თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > ტარხუნისა და სტაფილოს კექსი

ტარხუნისა და სტაფილოს კექსი

რეცეპტი პირველად დაიბეჭდა ჟურნალ კულინART-ის ივნისის ნომერში (06/2015)

ცხოვრებაში უამრავი საინტერესო რამე ხდება და კულინარიით ჩემი გატაცებაც ერთ-ერთია იმ საინტერესო ამბავთაგან, რომელიც ცხოვრების გზაზე შემომეყარა და ალბათ მუდამ თან გამყვება. არადა, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ უცხო ქვეყანაში გადაცხოვრება მომიხდა, ჯერ საკუთარ თავზე, უფრო სწორად – კუჭზე ზრუნვა დავიწყე, შემდეგ კი პატრიოტულმა გრძნობებმა შემიპყრო და როგორც ქართველებს გვჩვევია, დავიწყე უცხოელი მეგობრების გადმოპატიჟება და გოზინაყ-ხაჭაპურ-ნიგვზიანიბადრიჯნებით გამოკვება, მერე ახსნა, როგორ მზადდება თითოეული მათგანი და.. მოკლედ, ამ ყველაფრისგან თავმობეზრებულმა ერთ შუაღამესაც პატარა ბლოგის გაკეთება გადავწყვიტე.

ბლოგის წერა ისეთი მარტივი სულაც არ აღმოჩნდა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა, მითუფრო – ჩემნაირი შემთხვევითი კულინარისთვის. ხან ინგრედიენტები მაკლდა, ხან კი სიტყვათა მარაგი ამ ინგრედიენტების უცხო ენაზე ჩამოსათვლელად. მოკლედ, ჩემი ენთუზიაზმი ზუსტად იქამდე მიმყვა, სანამ ვირტუალურ სამყაროში ნინოს არ გადავეყარე. მაგრამ ნინოზე სხვა დროს მოგიყვებით.

დღეს ჩვენი ბლოგი უკვე 7 წლისაა და რამდენიმე ასეულ, დიდი სიყვარულით შექმნილ გემრიელ რეცეპტს იტევს. ვამაყობთ, რომ ჩვენ გვენდობიან გამოცდილი კულინარებიც და დამწყები მოყვარულებიც.

რა თქმა უნდა, ძნელია შექმნა რამე ახალი, თითქმის ყველაფერი ხომ უკვე მოიგონეს, აქ თუ არა, სხვა ქვეყანაში მაინც. მაგრამ ექსპერიმენტების გარეშე კულინარია წარმოუდგენელია.

სწორედ ასე მოხვდა არცთუ დიდი ხნის წინათ ჩემს კექსში ტარხუნა.

ეს როგორ, ტარხუნას კექსში რა უნდაო, შეიცხადეს ჩემებმა, ზუსტად ისე, როგორც ოდესღაც მე გამაოცა სტაფილოს აღმოჩენამ ნამცხვარში. და რატომ? ტკბილ ლიმონათს თუ უხდება ტარხუნა, ჩაქაფულს კი – ტყემალი, რომელიც თავდაპირველად ხილად იყო ჩაფიქრებული და არა ბოსტნეულად, მე ვინ მიშლის, ნამცვარი ტარხუნით გავაფერადო?

გასინჯეს და მოეწონათ.

 

taragon_cake

 

ინგრედიენტები:

კვერცხი – 3 ც.

ხორბლის ფქვილი – დაახლოებით 3 ჭიქა ან ცოტა მეტი

შაქარი – 3 ჩაის ჭიქა

მაწონი (ან რძე) – 100 გრ

კარაქი – 100 გრ

სტაფილო – 3 ცალი, პატარა

ტარხუნა – 1 კონა (მსხვილი ღერების გარეშე).

ფორთოხლის ცუკატები – 2 სუფრის კოვზი

ვანილი, მწიკვი მარილი

გამაფხვიერებელი – 1 ჩ/კ (ან ამდენივე სოდა ძმრით)

 

taragoncake

თასზე გაადნეთ კარაქი, თბილშივე შეურიეთ შაქარი, შემდეგ შეათქვიფეთ კვერცხი მიქსერით ან ხელის სათქვეფით. დაუმატეთ მწიკვი მარილი, მაწონი, ვანილი, ფორთოხლის ცუკატები. შემდეგ ნაზად შეურიეთ მსხვილ სახეხზე დახეხილი სტაფილო და წვრილად დაჭრილი ტარხუნა (ტარხუნის უხეში ღერები გადაყარეთ, მხოლოდ რბილი და ფოთლოვანი ნაწილი გამოიყენეთ). ბოლოს დაამატეთ გამაფხვიერებელი, ან სოდა ძმრით და ნაზი მორევით შეურიეთ ახალგაცრილი ხორბლის ფქვილი. გაითვალისწინეთ, რომ მიღებული ცომი უნდა იყოს არაჟანზე ოდნავ სქელი, ამიტომ ფქვილის რაოდენობა შეგიძლიათ თავად დააკორექტიროთ.

ცომი გადაიტანეთ სასურველ ფორმაში და გამოაცხვეთ ღუმელში, 200 გრადუსზე. 30 წუთის მერე გასინჯეთ ჩხირით, თუ გულიდან ჩხირი მშრალი ამოვიდა, ესე იგი კექსი მზადაა.

მიირთვით ჩაისთან ერთად.

trxunisnamcxvari

 

რ ჩ ე ვ ა :

მზა კექსი რომ არ გამოგიშრეთ, ცხელივე გაახვიეთ ჩაის ტილოში, გარედან კი საკონდიტრო ან ჩვეულებრივი ცელოფანი შემოახვიეთ და ისე გააგრილეთ. ეს მეთოდი თქვენს კექსს არომატთან ერთად სინოტივეს და სირბილეს შეუნარჩუნებს.

ფოტოები:

ფიქრია გოგინაშვილი, ეკა ონიანი, Ratatui Food & Media

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

One thought on “ტარხუნისა და სტაფილოს კექსი

  1. I was more than happy to uncover this great
    site. I wanted to thank you for ones time for this particularly fantastic read!!
    I definitely really liked every bit of it and I have you
    saved as a favorite to look at new stuff in your website.

Leave a Reply

Top