თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > შვრიის ხრაშუნები მარილით, შოკოლადითა და ჩირეულით

შვრიის ხრაშუნები მარილით, შოკოლადითა და ჩირეულით

 ეს ჩემი საყვარელი ხრაშუნებია, ამიტომ მისი მომზადება მრავალნაირად ვცადე. ეს ერთ-ერთ საუკეთესო მცდელობად მიმაჩნია მათ შორის რაც უკვე დავწერე ბლოგზე. მთავარი საიდუმლო, გაგიკვირდებათ და მარილია :) ჩვეულებრივი მსხვილი მარილი! ზღვის მარილი კიდევ უკეთესია.  საოცრად ცვლის ყველაფერს, გემოს ამძაფრებს და სრულყოფს. ჯანჯაფილის ჩირი კიდევ ცალკე თემაა, ძალიან მომწონს, ისეთი პიკანტურია :)  თუ ჩირი არ გაქვთ დაფქული დაამატეთ , გემოვნებით. მე ჯანჯაფილის სიროფის გაკეთების შემდეგ მისი ნაჭრები გავაშრე და დავფხვენი, კექსებში ისეთი კარგია !

svriis pecen

200 გ კარაქი ან მარგარინი, დარბილებული (არა დამდნარი)

200 გ შაქარი

2 კვერცხი

½ ჭ (60 გ)  დაფქული ნიგოზი

2/3 ჭ  სხვადასხვა ჩირისა და ქიშმიშის ნარევი (კონკრეტულ ფოტოზე აქვს  მარწყვის, ალუბლის, შტოშის, ჯანჯაფილის ჩირები)

2/3 ჭ  შოკოლადის წვეთები, ან წვრილად დაჭრილი შოკოლადის ფილა

2.5 ჭ შვრია (წვრილი, მსხვილი ან შერეული, სურვილით)

100 გ ფქვილი

½ ჩ.კ. სოდა

½ ჩ.კ. მსხვილი მარილი(ოდნავ მეტიც შეიძლება)

 

ჭიქა იგულისხმება 250 მილილიტრიანი

კარგად დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, შევათქვიფოთ კვერცხები. შემდეგ დანარჩენი ინგრედიენტები: ჯერ ნიგოზი, შემდეგფქვილი და სოდა. დავამატოთ ჩირები და შოკოლადიც. თუ ჯანჯაფილის ჩირსაც ამატებთ, გაითვალისწინეთ მისი მძაფრი გემო და ბევრი არ მოგივიდეთ, 1.5-2 ს.კ დაჭრილი ჯანჯაფილის ჩირი საკმარისი იქნება. შეურიეთ შვრიის ფანტელიც, ბოლოს კი მსხვილი მარილი.

ცომი ცოტა ხნით მაცივარში შედგით, შემდეგ კი გააკეთეთ კაკლისხელა ბურთები და ქაღალდჩაფენილ ტაფაზე დაალაგეთ. გამოაცხეთ 180 გრადუსზე, დაახლ. 20 წთ, სანამ სასიამოვნო ოქროსფერს არ მიიღებს. გამოდის დაახლოებით 43 ცალი უგემრიელესი ხრაშუნა, რომელიც შეგიძლიათ შეინახოთ ჰერმეტულად დახურულ ქილაში და 1 კვირაც კი.

მარილი აუცილებლად დაამატეთ, ოღონდ მსხვილი, საოცრად უხდება და პიკანტურ ნოტებს სძენს.

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top