თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 2+ სთ > პასკა – ბარბარე ჯორჯაძის მიხედვით

პასკა – ბარბარე ჯორჯაძის მიხედვით

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ეს რეცეპტი არ არის მხოლოდ თეორიული, შარშან აღდგომას დავამუშავე და გამოვაცხე. შედეგად მივიღეთ შესანიშნავი, ზომიერად სურნელოვანი/სანელებლებიანი ნოტიო პასკა.

ორიგინალი რეცეპტისგან განსხვავებით დავამატე მხოლოდ ქიშმიში, სხვა არაფერი შემიცვლია.

საჭირო ინგრედიენტები:

  1. კვერცხის გული – 10
  2. შაქარი  – 700 გ
  3. კარაქი/ერბო  – 500 გ
  4. ფქვილი – 3 კგ-მდე
  5. წყალი – 300 მლ
  6. (მშრალი დროჟი) საფუარი – 6 ს/კ
  7. რძე – 1 ლ
  8. მარილი – 1 ჩ/კ
  9. ვანილი (10 გრამიანები) – 2 პაკეტი
  10. ქიშმიში (სურვილისამებრ) – 250 გრ
  11. ლიმონის ზეთი – 1 ს/კ
  12. ჯავზი (სურვილისამებრ) – 1 ჩ/კ
  13. ილი (სურვილისამებრ)  – 1 ჩ/კ
  14. რომი – 200 გრამი (100 გრამი ქიშმიშის წინასწარ ჩასალბობად, 100 გრამი ცომისთვის)

შენიშვნები და რეკომენდაციები:

  • 700 გრამი შაქარი საშუალოზე მეტად ტკბილი დოზაა, თუ უფრო ტკბილი გიყვართ შეგიძლიათ დაამატოთ.
  • ბოლო ეტაპის აფუებამდე ცომს მოუსვით ზეთი, რათა ქერქი არ გაიკეთოს აფუების შემდეგ.
  • რაც უფრო მეტად მოზელთ, მით უფრო ნოტიო პანეტონის სტრუქტურას მიიღებთ.
  • ღუმელში შელაგებამდე, პასკის თავებს შეგიძლიათ წაუსვათ კვერცხის გულის და რძის მიქსი, სიპრიალისთვის და შუაში დანით დასეროთ ამოსაფუმფულებლად.
  • ცხელი პასკა გადააგორ-გადმოაგორეთ რომ არ ჩაცომდეს, არ ჩახურდეს და გაგრილების შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან.
  • ლიმონის ზეთი (ჩვეულებრივ ზეითუნის ან წიპწის ზეთში ლიმონის ქერქები ჩაყარეთ და რამდენიმე დღის განმავლობაში შეინახეთ გრილ ადგილას, დღეში ორჯერ ანჯრიეთ)
  • ქიშმიში რომში ჩაალბეთ წინა დღით.
  • ერბო სახლში მომზადებული
  • პასკის მორთვა თქვენი სურვილისამებრ
  • ამ ინგრედიენტებისგან გამოვიდა ოთხი დიდი, სამი საშუალო და ოთხი პატარა პასკა.
  • პატარა ზომის პასკები უფრო მალე ცხვება, დაახლოებით 1 საათში მაქსიმუმ და სასურველია პატარები ცალკე შეაწყოთ, დიდები ცალკე.
  • მოიმარაგეთ საზომი/საწყაო ჭურჭელი და ინვენტარი.
  • გაითვალისწინეთ ახალდაფქული სანელებლები უფრო მძაფრია, ვიდრე უკვე დაფქული/დაფასოებული.
  • დაგჭირდებათ მიქსერის სტანდარტული ფეხიც და ცომის საზელი ფეხიც.
  • პასკის გემოც და სტრუქტურაც მეორე-მესამე დღეს უფრო გამოიკვეთება და დაჯდება.

მომზადების წესი:

1) ავიღოთ საშუალო ზომის ჯამი, ჩავასხათ 300 მლ თბილი წყალი, ჩავყაროთ და კარგად გავხსნათ 6 ს/კ დროჟი. ნელ-ნელა დავამატოთ ფქვილი (დაახლოებით 150 გრამი) და მივიყვანოთ მაწვნის/კრემის სისქემდე. აფუების მიზნით მოვათავსოთ სითბოში 30 წუთით.

2) დიდი ზომის თასში ჩავასხათ 1 ლიტრი ქაფქაფა რძე, ჩავყაროთ ფქვილი და ეს მასაც მივიყვანოთ არაჟნის სისქემდე, შეგიძლიათ მიქსერითაც ამოურიოთ. თასის ზომა კარგად შეარჩიეთ, რადგან საბოლოოდ აქ უნდა მოხვდეს ყველა ინგრედიენტი.

3) რძის და ფქვილის მიქსში შევურიოთ უკვე მომზადებული საფუარის მასა და კარგად ამოვურიოთ, და ამოსაფუებლად დავდგათ სითბოში, კიდევ 40 წუთით.

4) 10 კვერცხის გული და 700 გრამი შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, გოგლი-მოგლის სტილში.

5) გადმოვდგათ აფუებული ცომით სავსე დიდი თასი და შევურიოთ უკვე მომზადებული გოგლი-მოგლი და 600 გრამი ფქვილი (არსებული ფქვილის მარაგიდან). ეს ყველაფერი კარგად ავურიოთ. დავდგათ სითბოში კიდევ 1 საათი.

6) ქვაბში ან ჯამში ჩავჭრათ კარაქი და გავადნოთ დაბალ ცეცხლზე გაზქურაზე ან მიკროტალღურ ღუმელში; გამდნარი და არაცხელი მასა საწურით დავასხათ გაფუებულ ცომს.

7) გამდნარ კარაქს მივაყოლოთ მარილი, ილი, ჯავზი, ვანილი და რომი; ეს ყველაფერი კარგად გადავზილოთ, ჯერ ციცხვით, შემდეგ ხელით. დავამატოთ ლიმონის ზეთი და კვლავ გადავზილოთ. გავაგრძელოთ დაზელვა, ჩვენ დაახლოებით 30-40 წუთი უწყვეტად ვზილეთ, რაც უფრო დიდხანს ზელთ, მით უფრო ნოტიო პანეტონეს სტრუქტურას მიიღებთ.

ბარბარე ჯორჯაძე წერს: “სამი საათი უნდა დავზილოთ ცომი, რადგან კარგი პასკის გამოცხობა ცომის დაზელაზედაც არის დამოკიდებული”.

8) გადაზელილი მასა დადგით სითბოში, თავზე ზეთი მოუსვით ქერქი რომ არ გაიკეთოს; ცომმა ზომაში კარგად უნდა მოიმატოს, დაახლოებით 5-6 საათი შეიძლება დასჭირდეს.

9) ამოფუების შემდეგ, კიდევ ერთხელ მსუბუქად გადავზილოთ და ქიშმიში შევურიოთ.

10) ზეთიანი ან კარაქიანი ხელებით ვიღებთ გუნდებს და ვანაწილებთ ფორმებში – ფორმის 1/3 ოდენობით. ცომიანი ფორმები დავალაგოთ სითბოში, ნახევრამდე რომ ამოვა, ღუმელი გავაცხელოთ 150 გრადუსზე და როდესაც ¼ დააკლდება ფორმას, შევდგათ გამოსაცხობად.

11) ცხობის დრო 1 საათი და 30 წუთია (150-160 გრადუსი) პატარების შემთხვევაში უფრო ნაკლები, ბოლო 15-20 წუთი გააკონტროლეთ ხის წკირით.

 

მიღებული პასკის ფოტოები, სადა და მოკაზმული

🥞 პასკა მზად არის 😍#easter #easterbread #paska #foodphotography #აღდგომა #პასკა #ფოტო

Posted by Odelia Studio • ოდელია სტუდიო on Saturday, April 27, 2019

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

Leave a Reply

Top