თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > შოკოლადის რგოლები – ძალიან ადვილი რეცეპტი

შოკოლადის რგოლები – ძალიან ადვილი რეცეპტი

ეს ნამცხვრები საბავშვო ტკბილეულობის წიგნიდანაა, რომელიც ჩემს შვილს ვაჩუქე.  მარტივი, რეცეპტებია, ისეთი, ბავშვები რომ საკუთარი ხელით გააკეთებენ.   გულწრფელად რომ გითხრათ, არ მიყვარს სამზარეულოში პატარების შეშვება, ხომ ხვდებით რატომაც…  მაგრამ  ჯერ ეს წიგნი და შემდეგ კი რაიმეს გამოცხობა ისე  ძალიან უნდოდა, რომ ნება დავრთე და ცოტა დავეხმარე კიდეც.

მაშ ასე, სპეციალურად რატატუისთვის ჩემი რვა წლის მზარეულისგან :)

_DSC0001 (Copy)

 

180 გ კარაქი, დარბილებული

180 გ შაქარი

240-250 გ ფქვილი

2 ს.კ კაკაო

მწიკვი მარილი

შაქრის პუდრა ამოსავლებად


თასში, შაქრის პუდრის გარდა ყველა ინგრედიენტი მოვათავსოთ და ხელით ან მიქსერით კარგად ვზილოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ცომი ორად ან სამად გავყოთ, მივცეთ ძეხვის ფორმა, შემოვახვიოთ სამზარეულოს ცელოფანი და მაცივარში 15 წუთით შევდოთ.

გამოვიღოთ ცომი და ამოვავლოთ შაქრის პუდრაში ( ან ფერად-ფერად შაქრის ბურთულებში, ან ჩვეულებრივ მსხვილ შაქარში) . დავჭრათ 1 სმ სისქის რგოლებად. ცომი საკმაოდ ფხვიერია, ამიტომ ბასრი დანა გამოვიყენოთ დასაჭრელად. რგოლები  თუ დეფორმირდა, არა უშავს, ტაფაზე გადატანისას ხელით მოვამრგვალოთ ისევ.

ფორმას დავაფინოთ ქაღალდი და დავალაგოთ დაჭრილი ცომი, გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთი.

*ცომს, შეგვიძლია, დაფქული დარიჩინიც დავამატოთ, მეტი არომატისთვის.

მე როგორც მთავარი დეგუსტატორი, გეტყვით, რომ მშვენიერი გამოვიდა და გამოცხობიდან მალევე გაქრა :)

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top