თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > სალათი ქათმით და გრეიფრუტით

სალათი ქათმით და გრეიფრუტით

მარტივი სალათების სერიას ვაგრძელებთ :) გრეიფრუტი სალათში ძალიან პოპულარული და გემრიელია. ყველაზე ხშირად, , მას კრევეტებიან სალათებში ამატებენ. ამ ჯერად ქათმის ფილეთი მოვამზადე და პიკანტური გემისთვის ობიანი ყველი დავურთე. ყველაზე გავრცელებული ობიანი,იგივე ლურჯი ყველი, როგორც ხშირად უწოდებენ, როკფორი და გორგონძოლაა.  თუმცა თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ის სახეობა, რომელიც უფრო მოგწონთ და მისაღებია თქვენთვის.

1 ქათმის ფილე (მთლიანი მკერდის ნახევარი)

1 გრეიფრუტი

1 კონა სალათის ფოთლები

ობიანი ყველის 1-2 ნაჭერი, კუბებად დაჭრილი

სოუსი: 2 ს.კ გრეიფრუტის წვენი, 2-3 ს.კ ზეითუნის ზეთი, 1/2 ჩ.კ დიჟონის მდოგვი, წითელი მსხვილად დაფქული წიწაკა, შავი პილპილი, სულ ცოტა შაქარი

ძალიან მსუბუქად დაბეგვილი ქათმის ფილე შეწვით ორივე მხრიდან. მოაყარეთ მარილი და პილპილი.

გრეიფრუტი გაფცქვენით და ამოაჭერით ლებნები თეთრი კანის გარეშე. ნარჩენებიდან კი გამოწურეთ 2 სუფრის კოვზი წვენი სოუსისთვის.

თეფშზე ან თასში მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი.

ზეითუნის ზეთი, გრეიფრუტის წვენი,მდოგვი,წიწაკა, პილპილი და მწიკვი შაქარი აურიეთ კარგად და მოასხით სალათს.

მარილს აღარ ვამატებ, რადგან ყველს საკმაო სიმლაშე აქვს, ჩემი აზრით,  ქათამსაც ვაყრით და მდოგვიც მარილიანია.  თქვენ თქვენი გემოვნების მიხედვით შეაზავეთ.

კომენტარები

კომენტარი

One thought on “სალათი ქათმით და გრეიფრუტით

  1. nino, movamzade da dsalian momecona, qatami ar gavukete, radgan katlettan garnirad mcirdeboda. dsalian mouxda mdogvis gemo. madlobt receptisatvis :)

Leave a Reply

Top