თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ევროპული > სპაგეტი ორაგულით

სპაგეტი ორაგულით

სამეფო ორაგული – სწორედ ასე ჰქვია ორაგულის ამ სახეობას და ჩემი აზრით, ეს სახელი ზედგამოჭრილია! სამეფოა, აბა რაა, სულ 15 წუთში, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენის და ახალდაფქული პილპილის  დამატებით ღვთაებრივად გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება მისგან. როცა ცოტა დრო მაქვს, ან უბრალოდ მეზარება რაიმე განსხვავებულის გაკეთება, სწორედ ასე ვიქცევი: დაჭრილ-ორაგულს, აი ასეთს, როგორიც ფოტოზეა, ცხიმის თეთრი ძაფებით, ვდებ ტაფაზე, ვასხამ ლიმონის წვენს,ვაპკურებ  ცოტაოდენ ზეითუნის ზეთს, მოვაფრქვევ პილპილს, აუცილებლად ახალდაფქულს და მსხვილ მარილს, უკეთესია ზღვის. შემდეგ 200-230 გრადუსზე გავარვარებულ ღუმელში მივაბრძანებ  მხოლოდ და მხოლოდ 15 -20 წუთით (თევზის ზომის მიხედვით). თუ დიდხანს დატოვებთ ღუმელში, თევზი გამოშრება და მთელ თავის მომხიბვლელობას დაკარგავს, სწორედ ამიტომაა საჭირო მაღალი ტემპერატურა და ნაკლები დრო. ამ 15 წუთში ბოსტნეულის სალათის მომზადებასაც ვასწრებ და ვუალა – ჯანსაღი, გემრიელი და როგორც ფრანგები ამბობენ, გაწონასწორებული სადილიც მზადაა.

ამდენი ვილაპარაკე, არა და სულ სხვა რეცეპტის დაწერას კი ვაპირებ :)  სპაგეტი ორაგულით, ნაღებით და ღვინით ძალიან, ძალიან გემრიელია!  სულ რაღაც 30 წუთში  ამ რაოდენობით 4 ადამიანის დანაყრება შეიძლება.

spaghetti with salmon

ორაგული 300 გ (2 საშუალო ზომის ნაჭერი)

400 გ სპაგეტი

ბაზილიკი (ხმელიც შეიძლება)

½ ჭ თეთრი ღვინო

ნაღები 20-22%- 250 მლ

მარილი

ახალდაფქული შავი პილპილი

 

სპაგეტი მოვხარშოთ მარილწყალში როგორც წესია.

პარალელურად, თევზს გავაცალოთ კანი და ფხები, დავჭრათ კუბებად.

1

ტაფაზე დავასხათ ოდნავ ზეთი და გავაცხელოთ, სწრაფ ცეცხლზე შევბრაწოთ თევზის ნაჭრები ყველა მხრიდან. ამას ორიოდე წუთი დასჭირდება,  ორაგული ძალიან ნაზია და სწრაფად იწვება. დავასხათ ღვინო, წამოდუღებისთანავე  დავამატოთ ნაღები. როცა კვლავ წამოდუღდება,  ცეცხლს დავუწიოთ, ჩავამატოთ გადაწურული სპაგეტი, დაჭრილი ბაზილიკი, პილპილი და ცოტა მარილი. კარგად ამოვურიოთ, 1-2 წუთი ვაცალოთ და ცეცხლიდან გადმოვიღოთ.

spagetioraguli

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

4 thoughts on “სპაგეტი ორაგულით

  1. ნინო ხვალ ვაპირებ ამის გაკეთებას და მაინტერესებს ეს ორაგული სად იყიდე?..მეც რომ ვიყიდო ზუსტად ეგეთი..

    1. სუპერმარკეტებში მოიკითხე თევზეულის განყოფილებაში.ეს ორაგულის ერთერთი სახეობაა, სიომგას რომ ეძახიან, იგივე ატლანტიკის ორაგული

  2. ნინო სურათში რომ ჩანს ნაღების გვერდით რომ დევს მარცხნივ პილპილის საფქვავია?. პილპილის საფქვავები სად იყიდება?.. კუხნა ტვ-ზე რომ გადაცემებია იქ აქვთ პატარა პილპილის საფქვავები ხელით ატრიალებენ და აფრქვევენ სადილს ახალდაფქულ არომატულ პილპილს.აი ეგეთი პილპილის საფქვავი მინდა.მადლობა.

    1. კი, საფქვავია, მაგრამ ეს ერთჯერადია, ანუ რომ დამტავრდება ვეღარ ჩავყრი. ასე იყიდება სუპერმარკეტებში, მაგრამ არსებობს საფქვავები რომელშიც თქვენ ჩაყრით პილპილს, იყიდება სუპერმარკეტებში, ჭურჭლის მაღაზიებში, დანიურში და ა.შ

Leave a Reply

Top