თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > სპაგეტი ბოლონეზე – მარტივი რეცეპტი

სპაგეტი ბოლონეზე – მარტივი რეცეპტი

სპაგეტი ბოლონეზე, ანუ სპაგეტი ბოლონიურად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძია იტალიაში და არა მხოლოდ იტალიაში. აქ, ცოტა ხნის წინ “ჰუგო ბარში” გავსინჯე და გაამართლა. უფრო სწორად, მოლოდინსაც გადააჭარბა <3 იდეაში, ჰუგო ჩილიმის (ნარგილეს) ბარია და აქამდე მეგონა, მხოლოდ ჩილიმის მოწევის განწყობაზე მყოფებისთვის იყო ზედგამოჭრილი. სინამდვილეში ჭამა-სმა დიდად შესარგიც მოსულა ჩილიმის გარეშე :D

ამ კერძის მთელი ხიბლი და მუღამი ბოლონიურ სოუსშია, რომელიც ხორცისგან მზადდება, პომიდორთან, ღვინოსთან და სხვადასხვა გემრიელ ინგრედიენტთან ერთად.

უმთავრესად გამოიყენება საქონლის ხორცი, პასტად კი სპაგეტი, ბავეტი, ტალიატელი ან ფეტუჩინი აჯობებს შევარჩიოთ. ეს ფორმები, როგორც ერთხელ ბარილას შეფ-მზარეულმა აგვიხსნა, ყველაზე მეტად უხდება ბოლონეზე სოუსს ფორმითაც და თან, ცოტა იტალიურ ტრადიციებსაც ხომ უნდა ვცეთ პატივი, თორემ, თუ გაჭირდა, ბოლონეზე სპირალური მაკარონითაც იჭმევა :D

Spaghetti

მოსამზადებლად დაახლოებით საათნახევარია საჭირო. რეცეპტი ერთადერთი და განუმეორებელი არ არის. იტალიის სხვადასხვა მხარეში (და მითუმეტეს – იტალიის გარეთ), ბოლონიური სოუსის რეცეპტში აუცილებლად იპოვით განსხვავებას. ჩვენ ერთ-ერთი მათგანი ავირჩიოთ, შედარებით მარტივი.

მოსამზადებლად დაგვჭირდება:

  • გატარებული ხორცი, საქონლის – 400 გრ
  • სპაგეტი – 400 გრ
  • ნიორი – 2 კბილი
  • ზეითუნის ზეთი – 2 სუფრის კოვზი
  • ხახვი – 1 ცალი
  • სტაფილო – 100 გრ
  • პომიდორი – 800 გრ
  • საქონლის ხორცის ბულიონი – 400 მლ (ამზადებენ ბულიონის კუბიკისგანაც)
  • წითელი ღვინო – 1 ჭიქა <3
  • მარილი და წიწაკა – გემოვნებით
  • პარმეზანი – დახეხილი, თავზე მოსაყრელად
  • მწვანილი – როზმარინი, ბაზილიკი, ორეგანო (უმჯობესია ცოცხალი)

მომზადება:

1. ვაცხელებთ ღრმა ტაფას საშუალო ცეცხლზე და ვიწყებთ ზეთში გატარებული ხორცის მოშუშვას, მარილთან და წიწაკასთან ერთად, სანამ ხორცი არ გაყავისფერდება. ამის შემდეგ, ხორცი გადაგვაქვს ცალკე, თასში.

2. იმავე ტაფაზე ზეთში ვაგრძელებთ დაჭრილი ხახვის მოშუშვას, 5-6 წუთით, შემდეგ თანდათან ვამატებთ დაჭყლეტილ ნიორს, წვრილ კუბიკებად დაჭრილ სტაფილოს, მარილს, წიწაკას და ვშუშავთ, სანამ ყველაფერი არ დარბილდება. ამის შემდეგ ტაფაში თასიდან გადმოგვაქვს ხორციც, მთელი თავისი წვენით და ამბებით :)

3. ტაფაში ვამატებთ გატარებულ პომიდორს, ბულიონს, ღვინოს და ძალიან დაბალ ცეცხლზე ვდგამთ, თითქმის 45 წუთით, სანამ ყველაფერი ძალიან კარგად არ მოიხარშება და არ ჩასქელდება

4. როცა თითქმის მზად იქნება, ვუსინჯავთ გემოს და ვკმაზავთ მარილით, წიწაკით და მწვანილით. როგორც უკვე გითხარით, ტრადიციულად, ძალიან უხდება ცოცხალი ორეგანო, ბაზილიკი და როზმარინი. თუ ცოცხალი არ გაქვთ, გამოიყენეთ გამხმარი მაინც.

5. ბოლო ეტაპზე, ალბათ მიხვდით, რომ სპაგეტი უნდა მოხარშოთ, ტრადიციულად – მარილიან წყალში (აქვე იხ. ხშირად დაშვებული შეცდომები და რჩევები: როგორ მოვხარშოთ მაკარონი), გადაწუროთ და ჩაუშვათ ბოლონეზეს სოუსით სავსე ტაფაში.

6. გადაიტანეთ თეფშზე, მოაყარეთ დახეხილი პარმეზანი და მიირთვით გემრიელად <3

 

რამდენიმე რჩევა:

  • სოუსის მოსარევად გამოიყენეთ ხის კოვზი.
  • სოუსი დიდხანს ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. არ დააჩქაროთ პროცესი და არ მოუმატოთ ალს.
  • თუ გიყვართ, დაამატეთ ნიახურიც. უხდება.

 

P.S. განსაკუთრებული მადლობა „ჰუგო ბარს“

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

2 thoughts on “სპაგეტი ბოლონეზე – მარტივი რეცეპტი

  1. Greetings from Florida! I’m bored to death at work so
    I decided to browse your website on my iphone during lunch break.
    I enjoy the knowledge you present here and can’t wait
    to take a look when I get home. I’m shocked at how fast your blog loaded on my phone ..

    I’m not even using WIFI, just 3G .. Anyways, wonderful blog!

Leave a Reply

Top