თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ევროპული > თევზი და კარტოფილი

თევზი და კარტოფილი

ფართოდ გავრცელებული აზრია, რომ თევზის და კარტოფილის კომბინაცია წმინდა სისხლის ინგლისური კერძია. მეც ასე მახსოვდა, შეიძლება იმიტომ, რომ ყველაზე ხშირად სწორედ ეს კერძი მხვდებოდა მაშინ, როდესაც ინგლისურ ენას ვსწავლობდი და ვეცნობოდი დიდი ბრიტანეთის ისტორიას, კულტურას . . .
ორივე მხრიდან, ზეთში კარგად შემწვარი თევზი, ჩიფსთან ერთად – სწორედ ამ ფორმით არის ეს კერძი გავრცელებული დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და სამხრეთ აფრიკაში.
თუმცა მივყვეთ ისტორიას . . .
თავდაპირველად თევზი და ჩიფსი დიდი ბრიტანეთის მუშათა კლასის წარმომადგენლებს შორის გახდა პოპულარული, მას შემდეგ, რაც XIX საუკუნის მეორე ნახევარში ელვისებურად განვითარდა ქალაქებს შორის ნაოსნობა და თევზის რეწვა ჩრდილოეთის ზღვაში.
ჩვენთვის ცნობილი, თევზისა და ჩიფსის პირველი მაღაზია გახსნა ჯოზეფ მალინმა, ლონდონში, 1860 წელს.
დაახლოებით ამავე პერიოდში გამოჩნდა სწორედ ჩიფსებიც (ბლომად ზეთში შემწვარი წვრილად დაჭრილი კარტოფილი), როგორც ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონი გვამცნობს, პირველად ჩიფსების შესახებ ვკითხულობთ ჩარლზ დიკენსის 1859 წელს გამოქვეყნებულ რომანში “ორი ქალაქის ამბავი”: “შიმშილი უხილავ ნაწილაკებად იშლებოდა ზეთში მოშუშხუნე ხრაშუნა ჩიფსების თითოეულ ამოფეთქვასთან ერთად . . . ”
მოგვიანებით, XIX საუკუნის შუა წელს, კერძი უფრო ფართოდ გავრცელდა ლონდონის და სამხრეთ–აღმოსავლეთ ინგლისის ფარგლებში.
ამას, ისევ ჩარლზ დიკენსის დახმარებით ვხვდებით, ვკითხულობთ რა ოლივერ ტვისტში – “შემწვარი თევზის დუქანი”, “ოლივერ ტვისტი” კი პირველად 1838 წელს გამოქვეყნდა.
ბრიტანეთში თევზის სიყვარული ამით არ მთავრდება, საყოველთაოდ ცნობილია, ლონდონის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, უძველესი, ბილინგსგეითის თევზის ბაზარი, რომელიც ყველა სახეობის თევზის ბაზრად, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის, 1699 წლის დადგენილების საფუძველზე იქცა.
ეს სწორედ ის ბაზარია, სადაც ჯორჯ ორუელი მუშაობდა მტვირთავის დამხმარედ, 30–იან წლებში.
––––––––

1961 წელი, ბილინგსგეითის თევზის ბაზარი – ორი მტვირთავი
porter

იხილეთ ვიდეო რეპორტაჟი

დღეს თევზი შევწვი, არა ტრადიციულად მჭადის ფქვილის საფანელში ამოვლებული, არამედ სპეციალურად მომზადებულ საკმაზში და თანაც “შევწვი” ღუმელში, სპეციალურ ცელოფანში, რის დახმარებითაც ყალიბიც და ღუმელიც თევზის შხეფებს გადაურჩა და თევზმა კი, მოიშუშა რა არაჩვეულებრივ წვენში, საოცარი არომატები და გემო შეინარჩუნა.

პიკანტური საკმაზისთვის პატარა თასში ჩავასხი სიმინდის ზეთი, ზეთისხილის ზეთი, დავუმატე მარილი, ცოტა ძმარი, ბაზილიკი და როზმარინი, კარგად ავურიე და დავასხი პატარა ნაჭრებად დაჭრილ თევზს.
ღუმელი 200–250 გრადუსზე გავაცხელე და ცელოფანში მოთავსებული თევზი ღუმელში შევდგი გამოსაცხობად.
რადგან ჩიფსი არც თუ ისე ჯანსაღ საკვებთა რიგს მიეკუთვნება, ჩემს დღევანდელ მენიუში თევზის გარნირად, უბრალოდ კარტოფილის პიურე შევარჩიე.
მარტივად, მოხარშეთ კარტოფილი, გაქენით კარაქში და შეკმაზეთ კამით და მარილით გემოვნებით.

რა გამოვიყენე:

  • 400 გრამი – თევზი
  • 2 ს/კ – სიმინდის ზეთი
  • 2 ჩ/კ – ზეთისხილის ზეთი
  • 1 ჩ/კ – როზმარინი
  • 1 ჩ/კ – ბაზილიკი
  • მარილი გემოვნებით

გარნირისთვის

  • 300 გრ – კარტოფილი
  • 1 ს/კ – მცენარეული კარაქი
  • 1 კონა – კამა
  • მარილი გემოვნებით

გაამოთ!

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

5 thoughts on “თევზი და კარტოფილი

  1. საინტერესო და ინფორმაციული სტატია-რეცეპტი გამოგივიდა თამუნა :)

  2. ეს უფრო მოთუშულს ჰგავს :/ მე ეგეთები არ მიყვარს :დ იმენა ტაფაში ზეთში შემწვარი მიყვეარს ^^

    და ჰო, ვერც ვიფიქრებდი რომ არსებობდა სპეციალური ცელოფანი რომლის დამარებიტაც იცავ ღუმელს ბევრი რამისგან ო.ო

    1. არა რა მოთოშილი, ესეც შემწვარია ღუმელში, თუ დააცდი კიდევ უფრო შეიოწვება და წვნიანად, უგემრიელეს წვენს უშვებს <3

      პ.ს. საერთოდ თევზს დიდ ხანს შეწვა არ უყვარს, მაქსიმუმ 3-4 წთ თითო მხარეს, მერე კარგავს გემოს და იძენს ზეთის და ტაფის და საფანელის გემოს :დ

      1. ე.ი მე თევზი კი არა შემწვარი საფანელი და ზეთი მიყვარს თევზის არომატით :დ

Leave a Reply

Top