თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > ლაიმისა და მარწყვის ჩიზქეიქი ცხობის გარეშე

ლაიმისა და მარწყვის ჩიზქეიქი ცხობის გარეშე

ვიცი რომ საქართველოში მარწყვის სეზონი რა ხანია დასრულდა, მაგრამ კალიფორნიაში ფანტასტიური ამინდების გამო ყოველთვის ყველაფრის სეზონია. აქ ყველაფერი სხვანაირადაა, მუდამ მზე ანათებს, მუდამ ყვავილობენ მცენარეები, მუდამ ყველანაირი ხილ-ბოსტნეული იყიდება ბაზრებში და მხოლოდ სურვილი, ცოტაოდენი დრო და ბლომად ფული გჭირდება გასტრონომიული სურვილების ასასრულებლად.

ჩიზქეიქები ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ შემიყვარდა, იმიტომ რომ მისი წესების დაცვით მომზადება დავიწყე, ისე როგორც აქ, ამ დესერტის სამშობლოში ამზადებენ, ქრიმ-ჩიზით (თუ კრემ-ყველი უფრო უხდება?) აქ ხომ 1ცალი 250 გრამიანი კოლოფი 9 ლარი არ ღირს, როგორც თბილისის კარფურში, ისიც თუ გაგიმართლებდა და საერთოდ იშოვიდი. ნამდვილ ჩიზქეიქს, სამწუხაროდ, ვერც თბილისის საკონდიტროებში მიირთმევთ, უმრავლეს მათგანში მთლიანად იაფფასიანი არაჟნით მზადდება(რომელიც როგორც შესაბამისი კანონის მიღების შემდეგ აღმოჩნდა “არაჟნის მაგვარი” რაღაც გაუგებარი ცხიმების ნაერთია).

ორი დესერტი, რომელსაც არასოდეს ვჭამდი საქართველოში სახლის გარეთ (თუმცა მე საერთოდ იშვიათად ვჭამ სახლის გარეთ), ჩიზქეიქი და ტირამისუა. თქვენც იგივეს გირჩევთ, თუ კი ნამდვილად დარწმუნებული არ ხართ დაწესებულებასა  და კონდიტერში, პირადად არ იცნობთ ან უბრალოდ სულ ერთი არ არის რას მიირთმევთ. იმიტომ რომ ვერც ერთში იპოვით ქრიმ-ჩიზს და ვერც მეორეში მასკარპონეს :D

დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს რეცეპტს. ლაიმი აქ ძალიან იაფია, 1 დოლარად 5-10 ცალის ყიდვა შეიძლება. ამიტომ ლიმონის ნაცვლად ხშირად სწორედ ლაიმს ვიყენებ. ქართულ რეალობაში მისი ჩანაცვლება ლიმონით შეიძლება, რა თქმა უნდა.  “ფილადელფია” ქრიმ-ჩიზის ქართული “ცეცლის ფასი” კი მახსოვს, მაგრამ ალბათ შედარებით ხელმისაწვდომ ფასიანი ანალოგებიც გამოდგება.  მოკლედ, შესაძლოა რეცეპტის გადაკეთებ-გადმოკეთება დაგჭირდეთ (მეც ასე ვიქცეოდი, როცა თბილისში ვცხოვრობდი), თუმცა ახლა მაინც ისე დავწერ, როგორც სინამდვილეში გავაკეთე და რასაც ფოტოზე ხედავთ.

strawberry lime cheese cake

  • 150 გ ფხვიერი ნამცხვარი ე.წ. “პეჩენია”, ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული
  • 3-4 სავსე (თავიანი ) ჩ.კ ნუშის ფქვილი (ვითომ გავაკეთილშობილე, თუმცა შეგიძლიათ გამოტოვოთ :D)
  • 80-100 გ კარაქი
  • 200 გ ქრიმ-ჩიზი “ფილადელფია” ან სხვა მსგავსი
  • 450 გ ნაღები
  • 2 ს.კ არაჟანი
  • 500 გ მარწყვი
  • 1.5 ჩ.კ ჟელატინი
  • 2 ლაიმი (ან 1 დიდი ლიმონი, ლაიმი უფრო მომცროა და სუსტი არომატის)
  • 80გ შაქარი+ 2 ს.კ
  • ვანილი

fvdfv

ჟელატინი დაალბეთ დაახლოებით 50-60 მლ წყალში.

მარწყვის ნაწილი დაჭერით, დაამატეთ 2 კოვზი შაქარი, 1 ლაიმის წვენი და დატოვეთ სანამ წვენს არ გამოუშვებს, რამდენიმე საათით. შემდეგ გადაწურეთ ცალკე.

ნამცხვარი დაფქვით, ან დაფშვენით, გადაიტანეთ  23 სმ დიამეტრის ფორმაში და დაასხით გამდნარი კარაქი (ნუშს თუ ამატებთ, ამ ეტაპზევე შეურიეთ). კარგად აურიეთ და ჩატკეპნეთ. შეგიძლიათ ცოტა გვერდებიც ამოუყვანოთ.  შედგით მაცივარში.

ამასობაში კარგად ათქვიფეთ დარბილებული ქრიმ-ჩიზი, ვანილი, შაქარი, 1 ლაიმის ცედრა+წვენი. დაამატეთ ნაღები და კვლავ ათქვიფეთ სანამ არ იქცევა კრემისებურ სქელ მასად. გაადნეთ ჟელატინი, გააგრილეთ და 2/3 ნაწილი შეათქვიფეთ კრემს. დაამატეთ ხილის ნაჭრები.ხოლო დარჩენილი ჟელატინი -1/3 ნაწილი – შეურიეთ მარწყვის წვენს. წვენი უნდა იყოს დაახლოებით 1/2  ჭიქა ან ოდნავ მეტი, თუ ცოტაა წყლით შეავსეთ.

ჩაასხით ფორმაში კრემი ფორმაში და შედგით ცოტა ხნით მაცივარში ან 10 წუთი საყინულეში. ამასობაში დაჭერით დარჩენილი ხილი თხელ ფირფიტებად და დაალაგეთ ჩიზქეიქზე, შემაგრებულ ზედაპირზე. მოასხით წვენი და შეაბრუნეთ მაცივარში.

dsfedfs

მეორე დღეს არომატული, მსუბუქი და ძალიან გემრიელი დესერტი მზადაა! ისიამოვნეთ და არ დაგავიწყდეთ შთაბეჭდილებები გაგვიზიაროთ ;)

scsacd

 

რა თქმა უნდა სხვა ნებისმიერი სასურველი ხილის გამოყენება შეგიძლიათ, მათ შორის გაყინულისაც. მე გირჩევთ გაყინულის შემთხვევაში ჟელეს ნაცვლად , თავზე მოსასხმელად მოუმზადოთ სოუსი, სახამებლით შესქელებული. ასე უფრო ლამაზად გამოჩნდება.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

3 thoughts on “ლაიმისა და მარწყვის ჩიზქეიქი ცხობის გარეშე

  1. I love what you guys are usually up too. Such clever work and reporting!
    Keep up the wonderful works guys I’ve included you guys to
    my own blogroll.

  2. {რა თქმა უნდა სხვა ნებისმიერი სასურველი ხილის გამოყენება შეგიძლიათ, მათ შორის გაყინულისაც. მე გირჩევთ გაყინულის შემთხვევაში ჟელეს ნაცვლად , თავზე მოსასხმელად მოუმზადოთ სოუსი, სახამებლით შესქელებული. ასე უფრო ლამაზად გამოჩნდება.}
    თუ შეიძლება ამ სოუსის შესახებ ოდნავ უფრო დეტალურად რომ მითხრათ. მხოლოდ გაყინული ხილი+სახამებელი მოვადუღო? ვფიქრობ შეიძლება შაქარიც დასჭირდეს და თუ რაიმე უფრო კონკრეტული რეცეპტივით არსებობს, მადლობელი ვიქნებოდი :) ჩიზქეიზიც პირველად უნდა გავაკეთო და გაყინული ხილითაც პირველად უნდა ვისარგებლო :დდ

Leave a Reply

Top