თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > რულეტი ბოსტნეულით და ორაგულით

რულეტი ბოსტნეულით და ორაგულით

ასეთი ფასტ-ფუდი ჩემი ბოლო დროის აკვიატებაა. ლავაშებში ნაირ-ნაირ ბოსტნეულს, თევზს, ქათმის ან საქონლის ხორცს, ლორს ვახვევ და სრაფი  სადილი მზადაა. ნაყიდს ათასჯერ სჯობს – ყოველთვის ახალ ბოსტნეულს ვდებ , სოუსად არ ვიყენებ  მაიონეზს, მით უფრო ნაყიდს. ამ პროდუქტზე საერთოდ უარი ვთქვი და არასოდეს ვყიდულობ. მწვანილიან-ნივრიანი  არაჟნით, ჩემს მიერვე დაყენებული არომატიზებული ზეითუნის ზეთით და ძმრით არაჩვეულებრივი გამოდის :) ოღონდ ამ ყველაფერს ერთად არ ვასხამ, გემოვნების და საჭიროების მიხედვით. ორაგულიანი ლავაში ძალიან გემრიელია. ამ ზამთარს, მსგავსი რულეტი სტარბაქსის კაფეში გავსინჯე, მაშინ ძალიან მშიოდა და ის რულეტი საოცრებად მომეჩვენა. გულში ორაგული, მჟავე კიტრი და კვერცხი ჰქონდა, სოუსად მაიონეზი. მე უფრო გავამრავალფეროვნე, გავაჯანსაღე და ზომაშიც გავადიდე :D

salmon roll

 

2 ცალი ლავაში

1 მოზრდილი კიტრი

1 მოზრდილი პამიდორი

2 მოხარშული კვერცხი

200-250 გ ორაგული (შემწვარი ან მოხარშული)

სალათის ფოთლები

მარილი

პილპილი

 

სოუსისთვის:

200 გ არაჟანი

1 კბ ნიორი

მარილი

პილპილი

1 ს.კ ზეითუნის ზეთი

კამა

 

არაჟანს შევურიოთ ზეთი, ნიორი, კამა, მარილი და პილპილი.

პამიდორს გამოვაცალოთ თესლები და ზედმეტი წვენი, დავჭრათ მოგრძო ზოლებად, ასევე დავჭრათ კიტრიც. თევზი გავასუფთაოთ ფხებისგან და კანისგან.

 

ლავაშის ერთ ფენაზე გავშალოთ სალათის ფოთლები, დავადოთ მეორე ლავაში და ზემოდან წავუსვათ სოუსი. თუ მხოლოდ 1 ლავაშს გამოიყენებთ, წასმის შემდეგ დალბება და გაიხევა. ამიტომ ამ შემთხვევაში, პირდაპირ ბოსტნეულს შეგიძლიათ მოასხათ.  ზოლად დავალაგოთ დაჭრილი ბოსტნეული, თევზი, დაჭრილი მოხარშული კვერცხი და მჭიდროდ გადავახვიოთ, თან  ლავაშის ბოლოები შევკეცოთ, რათა არ გადმოიპნეს შიგთავსი.

გავჭრათ ორად ან სამად.

თუ მირთმევას მაშინვე არ ვაპირებთ, კულინარიულ ცელოფანში გავახვიოთ და მაცივარში შევინახოთ. რამდენიმე საათი მშვენივრად ინახება.

არაჟნის სოუსის ალტერნატივას შეგიძლიათ ზეითუნის ზეთი გამოიყენოთ, ცოტა ლიმონის წვენი და მდოგვი დაამატოთ, მაგრამ ლავაშზე კი არ გადაუსვათ, პირდაპირ ბოსტნეულს მოასხით. ლავაშიც ერთი დაგჭირდებათ ორის ნაცვლად.

 

განახლება: ჩვენი მეგობრის, ირმა ლაღაძის ულამაზესი ფოტო და ოდნავ განსხვავებული ვრაპი ლავაშში <3

irma_laghadze_wrap

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

2 thoughts on “რულეტი ბოსტნეულით და ორაგულით

  1. გამარჯობა, თქვენი ბლიგის დიდი თაყვანისმცემელი გახლავართ. ხშირად ვიყენებ თქვენს რეცეფტებს. რეცეფტებს გშირად ვპრინტავ და მინდოდა შემომეთავაზებინა: სთხოვეთ თქვენს პროგრამისტს გაასწოროს print version-ა. ახლა იბეჭდება ყველაფერი. ამის წინ ზედმეტად ამოიბეჭდა 5 გვერდი. საიტების ტესტირება ჩემი პროფესიის ნაწილია და ამაში ვერკვევი. წესით უნდა ჩანდეს: საიტის ლოგო, რეცეფტის დასახელება და სურათი და თავად რეცეფტი. არ უნდა იპრინტებოდეს right menu და კომენტარები. ძალიან გამიხარდება თუ გათვალისწინებთ.

    1. გამარჯობა ხატია, დიდი მადლობა რომ გამოგვეხმაურეთ. აქ პროგრამისტებიც ჩვენ ვართ, მზარეულებიც და ფოტოგრაფებიც :) ვიცით რომ ბლოგზე ხარვეზებია და ვცდილობთ ნელ-ნელა ყველაფერი გავასწოროთ, ამ საკითხზეც აუცილებლად ვიზრუნებთ:)
      გვიხარია რომ მოგწონთ აქაურობა და გვეხმარებით გაუმჯობესებაში

Leave a Reply

Top