სოფია მელნიკოვას ბინძური დუქანი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > კრიტიკა > სოფია მელნიკოვას ბინძური დუქანი

სოფია მელნიკოვას ბინძური დუქანი

სიტყვა დუქანი ჩემში არასდროს იწვევდა განსაკუთრებულად დადებით ემოციებს, ყოველთვის ღიპიან ბიძა კაცებთან, სმასთან და ღრეობასთან ასოცირდებოდა. არ ვიცი სოფია მელნიკოვა ვინ არის, მაგრამ მისმა არცთუ ფრონცკ ადგილას გახსნილმა ფრონცკმა დაწესებულებამ თითქოს კი მოახერხა “დუქანზე” ჩემი წარმოდგენის გაქარწყლება. მაგრამ, მხოლოდ რაღაც პერიოდით.

მიუხედავად იმისა, რომ პირველივე მისვლაზე ხინკალს მოშიებულები პირში ჩალაგამოვლებული დაგვტოვა ტუჩდაბერილმა და კეფაზე წარბგადაწეულმა ლამაზმა ოფიციანტმა – თქვენ ხინკალი არ შეგიკვეთავთ გენაცვალეო (შეკვეთიდან 1 სთ და 15 წთ მერე), რის შედეგადაც შიმშილის მოკვლა “შემოიხედე გენაცვალეში” დავასრულეთ, იხტიბარი არ გავიტეხე და მეორედაც მივედი, მესამედაც, მეოთხედაც… შეკვეთის დაგვიანება აქ იმდენად ჩვეულებრივი ამბავია, ხანდახან მგონია, რომ სპეციალურად აკეთებენ, აი ისე, მინისტრი რომ კაბინეტში უსაქმოდ ზის, მაგრამ სტუმრებს მაინც ალოდინებს მისაღებში, საკუთარი თავის მნიშვნელოვანებას და დაკავებულობას რომ გაუსვას ხაზი.

ნუ, მომსახურება რომ საქართველოში ამერიკულ, ევროპულ და თვით აზიურ სტანდარტსაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, არახალია. მაგრამ, ეშმაკმაც დალახვროს, ჯეკ! რაღაც ზღვარი ხომ არსებობს?

პირველად ბაკოს, ჩემს მეგობარს გაუმართლა, როცა საკუთარი კბილიდან მელნიკოვას ნაქები ხინკლის კუჭამდე გაბმული ვიღაცის გრძელი დალალი აღმოაჩინა. სახეაშლილმა ხინკალი იქვე მიაგდო, ჩემი ფეხი აღარ იქნება აქო – თქვა და შეასრულა კიდეც. მდუმარედ გამოვედით.

ჰო, გამოსვლამდე ანგარიშიც გავასწორეთ, სრული თანხა გადავიხადეთ, ანუ ხინკლიანად. ანგარიშიდან გამოკლებას ვინ ჩივის, ბოდიშიც არავის მოუხდია, ციმ-ციმ წაიღეს დალალებიანი ხინკალი.

melikovas xinkali

მას მერე ჩემი ინიციატივით აღარ, მაგრამ მეგობრების აყოლით კიდევ ორჯერ ვიყავი. იმ ორ ჯერზე როგორღაც გამიმართლა და მხოლოდ შეკვეთის დაგვიანებით შემოიფარგლა ცუდი მომსახურება. და მეც თავი დავირწმუნე, “ვის არ მოსვლია, ერთხელ თმა ყველას ჩაუვარდება საჭმელში”-მეთქი. მაგრამ თურმე, ჯერ სად ხარ!

გუშინ, თბილისობის ორომტრიალში სიარულით დაღლილებმა (რატომ ხელი არ მოგვტყდა და) ისევ მელნიკოვას სახელგანთქმული დუქანი დავჯავშნეთ. რა თქმა უნდა “ხინკალს 40 წუთი დააგვიანდებაო” და ჩვენც მანამდე “სხვა რამე” შევუკვეთეთ. პირველი ფორთოხლის წვენი მოიტანეს. დავინახე, ლამრიკომ წვენიდან საწრუპით უხმოდ როგორ ამოიყვანა ერთი ცოცხალი ჭიანჭველა და თეფშზე დასვა (განათება არ ვარგოდა და სამწუხაროდ, დამეზარა მობილურით ფოტოს გადაღება), პირველს მეორე ჭიანჭველა მოყვა. ჭიქას კარგად ამოვურიეთ და ყინულებიდან კიდევ რამდენიმე შავმა მწერმა გამოანათა.

მარადუხერხულღიმილიან მენეჯერს (მგონი მენეჯერი უნდა იყოს ის ბიჭი) მშვიდად ვთხოვეთ, ჭიანჭველებიანი წვენი წაეღო და სუფთა მოეტანა. აბა რა, ვის არ მოსვლია, ხომ იცით, წვენს თავს როგორც კი მოხდით, ჭიანჭველები ეგრევე თავით ხტებიან. მერე ჭიქაშიც რომ ჩაასხამ, აი საერთოდ არ ჩანს ყვითელი წვენის ფონზე 5 შავი ჭიანჭველა (ან მეტი, ვერ მოვასწარი დათვლა)..

სუფთა წვენი და “სხვა რამეები” 30-40 წუთში მოვიდა (არადა, არ იყო ადგილი გადატვირთული), ხინკალი კი ზუსტად 1 საათის და 40 წუთის თავზე! მართლა! ამდენ ხანში ფასანაურიდან ჩამოიტანდა კაცი 40 ხინკალს!

აი ისიც, როგორც იქნა! ხმაურიანი ტაშით შევეგებეთ ნანატრ ხინკალს, ცხელს, წვნიანს, გემრიელს, ოხშივრიანს და… რა თქმა უნდა ისევ კულულებიანს…

ამჯერად გიორგის გაუმართლა: 25 სანტიმეტრიანი შავი თმა ხინკლიდან ჭერის მიმართულებით გაწელა და თვალებგაფართოვებულმა შემოგვხედა “ახლარაუნდავქნა” მზერით.

არ ვიცი უკვე შეჭმულ ოც ხინკალში მეტი თმა იყო თუ დარჩენილში. ჭამა აღარ გაგვიგრძელებია. აღარც გაგვცინებია. ანგარიში მოვითხოვეთ. მოიტანეს. კიდევ ერთხელ გავუმეორეთ ოფიციანტს “აი ამ ხინკალში, დიდი თმა იყო”-თქო. “ვიცით, გვითხრესო” – გოგონამ ყინულოვანი სახით გვიპასუხა და დარჩენილი საჭმელი შეჭმულ-შეუჭმელ-თმიანი თუ მელოტი ხინკლების საფასურიანად ბინძური სამზარეულოსკენ გააქანა.

წარმატებას გისურვებთ მეგობრებო! გპირდებით, არასდროს არ დამენანება ‘თბილი’ სიტყვები თქვენი მისამართით და არც ის რამდენიმე დოლარი, რასაც ახლა ამ კონკრეტული პოსტის ფეისბუქზე დასპონსორებაში გადავიხდი, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს თქვენი სიბინძურის შესახებ.

სადაც გუშინ 80 ლარი მზარეულის თმებში და ჭიანჭველებში გადავყარეთ, იქ ეს რამდენიმე დოლარიანი “რეკლამაც” თქვენი ფეშქაში იყოს.

სუფრის სხვა წევრების გაბრაზებული პოსტები ამავე თემაზე:

ესეც  მომხმარებლების კომენტარები FourSquare-დან:

1385076_10152357085479572_828513095_n
1378415_10152357085264572_654168194_n 1377199_10152357085489572_1048699450_n

 პ.ს. უი, კატაზე დამავიწყდა რომ დამეწერა, ერთერთი მაგიდასთან დივანი/სავარძელი და ბალიშები რომ აქვს დასაკუთრებული და არავინ გრძნობს უხერხულობას ამის გამო. ვინც მიცნობს, იცის, როგორც ვგიჟდები კატებზე, მაგრამ რა უნდა კატას რესტორანში სავარძელში/მაგიდასთან? საკუთარი კატა არ მინდა გვერდზე მეჯდეს და ბეწვებს მიყრიდეს ჭამის დროს, არათუ კაფე/რესტორანში შესულს ამომესვეტოს სავარძელში…

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

8 thoughts on “სოფია მელნიკოვას ბინძური დუქანი

  1. და ეს კომენტარები ან გაზიარებული ფეისბუქ-კომენტარები რატომაა ინგლისურად? რაო, ქართული არ გვეხერხება თუ უცხოენოვანი მომხამრებლებსითის წერთ? და თუკი ეგეთი მომსახურება იყო, რატომ გადაუხადეთ ის 80 ლარი? არაფერი არ უნდა აგდაგეხადათ და დაგეტოვათ ისე, რას იზამდნენ? ბოლოსდაბოლოს, არასებობს სამსახური, რომელიც ხარისხს აკონტროლებს და გამოვიძახებდი მაშინვე.

    1. არანაირი ეგეთი სამსახური არ არსებობს. სამწუხაროდ :/ ნუ შეგიძლია არ გადაიხადო, მერე გითვალონ შეჭმული ხინკლები, გამოუძახონ პატრულს, იკაჩავო. ან გადაუხადო ის 80 ლარიც და სამაგიეროც აი ასე, საჯაროდ გამოჭიმვით. იმოქმედა სხვათა შორის. იმდენი კლიენტი კი დაკარგეს რომ დაიხურნენ და მერე 1 წლის პაუზის შემდეგ თავიდან გახსნილა. ახლა არ ვიცი თმებს რამდენად წარმატებით აწარმოებენ.

      პ.ს. ეს ინგლისურენოვანი კომენტარები კიდევ ვირუსული ბოტების დაწერილია, დავვირუსდით ერთხელ :(

Leave a Reply

Top