სტაფილოს და ბროკოლის სუპი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > სტაფილოს და ბროკოლის სუპი

სტაფილოს და ბროკოლის სუპი

ეს სუპი იმ ინგრედიენტებით შეგიძლიათ გააკეთოთ, რაც სახლში მოგეპოვებათ. თუმცა ბროკოლი, მე პირადად, არც ისე ხშირად მაქვს ხოლმე მაცივარში.

ამჯერადაც, სპეციალურად სუპისთვის ვიყიდე, თუმცა, სანამ ბროკოლის სუპის ტრადიციულ რეცეპტს ჩავუჯდებოდი და ინგრედიენტებით შევავსებდი, მაცივარი გამოვაღე და რაც ხელში მომხვდა, გამოვალაგე:

> ბროკოლი – 1 ცალი, საშუალო ზომის
> სტაფილო – 4 ცალი, დიდი
> ბარდა, მოხარშული – 200 გრამამდე
> კარაქი + ზეთი ან მცენარეული ცხიმი + ზეთი (მე მარგარინი “დაჩა” გამოვიყენე და ზეთი 50/50, არ ჩამოუვარდება კარაქით გაკეთებულს)
> სუპის ‘მაკარონი’ – Pasta Stelline ან ნებისმიერი სხვა, პატარა ზომის, სპეციალურად სუპისთვის
> პომიდორი – 2 ცალი
> ტომატი – 1 ჩაის კოვზი
> მწვანე ნიორი (ძირიანად) – 3-4 ძირი
> მარილი, წითელი წიწაკა, ხმელი სუნელები, ინდური სუნელი ქარი (curry), შაშკვლავი
> შაქარი – 2 ჩაის კოვზი

თავდაპირველად სტაფილო დავჭერი საკმაოდ დიდ ნაჭრებად და მოვშუშე ცხიმში. უფრო სწორად, შევბრაწე. ნახევრად მოშუშულს მოვაყარე 2 ჩაის კოვზი შაქარი (უკეთესად იბრაწება და ატკბილებს სტაფილოს). შემდეგ ნელნელა დავამატე დაჭრილი ბროკოლის ღეროები (უფრო დიდხანს უნდა შუშვა, ვიდრე ყვავილედებს), დაჭრილი მწვანე ნიორი, ბარდა, პომიდორი და ტომატი, ბოლოს კი ბროკოლის ყვავილედები. რამდენიმე წუთში კი დავასხი 4 ლიტრამდე ადუღებული წყალი.


წყლის დასხმისთანავე ვყრით პასტასაც (ანუ მაკარონს) და ნელნელა ვაჯერებთ სუნელებით, მარილით და წიწაკით.

მე სვანური მარილი დავამატე, რომელიც ხმელ ქინძს, უცხო სუნელს, ძირას, ნიორს და წიწაკას ისედაც შეიცავს.

ბოლოს კი ხმელი შაშკვლავი და ქარის სუნელიც დავამატე (ეს უბრალოდ ჩემი ბოლოდროინდელი აჩემებაა, ყველაფერს ვამატებ, მაგრამ მართლა მოუხდა:))

პ.ს. ეს რეცეპტი სპეციალურად მარხვის პერიოდს მოვარგე, თუმცა, ვინაიდან მე პირადად არ ვმარხულობ, გამზადებულ სუპს, ჯერ კიდევ დუღილის პროცესში 1 ცალი ათქვეფილი კვერცხიც შევურიე, თან სწრაფად ვურევდი (ალბათ სულ პირველ ფოტოზეც შეამჩნევთ ათქვეფილ კვერცხს). მენდეთ, უხდება :)

კომენტარები

კომენტარი

One thought on “სტაფილოს და ბროკოლის სუპი

Leave a Reply

Top