თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დაბალკალორიული > Tiffany: სხვა ხედი თბილისზე და გემრიელობები

Tiffany: სხვა ხედი თბილისზე და გემრიელობები

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მეტი ხალხი იყრის თავს იქ, სადაც ღია სივრცე, სუფთა ჰაერი და ჩვენს საყვარელ ქალაქზე ლამაზი ხედია.

სინამდვილეში ხომ თბილისი ყოველთვის ლამაზი არ არის, განსაკუთრებით დღისით, როცა მტვრით გაჯერებული ჰაერი ფარავს ყველაფერს, სამაგიეროდ ღამით რომანტიულად განათებული ძველი შენობები აუცილებლად მოგგვრის სიმშვიდეს და შეიძლება საკუთარი თავისაც კი შეგშურდეს, რომ ამ ქალაქში ცხოვრობ :D

თბილისში არსებული თითქმის ყველა ადგილი, საიდანაც ხედებით ტკბობა შეიძლება, უკვე ათვისებული გვაქვს. თუმცა ზოგან მხოლოდ სიტუაციაა კარგი, ზოგან მხოლოდ მუსიკა, ზოგ ადგილას მეტისმეტი ხმაურია, ზოგს კი მენიუ და ფასები აქვს ერთმანეთისგან მეტისმეტად დაშორებული.

ამასწინათ გავიგეთ, რომ კიდევ ერთი ახალი ადგილი გაიხსნა. უკვე კარგად ცნობილი ტიფანის თავზე (ბროსეს ქუჩის ასახვევში, სანაპიროდან), ბოლო სართულზე უკვე ტერასაც იქნება. ჰოდა, მივედით და ვნახეთ.

სანამ კერძების შეკვეთა-დაგემოვნებამდე მივიდოდით, თვალში პირველ რიგში კონცეფცია და შერეული ინტერიერის დიზაინი მომხვდა. ყველაფერი მიანიშნებდა, რომ ეს ადგილი ბართან შემოსაჯდომად და იაფფასიანი ლუდის საწრუპად არ არის მოგონილი.

რაც აქვთ, წესით გემრიელიც უნდა იყოს, მართალია ფასები არ იკბინება, მაგრამ ჩვენ ხომ მაქსიმუმს ვითხოვთ? ;)

მენიუს გადავხედეთ და რაკი ყველასთვის საყვარელს ერთ პროდუქტზე ვერ შევთანხმდით, ჩვენ-ჩვენი ფავორიტები ავირჩიეთ. ერთმა სუპი და სალათი (დიეტურად), მეორემ ოთხი ყველის პასტა იტალიურად, ხოლო მესამემ – ნაქები ზღვის პროდუქტების გასინჯვა გადავწყვიტეთ.

ამასობაში მივიხედ-მოვიხედეთ და დავინტერესდით, სად ვართ. ადგილი აშკარად ახალგახსნილია, ყველაფერს სიახლის სუნი აქვს. ხალხიც ხალვათადაა. აქაც, ალბათ ისევე, როგორც ყველგან, პარასკევ-შაბათ-კვირას ტევა არ იქნება. ხალისიანი ფერებია, ბარებისა და ტერასების უმრავლესობა ხომ მუქ ფერებშია გადაწყვეტილი. აქ რატომღაც სხვანაირად გადაუწყვეტიათ.

ჭერს ვაკვირდები და ვხვდები, რომ იხსნება. Voila! ანუ ეს ტერასა შეიძლება იყოს ღიაც და დახურულიც და თუ ზაფხულში მოვალ და უცებ იწვიმებს, გაქცევა არ მომიწევს, სახურავს დაკეტავენ? რა მაგარია. ეს უკვე მომწონს <3

სტარტერი

ამასობაში სტარტერი – ცივი გასპაჩო მოაქვთ.

ზომიერად ცხარეა, ცეცხლს არ წაგიკიდებს. რაც მთავარია – ცინცხალი (ანუ “Fresh”). მაღალ ქულას იმსახურებს.

სალათი

სტეიკ-სალათი რომ მედიუმ (საშუალოდ შემწვარი) ხორცით უნდა იყოს, ვიცი, მაგრამ ჩემი გამოსწორება არ იქნება. ამიტომ კარგად შემწვარი ხორცის დანახვა ფოტოზე არ გაგიკვირდეთ. მთავარია, რომ ხორცი ურბილესი და წვნიანი იყო (თითქმის ბოლომდე შეწვის მიუხედავად), ხოლო ბოსტნეული გემრიელი დრესინგით დანამული, ბონუსად ყველის ფირფიტებით <3

პასტა 4 ყველით

ყველის ფირფიტები ბლომადაა პასტაზეც, 4 ყველით. ამ ფოტოზე კარგად არ ჩანს, მაგრამ შემწვარი ყველის კრაწუნა ფირფიტაც მოყვება, გნებავს დეკორაციად, გნებავს – პირის ჩასაგემრიელებლად.

პასტას ყველის ნაკლებობად ვერ დააბრალებ. აი თვითონ ფეტუჩინი კი ცოტა ზედმეტადაა მოხარშული. ალბათ წინა მომხმარებელმა ალ დენტე დაიწუნა და მოუხარშავი ეგონა და ჩემი წილი ზედმეტად მოხარშეს :D

რა თქმა უნდა, მიმტანს ღიმილით ვუთხარით, რომ ცოტა ნაკლებად მოხარშული აჯობებდა და შეგვპირდა, რომ გადასცემს შეფს :)

სამაგიეროდ გემრიელია ^_^

ზღვის პროდუქტები

ფიქრიამ ზღვის პროდუქტების მოზრდილი თეფში შეუკვეთა. მოკლედ, რაც თევზის ჭამა დაიწყო, ვეღარ ვაჩერებთ :D გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი უნდა გასინჯოს.

მე კი, სად გავამხილო, მხოლოდ თევზი მიყვარს. სამაგიეროდ თეფშის მეორე ნახევარი სრულად ჩემი მეგობრების განკარგულებაშია, მშვენივრად მოვრიგდით :D

ჩემი მეგობრები ძალიანაც გაბედნიერდნენ და კრევეტები, კალმარის რგოლები, მიდიები და რვაფეხები გემრიელად ჩააკრაჭუნეს.

ამბობენ, რომ ადამიანები, რომლებიც ზღვის პროდუქტებს ხშირად მიირთმევენ, სხვებზე დიდხანს ცოცხლობენ. ზღვის ცილა უფრო პროდუქტიული და ნაკლებადკალორიულია, შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს, რკინას, ფოსფორს, ბევრ სხვა რამეს, რაც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ორგანიზმს.

თუმცა, ჩვენ ხომ არც ისე ახლოს ვართ ზღვასთან და რაც ჩვენს საკუთარ ზღვაში გვაქვს, იმის მოპოვებაზეც არ მოუკლავთ წინაპრებს დიდად თავი. ამიტომ, ზღვის ნობათი ჩვენში მაინც საკმაოდ ახალი ხილია და ბოლო დროს გახდა პოპულარული.

სამწუხაროდ იმ რესტორნების პოვნა, სადაც ეს პროდუქტები ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადმოლახული  და ამდენი მგზავრობით, გაყინვითა და გალღობით, უკვე შელახული არ არის, საკმაოდ ცოტაა.

ამიტომ, მე მგონია, ზღვის პროდუქტების მოყვარულებს ნამდვილად უნდა გაუხარდეთ და მოეწონოთ ტიფანის სამზარეულო :) ყოველ შემთხვევაში, ადგილზე ნანახმა და შემდეგ მეგობრისგან მოპოვებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, თუ როგორ ახდენენ ზღვის პროდუქტების იმპორტს, როგორი მონდომებით იცავენ HACCP-ის სტანდარტებს და რამხელა ყურადღებას უთმობენ კერძებისთვის ინგრედიენტების შერჩევას, ნამდვილად გამიჩინა ეს ნდობა და სიმპატიები Tiffany Terrace-ს მიმართ.

ამ ყველაფრის გარდა მენიუში საკმაოდ ბევრი სხვა რამ ვნახეთ, რა თქმა უნდა, ყველაფრის გასინჯვას ვერ მოვასწრებდით. თან სხვა დროსაც, უკვე ტკბილეულზე ვაპირებ სტუმრობას, ან კოქტეილებზე, როგორც კი კარგად დათბება ;)

მომავალ შეხვედრამდე <3

P.S. დამავიწყდა მეთქვა. მენიუში მითითებულ ფასებს საკომისიო აქ აღარ ემატება!

[inline_related_posts]

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top