თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > შოკოლადის ტორტი ჟოლოს ჟელეთი და ნაღების კრემით

შოკოლადის ტორტი ჟოლოს ჟელეთი და ნაღების კრემით

ეს ტორტი სრული იმპროვიზაცია იყო, რომელმაც ნამდვილად გაამართლა და ძალიან გემრიელი გამოვიდა. თავიდან სულ სხვა ტორტის გამოცხობას ვგეგმავდი, ქოქოსის ბისკვიტით და ანანასით კრემში (თუმცა ჯერაც არ გადამიფიქრებია :) ), თუმცა ტორტის ადრესატმა კატეგორიულად მოითხოვა საყვარელი შვარცვალდის ტორტის გამეკეთებინა. სამწუხაროდ, ჩემი გაყინული ალუბლების მარაგი ერთი ცუდი ინციდენტის მსხვერპლი გახდა,  რის გამოც რეცეპტის შეცვლა მომიხდა.

ზაფხულში, აბასთუმანში დასვენებისას, ტყის ჟოლო ვიყიდე.ვერც წარმოვიდგენდი ასე თუ განსხვავდებოდა ბაღის ჟოლოსგან! საოცარი არომატით და სურნელით მთელი სახლი გაავსო. იქ ბევრი არჩევანი არ მქონდა და  კონფიტიური მოვამზადე.  სწორედ ის გამოვიყენე ამ ტორტში.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პირდაპირ რეცეპტზე გადავალ. ბისკვიტი გავაკეთე შვარცვალდის ტორტის რეცეპტის მიხედვით. ეს ჩვენი საყვარელი შოკოლადის ბისკვიტია, ბევრი კაკაოთი და ოდნავ სველი ტექსტურით. უბრალოდ 15 სმ-იანი ფორმის ნაცვლად, 28 სმ დიამეტრიანი ფორმა გამოვიყენე, რის გამოც ბისკვიტი უფრო დაბალი გამოვიდა და შუაზე გაჭრა აღარ დასჭირდა.

ჟელესთვის საჭიროა:

300-350 გ ჟოლოს კონფიტიური/მურაბა
3 ფურცელი ჟელატინი(6 გრამი)

კრემი
300-400 მლ ათქვეფილი ნაღები (36-38%)

150გ შავი ან რძიანი (ან 50/50) შოკოლადი ზემოდან მოსასხმელად და შოკოლადის ბურბუშელა

ჟელატინი ჩადეთ პირდაპირ მურაბაში (თუ მურაბა წვნიანია, თუ არა, მაშინ ცოტა წყალში). მე dr. oetker-ის ფირმის ჟელატინის ფურცლები გამოვიყენე და თქვენც გირჩევთ, სწრაფია და ხარისხიანი.  დაახლოებით 20 წუთში, ოდნავ შეათბეთ ჟელატინიანი მურაბა, რომ ჟელატინი მთლიანად გადნეს. შედეთ მაცივარში ცოტა ხნით, სანამ ოდნავ შემაგრდება.
პარალელურად, ტორტის ბისკვიტი ჩადეთ შესაბამისი ზომის გვერდებმოსახსნელ ფორმაში. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დანამოთ ცოტა ალკოჰოლისა და ჟოლოს წვენის ნარევით, ზემოდან გადაანაწილეთ ჟელატინიანი მასა და შედეთ მაცივარში 30-40 წუთი, სანამ ჟელე გამაგრდება.
ამის შემდეგ ათქვიფეთ ნაღები+ვანილი, სურვილის შემთხვევაში ცოტა შაქრის პუდრაც დაამატეთ მეტი სიტკბოსთვის. გაანაწილეთ ტორტზე და მოათავსეთ მაცივარში მინიმუმ 1 საათი მაინც, სანამ ზემოდან შოკოლადს დაასხამთ.

ორთქლზე  გაადნეთ შოკოლადი+ცოტა თბილი წყალი ან რძე, ბევრი არ მოგივიდეთ თორემ ძალიან გათხელდება. მიღებული მასა ცოტა შეაგრილეთ, რომ კრემი არ დაადნოს დასხმისას. ტორტის ფორმას გვერდები შემოხსენით და შოკოლადი  ტორტის შუაგულზე დაასხით, შემდეგ სპატულას დახმარებით გადაანაწილეთ ნაპირებისკენ. ზემოდან გააფორმეთ თქვენი ფანტაზიით.
საკონდიტრო მაღაზიებში იყიდება სპეციალური რბილი შოკოლადი,თეთრიც და შავიც,  რომელსაც დანით ადვილად ააფხეკავთ ბურბუშელას.

გემრიელად მიირთვით :)

კომენტარები

კომენტარი

12 thoughts on “შოკოლადის ტორტი ჟოლოს ჟელეთი და ნაღების კრემით

  1. რა მაგარი რაღაცეებია,მალადეც თქვენ ყველას,ხშირად ვესტუმრები ამ ბლოგს :)

  2. მე მქონდა dr.oetker-ის ფირმის ჟელე, 20 გრამი იყო-12 ფურცელი. სუპერმარკეტებში შეიძლება იყოს. მე მაჩუქეს. ძალიან ხარისხიანია ამ ფირმის პროდუქცია, რაც გამომიყენებია, იმედი არ გამიცრუა არაფერმა :) სხვა ჟელატინი შესაძლოა ცოტა მეტი დასჭირდეს, მაგრამ ბევრი თუ მოგივათ, ნაზი კონსისტენცია შეიძლება დაერღვეს.

  3. მარი, ჩვეულებრივად, შაქარი და ჟოლო, წამოვადუღე. მანდ ალბათ იყიდება სპეციალური შაქარი კონფიტიურისთვის, რომელსაც ჟელეს თვისება აქვს, შეგიძლია ეგ გამოიყენო :)

  4. ბეზე არ არის, კრემია ნაღების :)

    1. რა მნიშვნელობა აქვს როგორი ფორმის იქნება :) მთავარია საცხობ ფორმას გვერდები ეხსნებოდეს რმ მერე ადვილად ამოიღოტ,ასეთები კი გულის ფორმითაც იყიდება

Leave a Reply

Top