თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ყველაზე გემრიელი ტირამისუ

ყველაზე გემრიელი ტირამისუ

ტირამისუს რამოდენიმე რეცეპტი ჩვენს ბლოგზე უკვე დევს და მათი ნახვა ამ ბმულზე შეიძლება. ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ყველა ძალიან გემრიელია. ამჯერადაც , შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთ ყველაზე კარგ რეცეპტს გთავაზობთ – ვგულისხმობ კრემს, უბრალოდ შესანიშნავია!

როგორც წესი, ტირამისუში უმი კვერცხი გამოიყენება. ეს უსაფრთხო არ გახლავთ და შესაძლოა გახდეს სალმონელოზის წყარო. ტირამისუს ეს კრემი გამორჩეულია იმით, რომ ხდება კვერცხის თერმული დამუშავება.

კრემის რეცეპტის წყარო www.Perfectcook.org -ზე არსებული ეს რეცეპტი გახლავთ., თუმცა 100% -ით არ მივყოლილვარ. ნაღები არ მქონდა და მხოლოდ კვერცხის გული და მასკარპონე გამოვიყენე. ყველას გირჩევთ სცადოთ და გასინჯოთ – იდეალური კრემია.

tiramisu

1 მოზრდილი მინის ფორმისთვის დამჭირდა:

  • დიდი შეკვრა სავოიარდის ბისკვიტები (400 გრამია)
  • 300 მლ მაგარი ყავა ცოტა შაქრით
  • ყავის ლიქიორი kahlua  გემოვნებით (მოგეხსენებათ ღვინო მარსალას აქ ვერ იშოვით, ამიტომ ამ შესანიშნავი ლიქიორით ვუძლიერებ არომატს)

 

კრემისთვის:

  • 500 გ მასკარპონე
  • 6  კვერცხის გული
  • 170 გ შაქარი
  • 50 მლ წყალი

შაქრით და წყლით უნდა მომზადდეს სიროპი: ადუღდეს 121 გრადუსზე. მე თერმომეტრი არ მაქვს და ამ ეტაპს ვარაუდით ვაკეთებ. ვადუღებ დაახლოებით 5 წუთი, საშუალოზე დაბალ ცეცხლზე. სიროპის წვეთს ცივ თეფშზე ან წყალში რომ დაასხამთ, რბილი ბურთივით უნდა გახდეს. პარალელურად ღრმა ჭურჭელში ვთქვეფ კვერცხის გულებს და წვრილ ზოლად ვასხამ მდუღარე სიროპს, თქვეფის შეუწყვეტლად.  მასა ხდება მკრთალი მოყვითალო, ფუმფულა, მუსის მსგავსი და რაოდენობაში თიტქმის ორმაგდება. კარგა ხანს ვთქვეფ, სანამ არ გაგრილდება. ცალკე ოთახის ტემპერატურის მასკარპონეს ვთქვეფ და შემდეგ ერთმანეთში ვურევ. თავიდან კრემი თხელი მოგეჩვენებათ, თან გამუდმებით გაგიჩნდებათ გასინჯვის სურვილი . მაგრამ მაცივარში შედგით და მადა დაიოკეთ, თორემ აღარაფერი დაგრჩებათ :D

პარალელურად, მოამზადეთ ყავა: ხარისხიანი, გემრიელი, მაგარი. ცოტა დაატკბეთ, სურვილის შემთხვევაში. გააგრილეთ და ფართო ჯამში გადაასხით. დაამატეთ kahlua .  ამოავლეთ სავოიარდები ყავაში და ჩაალაგეთ  ჭურჭელში. ზემოდან გადაუსვით კრემი დაადეთ სავოიარდის მეორე ფენა და ისევ კრემი. შედგით მაცივარში მთელი ღამით.  კაკაოს მე მეორე დღეს ვაყრი ხოლმე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top