჭო (6%)

400 მლ არაჟანი + ნაღების ფხვნილი

ვანილი

დასანამად  ყავა+ვისკი ან ალუბლის წვენი+ვისკი

ხაჭო გავატარე საცერში, ცივი არაჟანი კი ნაღების ფხვნილთან ერთად ავთქვიფე.  საერთოდ, უკეთესი იქნებოდა ასათქვეფი თხევადი ნაღები გამომეყენებინა არაჟნისა და ფხვნილის  ნაცვლად, მაგრამ არ მქონდა. მინდა გითხრათ, ესეც მშვენიერი ვარიანტი იყო, გემრიელი და ხელმისაწვდომი ;)  ნაღების ფხვნილი დაახლოებით 1 ჭიქა შეურიეთ და თუ თხელი მოგეჩვენოთ, მერე შეამატეთ ცოტ-ცოტა. შეურიეთ ერთმანეთს ხაჭოსა და არაჟნის მასა, დაამატეთ ვანილი და თუ საჭიროდ ჩათვლით, შაქრის პუდრაც.

ბისკვიტების დასანამად ზემოხსენებული ორივე ვარიანტი გამოვიყენე.  ჩემი აზრით ყავა ამ შემთხვევაში დიდად არ მოუხდა. ყოველ შემთხვევაში, მე მეორე ვერსია უფრო მომეწონა. მეორე კი იყო ასეთი: უკურკო ალუბლის მურაბა მქონდა, რომელსაც ძალიან კარგად ვიყენებ დესერტებში. ამ მურაბის წვენს დავამატე ცოტა ვისკი და ამ სითხეში 2-3 წამით ჩავდე სავოიარდის ორცხობილები. ჩავალაგე გვერდებიან ფორმაში მჭიდროდ, გადავუსვი კრემი, დავალაგე ალუბლებიც და დავადე მეორე ფენა ბისკვიტები. შემდეგ ისევ კრემი. თავზე შოკოლადის ბურბუშელა მოვაყარე, კაკაოც შეიძლება, რასაკვირველია, როგორც ნამდვილ ტირამისუს :) ერთი ღამით მაცივარში შედგით, შემდეგ კი დააგემოვნეთ :)

შოკოლადის ბურბუშელის ასათლელად ვიყენებ ბოსტნეულის სათლელს. შოკოლადი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, უფრო რბილად იფხიკება, მაგრამ სწრაფად უნდა იმუშაოთ, ხელებში რომ არ ჩაგადნეთ. იყიდება სპეციალური საკონდიტრო შოკოლადის ფილები, რომელიც უფრო რბილია და ზედგამოჭრილია დეკორისთვის, ცალკე საჭმელად არ ღირს მისი გამოყენება, ჩემი აზრით.

ახლა უკვე მარწყვის სეზონიცაა, ვფიქრობ  მოუხდება ამ დესერტს :)

და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ იტალიურ , ნამდვილ ტირამისუსთან არაფერი აქვს საერთო (სავოიარდის ბისკვიტების გარდა :D) მაინც საკმაოდ გემრიელი დესერტია, თან უფრო იაფიც დაგიჯდებათ მისი მომზადება :))

კომენტარები

კომენტარი

4 thoughts on “ტირამისუს იმიტაცია

  1. ეს ბისკვიტები სწრაფად რბილდება სითხეში, ამიტომ თუ დიდხანს ჩადებთ ,ძალიან მორბილდება და დაიშლება. თვითონ უნდა განსაზღვროთ, თუ სითხე ძალიან ბლანტია (ჩემი არ იყო) მაშინ 2 წამით მეტი შეიძლება. ასეთი დეტალები თავად უნდა დაარეგულიროთ, ძნელია გირჩიოთ როცა არ ვიცი კონკრეტულად რას გამოიყენებთ. მაგალითად მარწყვს დააყარეთ შაქარი, წვენს რომ გაუშვებს იმ წვენში დაალბეთ ბისკვიტები, მარწყვები კი შიგნით ჩააყოლეთ :) კარგი გამოვა

  2. ჩვენს ბლოგზე დევს ტირამისუს უკეთესი რეცეპტი, იმ შემთხვევისთვის, თუ მასკარპონე არ გაქვთ. შესაძლებელია მისი ჩანაცვლება ნაღების სხვა კრემ-ყველით. მაგალიტად, თბილისში იყიდება არლას ფირმის BUKO, გამომიყენებია და რეკომენდაციას ვუწევ :)

Leave a Reply

Top