სატაცურის სალათა ქათმის ხორცით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > სატაცურის სალათა ქათმის ხორცით

სატაცურის სალათა ქათმის ხორცით

სატაცურის სეზონია და დღესაც კვლავ ამ თემით გავაგრძელებ. სიმართლე რომ გითხრათ, ამ პროდუქტს შეყვარება ახლახანს დავიწყე. არასოდეს მიზიდავდა, მაგრამ 1 შანსის უფლება ხომ ყველას აქვს და სატაცურსაც მივეცი :D გაამართლა სხვათაშორის. მომეწონა, მით უფრო სალათში. _DSC0104asparagus salad

  • 80-100 გ სატაცური
  • 4-6 თხელი ნაჭერი პასტრომა (იხილეთ რეცეპტი )
  • სალათის ფოთლები
  • 7-8 ცალი ჩერი პომიდორი
  • 2 ს.კ გახეხილი პარმეზანი

დრესინგი :

  • 1 ს.კ ზეითუნის ზეთი, 1 ჩ.კ ლიმონის წვენი, ¼ ჩ.კ მდოგვი
  • მარილი, პილპილი.

შევარჩიოთ სატაცურის ქორფა ღერები, ისეთი, რომელიც ტკაცუნით ტყდება. უხეში ბოლოები მოვაცილოთ, დანარჩენი დავტეხოთ  საშუალო სიგრძეზე. ღერები ჩავყაროთ მარილიან მდუღარე წყალში 3-5 წუთით, შემდეგ ჩავამატოთ თავებიც 2 წუთით. სატაცურმა ფერი ძალიან არ უნდა იცვალოს, დარჩეს მწვანე და ხრაშუნა. გადავწუროთ და გადავავლოთ ცივი წყალი.

ქათმის პასტრომას ნაცვლად, შეგვიძლია გამოვიყენოთ მოხარშული ან შემწვარი ქათმის ფილე. დავჭრათ თხელ ფირფიტებად.

შევურიოთ ერთმანეთს დრესინგის ინგრედიენტები. შეგვიძლია დავამატოთ ცოტა გაჭყლეტილი ნიორიც. თუ დრესინგს მეტს გავაკეთებთ, თავისუფლად ინახება მაცივარში ქილით.

თეფშზე მოვათავსოთ სალათის ფოთლები და სატაცურის ღერები, მოვასხათ დრესინგის ნაწილი და ამოვურიოთ. შემდეგ ზემოდან გავანაწილოთ პომიდორი და ქათმის ხორცი, კვლავ მოვასხათ დრესინგი. ბოლოს დავამატოთ ყველი. პარმეზანის ფასს რომ თბილისში ცეცხლი უკიდია მახსოვს, ამიტომ, შეიძლება შევცვალოთ სხვა სასურველი სახეობით.

satac salad

გემრიელად მიირთვით და ხშირად გვესტუმრეთ ბლოგზე :)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top