თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სირთულის მიხედვით > მარტივი > შემწვარი სოსისი კვერცხით – ბიჭების საყვარელი ფასთ-ფუდი

შემწვარი სოსისი კვერცხით – ბიჭების საყვარელი ფასთ-ფუდი

ბიჭების უმრავლესობას, მითუმეტეს კავკასიელებს, ძალიან ეზარებათ სამზარეულოში ტრიალი და თუ მაინც მოუწევთ, ცდილობენ რამე სწრაფი, იაფი და გემრიელი მოამზადონ. ხშირ შემთხვევაში ეს “რამე” ყველიანი მაკარონი ან კვერცხთან ერთად შემწვარი სოსისია.

სწორედ ასე აღმოვაჩინე, რომ ისეთ მარტივ “კერძსაც” კი (თუ შეიძლება კერძი ვუწოდოთ), როგორიც კვერცხთან ერთად შემწვარი სოსისია, მომზადების თავისი ტექნიკა აქვს.

პირველ რიგში საჭიროა ახალი პროდუქტები: რძიანი სოსისი და კვერცხი (სასურველია, სოფლის და არა ფერმის).

ზეთიან (ან კარაქიან) ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე, ვაწყობთ შუაზე გაჭრილ სოსისებს, რომლებსაც ორივე ბოლოს ჯვარედინად ვუჭრით თავს, რომ შეწვისას ბოლოები აიპრიხოს. ასე უფრო ლამაზიცაა და უფრო გემრიელიც.

ამასობაში სწრაფად ვთქვეფთ კვერცხს, ხელის სათქვეფით ან უბრალოდ ჩანგლით. ვამატებთ ცოტა მარილს (ცოტას, რადგან მარილი სოსისსაც აქვს) და ცოცხალ ან გამხმარ რომელიმე, ერთი სახეობის მწვანილს, გემოვნებით. ეს შეიძლება იყოს რეჰანი, ბაზილიკი (შაშკვლავი) ან ორეგანო. მე ეს უკანასკნელი გამოვიყენე და ძაალიან მოუხდა.

გაითვალისწინეთ, რომ კვერცხი უნდა თქვიფოთ დიდხანს, თუმცა მთლად ისეც არა, როგორც ნამცხვრისთვის. ასე უფრო ფაფუკ ტაფამწვარს მიიღებთ <3 (მეტი სიფაფუკისთვის, შეგიძლიათ რამდენიმე სუფრის კოვზი რძე, ლიკანი, ნაბეღლავი ან სხვა გაზიანი მინერალური წყალიც ჩაამატოთ).

როცა სოსისები ყველა მხრიდან თანაბრად მოიბრაწება, დაასხით ათქვეფილი კვერცხი და მჭიდროდ დაახურეთ დავსახური, ნუ ახდით, ვიდრე კარგად არ გამოშუშდება და გამოცხვება.

დაჭერით, გაანაწილეთ თეფშებზე და მიირთვით ტყემალთან, არაჟნის ან მაწვნის ცივ სოუსთან ერთად.

ინგრედიენტები (2 პორციაზე):

  • სოსისი: 3 ცალი
  • კვერცხი – 3 ცალი
  • ორეგანო, რეჰანი ან ბაზილიკი (შაშკვლავი) – ნახევარი ჩაის კოვზი, გამხმარი (ან რამდენიმე ფოთოლი, ცოცხალი)
  • მარილი – გემოვნებით

ინგრედიენტები მაწვნის/არაჟნის სოუსისათვის:

  • მაწონი, ან არაჟანი, ან ორივე თანაბარი პროპორციით: 4-5 სუფრის კოვზი
  • ორეგანო (გამხმარი) – ნახევარი ჩაის კოვზი
  • შავი პილპილი- ნახევარი ჩაის კოვზი
  • მარილი – გემოვნებით

რჩევები:

სოსისის ნაცვლად, ბუნებრივია, შეგიძლიათ გამოიყენოთ ლორი, შაშხი, ბოსტნეული (ბროკოლი, ყაბაყი, ტკბილი ბულგარული წიწაკა). ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ნაკლებადმარილიანი ყველი, პომიდორი და ა.შ. მაგრამ ეს უკვე სხვა “კერძი” გამოვა :))

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

One thought on “შემწვარი სოსისი კვერცხით – ბიჭების საყვარელი ფასთ-ფუდი

  1. ეკა, მარტოხელა კაცებს ნამდვიად წაადგებათ შენი პოსტი :) და არა მარტო მათ, რადგან დღეს ”კვერცხის შეწვაც არ ვიცი” ფრაზა მოდურია, იქნებ ისწავლონ :D

Leave a Reply

Top