რესტორანი "შავი ლომი" |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სად რა ვჭამოთ > რესტორანი “შავი ლომი”

რესტორანი “შავი ლომი”

შავი ლომი – ეს ის რესტორანია, რომელიც ბოლო დროს ამოვიჩემე და ჩემს უცხოელ სტუმრებთან ერთად უკვე რამდენჯერმე ვიყავი. სასიამოვნო, მშვიდი ინტერიერი, გემრიელი კერძები და კარგი ფასები – ეს სამი მიზეზი უკვე საკმარისია. თანაც, წლიდან წლამდე ერთსა და იმავე კაფე-რესტორნებში სიარული, ერთი და იგივე კერძებისა და დესერტების გასინჯვა ცოტა მომბეზრდა. ამიტომ “შავი ლომი” ძალიან არა, მაგრამ ცოტათი განსხვავებული მაინცაა და ჯერჯერობით ჩემთვის სიახლეა.

რა თქმა უნდა, პირველივე სტუმრობიდან დავიწყე ბლოგისთვის ფოტომასალის შეგროვება (სამწუხაროდ, მობილურით ვიღებდი, მაგრამ წარმოდგენას ნამდვილად შეგიქმნით :)).

ექსტერიერ-ინტერიერით დავიწყოთ. სოლოლაკში, ამაღლების 23-ში აგურის კედელზე მიხატული, ფიროსმანის სკანდალური შავი ლომი აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას. თუმცა სარდაფში ჩასასვლელი კიბის დანახვაზე შეიძლება ვერც მიხვდეთ, რომ აქ რესტორანია, თანაც საკმაოდ პოპულარული.

სულ ორი, საშუალო ზომის დარბაზია, თითოეულში რამდენიმე მაგიდით. კედლები – ძველი ქართული აგურის, რაც გარანტიაა იმის, რომ მუდმივად ძალიან გრილა. თუმცა, ამავე კედლების გამო, შესვლისთანავე ნესტის მძაფრი სუნი ცოტა არ იყოს, დისკომფორტს შეგიქმნით.

არა უშავს, ეს სუნი სულ რამენიმე წუთში იქაური გარემოს ისეთი განუყოფელი ნაწილი გახდება, რომ ვეღარც კი იგრძნობთ :)


ყურადღებას იქცევს ძველი მაგიდები, სკამები, გადასაფარებლები, განათებებად ქცეული ყველის საწურები და ჩვენი ბავშვობის დროინდელი ჭურჭელი. ანტიკვარიატის მოლოდინი ნუ გექნებათ, აქ უბრალოდ ყველაფერი ნოსტალგიურად ძველია, ’80-’90-იანი წლებიდან, თუმცა ამის მიუხედავად, საბჭოთა კავშირისდროინდელი გარემო ნამდვილად არაა, პირიქით: ქართულ-აზიურ-ევროპული.

შავ ლომში ყველაფერი თავისებურად აქვთ: აქ მჭადი – მჭადუკაა, ხაჭაპური კი – ხაჭაპურიტო. სტარტერებად სხვადასხვა ფხალეულის და სოუსების ასორტს გთავაზობენ, სიფრიფანა პურის კრატუნა ნაჭრებთან ერთად (სტაფილო, ძაძიკი, ისპანახი, ეკალა, ჭარხალი, ლობიო – ყველა ძალიან გემრიელია და სანამ ძირითადი კერძები გამზადდება, პირის გასასველებლად მშვენიერია).

ომხიბვლელად გამოიყურება და გემრიელია პატარა ‘მჭადუკებიც’, სხვადასხვა ფხალეულითა თუ ყველით. ზოგი მოხალული, ზოგი კი ჩვეულებრივი მჭადის ფქვილით, უზეთოდ გამომცხვარი. მომდევნო ფოტოზე მჭადუკებთან ერთად მარწყვისა და რეჰანის ლიმონათსაც ხედავთ. კარგია, თუმცა დასალევად არცთუ მოსახერხებელი, ცოცხალი ინგრედიენტებისა და ფოთლების სიჭარბის გამო.

მჭადუკებისგან განსხვავებით ხაჭაპურიტომ ჩემი აღფრთოვანება ვერ დაიმსახურა. მესამე ვიზიტისას მიმტანს შემოთავაზებაზე უარი ვუთხარი – ჩემთვის ზედმეტად მარილიანი და არცთუ საინტერესო მეჩვენა. ვერც ე.წ. ბულგარული წიწაკის სოუსი შევუსაბამე მაინცდამაინც ტრადიციული ხაჭაპურისა და კრეპის ამ უცნაურ ჰიბრიდს. მე პირადად ორივე თავთავის ორიგინალურ “შეფუთვაში” მირჩევნია, ამიტომ ყველაზე დაბალი ქულა, ჩემი ზუბიექტური აზრით, ხაჭაპურიტოს ერგება.

არაჩვეულებრივია “შავი ლომი”-ს ქაბაბი – ცვრიანი, კარგად შეზავებული, ნაზი და რბილი ხორცით და პომიდვრის გემრიელი სოუსით. აქვთ როგორც საქონლის, ისე ცხვრის ხორცის, თუმცა ამ უკანასკნელის გასინჯვა გმირობად დამიჯდა – სახეზე რომ არ შემტყობოდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ცხვრის ხორცი საჩემო არაა (გამონაკლისი მხოლოდ ბატკნის ჩაქაფულია). ამიტომ, ჯობს ამ ხორცზე ექსპერიმენტი აღარ ჩავატარო, განსაკუთრებით სტუმრებთან ერთად სადილობისას :D

თევზეულისა და ხორცეულის მომზადება და შეკმაზვა აშკარად კარგად ეხერხებათ, იქნება ეს თევზი სალათის გარნირით თუ ქათამი მაყვლის სოუსში (ფოტოზე თევზი დამწვარი ჩანს, რეალურად ასე არ იყო, როგორც ჩანს მობილურით არასწორად შევარჩიე ეფექტი და ფოტო გავაფუჭე)

აქვთ სალათებისა და გარნირების კარგი არჩევანი. უგემრიელესია ბრინჯი ქათმით, ბოსტნეულითა და მიწის თხილის სოუსით. სამწუხაროდ, ფოტო არ გადამიღია, სამაგიეროდ გადავიღე ქათმის სალათი – ჯანჯაფილით (ჯინჯერით).

სომელიედ ვერ გამოვდგები და ამდენად, ვერც კომპეტენტურად შევაფასებ, რამდენად შეესაბამებოდა ის ღვინოები, რაც გვირჩიეს, ჩვენს მიერ შეკვეთილ მენიუს. ამ თემაზე, ვფიქრობ უფრო კომპეტენტურად “მარანი”-ს შეფასებლები მსჯელობენ (მარანის მიმოხილვას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ).

თუმცა თავისთავად ყველა ღვინო (თეთრიც, წითელიც) და არაყიც, რომელიც ბოთლში მოხდენილად მოთავსებულ მსხალთან ერთად არა მხოლოდ დეკორაციისთვის იდო მაგიდაზე, ძალიან მეგემრიელა.

სამწუხაროდ, დესერტის დრო რომ მოვიდა, მივხვდით, რომ უკვე საკმარისი იყო და აღარ შეგვიკვეთავს, ამიტომ დესერტებზე ჯერჯერობით ვერაფერს მოგახსენებთ. შემდეგი ვიზიტისას, გპირდებით ამ დანაკლისს აუცილებლად შევავსებ :))

და ბოლოს, ფასები: ხელმისაწვდომი, იმ სერვისისა და ხარისხის ფონზე, რაც შავ ლომშია. 3-4 ადამიანის სტუმრობა 150-დან 200 ლარამდე დაგიჯდებათ და თითქმის ყველაფერს იმას დააგემოვნებთ, რაც ფოტოებზეა. ზოგიერთი კერძის ფასს კი მომდევნო ფოტოზე ნახავთ.

დასკვნის სახით

მენიუ: ძალიანკარგი, ხარისხიანი და გემრიელი
სერვისი: საშუალოზე მაღალი, თბილისური სტანდარტებით
გარემო და სიტუაცია: მყუდრო, სახლის გარემო (მინუსი – ნესტის სუნი)
ფასები: საშუალო (თბილისური სტანდარტებით)

ჩემი სუბიექტური შეფასება: 10-დან 8 ქულა

საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: სოლოლაკი, ამაღლების ქ. 23
ტელ: (+995 32) 293 1007

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

One thought on “რესტორანი “შავი ლომი”

Leave a Reply

Top