
თუ ტკბილეული გიყვართ, ღუმელის ჩართვა კი ძალიან გეზარებათ, სწორედ რომ სათქვენო რეცეპტი მოგიტანეთ :) ეს შოკოლადისა და ბანანის ნამცხვარია გამოცხობის გარეშე! მისი რეცეპტი სადღაც, ინტერნეტში “ყვინთვისას” შემომხვდა და ჩავინიშნე. ძალიან მარტივია და გემოც საკმაოდ ნორმალური. თუმცა, მე პირადად, ჩვეულებრივ-ტრადიციული გამომცხვარი ვერსიები უფრო მხიბლავს. თუმცა ვისთვის როგორ – შეიძლება თქვენ ეს ამჯობინოთ.
- 1 ჭიქა შვრიის ფანტელი
- 100 გ შოკოლადი
- 1 ბანანი
- 2 ს.კ გოგრის თესლი (დაჭრილი თხილი, მოხალული ნიგოზი)
- ვანილი
- 1 ს.კ კაკაო
გავადნოთ შოკოლადი, შევურიოთ დაჭყლეტილი ბანანი, კაკაო, ვანილი, გოგრის თესლი, ბოლოს შვრია. კარგად ავურიოთ და კოვზით გადავიტანოთ პერგამენტის ან ფოლგის ფურცელზე. შევდოთ მაცივარში გასაციებლად.
აი, სულ ეს არის!
პატარა შენიშვნა – მე ვფიქრობ, გოგრის თესლს სხვა რაიმე თხილეული აჯობებდა: დაფქული თხილი, ნიგოზი… გოგრის თესლი აშკარად სხვა ოპერიდანაა ამ რეცეპტში.
გემრიელად მიირთვით და სიცხეს არ შეუშინდეთ ;)