თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ეს საინტერესოა > როგორ გავყინოთ ხილ-ბოსტნეული

როგორ გავყინოთ ხილ-ბოსტნეული

ალბათ, ყველა თქვენთაგანს უსარგებლია გაყინული პროდუქტებით. ეს პროდუქტის შენახვის მართლაც ძალიან მოსახერხებელი და კარგი მეთოდია, თანაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ისიამოვნოთ იმ საკვებით, რისი სეზონიც არ არის. ზაფხულში დიდი რაოდენობით ხილ-ბოსტნეულია, რომელიც თქვენ თავადაც შეგიძლიათ გაყინოთ და თვეების განმავლობაში შეინახოთ. ასეთი პროდუქტი ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს და გემოს, თანაც ბევრად იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე სუპერმარკეტში ყიდვა.


გაყინვის ინდუსტრიული პროცესის დროს, ხილის და ბოსტნეულის სწრაფი დამუშავება ხდება: მათ რეცხავენ, სწრაფადვე აშრობენ და მაქსიმალურად დაბალ ტემპერატურაზე სწრაფადვე ყინავენ. ეს საშუალებას იძლევა პროდუქტში მაქსიმალურად შენარჩუნდეს საკვები ნივთიერებები და ამავდროულად არ დაირღვეს მისი სტრუქტურა.

თითქმის ყველანაირი პროდუქტის გაყინვა შეიძლება, ხორცის, ხილის, ბოსტნეულის, ცომეულისაც კი. იმისათვის რომ პროდუქტმა შეინარჩუნოს სასარგებლო თვისებები, გემო და ფორმა, სახლში გაყინვისას რამდენიმე წესი უნდა დავიცვათ.
გასაყინი ხილ-ბოსტნეული აუცილებლად უნდა იყოს ახალი და საღი. უმჯობესია გაყინოთ პატარ-პატარა ულუფები. გაყინვამდე 24 საათით ადრე საყინულე გადაიყვანეთ მინიმალურ ტემპერატურაზე. დროის დაზოგვის მიზნით, მარწყვისა და ჟოლოს გარდა ყველა სხვა ხილს ერთბაშად ვყინავ, კარგად ვრეცხავ, ვაშრობ მთლიანად და შემდეგ პაკეტში ვყრი და საყინულეში ვდებ. მშრალი ხილი ერთმანეთს არ ეწებება.  მარწყვსა და ჟოლოს რაც შეეხება, შედარებით სათუთი ხილია და ასე ვიქცევი: გავრეცხავ სწრაფად, გავაშრობ და 1 ფენად ვდებ დიდ თეფშზე. საყინულეში როგორც კი ცოტა შემაგრდება გადამაქვს პაკეტში. ასე არც ერთმანეთს ეწებება და ფორმასაც ინარჩუნებს. ძალიან თუ გაიყინა, თეფშიდან აღება ჭირს მერე.
ხილი გაყინვის წინ კარგად გარეცხეთ და შეაშრეთ. დაალაგეთ დიდ თეფშზე ან დაფაზე და მაქსიმალურად სწრაფ რეჟიმში გაყინეთ. შემდეგ შეგიძლიათ კონტეინერში ან სპეციალურ გასაყინ პარკებში გადაიტანოთ და მჭიდროდ მოუკრათ თავი. აუცილებლად გამოდევნეთ ზედმეტი ჰაერი პარკიდან. კურკიან ხილს შეგიძლიათ კურკა გამოაცალოთ ან დაუტოვოთ (მაგ: ალუბალს), თუმცა დიდი ზომის ხილი, როგორიცაა გარგარი, ატამი, უმჯობესია კურკის გარეშე გაყინოთ. მსხალი, კომში და სხვა მსგავსი წვრილ კურკიანი ხილი უმჯობესია გაფცქვნათ, გაარჩიოთ და დაჭრილი გაყინოთ.  კარგად იყინება კენკრა: მარწყვი, ჟოლო, მოცხარი, მოცვი, ქაცვი და ა.შ. ზოგიერთი ხილი გაფცვნილი და დაჭრილი ფერს იცვლის და მუქდება, მათ შეგიძლიათ გაყინვის წინ ლიმონის წვენი მოასხათ.

თითქმის ყველანაირი ბოსტნეულის გაყინვა შეიძლება, თუმცა მათი უმეტესობა, გაყინვამდე ბლანშირებას, ანუ მდუღარე წყალში გამოტარებას მოითხოვს. გარეცხილი, დანაწევრებული ბოსტნეული მცირე ულუფებად ჩაყარეთ მდუღარე წყალში, ბლანშირების დრო სხვადასხვაა ბოსტნეულის სახეობის მიხედვით და 1-5 წუთამდე მერყეობს (დანაწევრებული ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო 3 წუთი, სტაფილო 3-5 წუთი, ისპანახი 3 წუთი, დატეხილი მწვანე ლობიო 3 წუთი, მწვანე ბარდა 2 წუთი, ყაბაყი 30 წამი, სატაცური 2-4 წუთი და ა.შ.) ბლანშირებული ბოსტნეული სწრაფადვე უნდა გავაციოთ, ამისთვის ცივ წყალში მოათავსეთ, კარგი იქნება ყინულსაც თუ ჩაამატებთ წყალში.  დაწურული ბოსტნეული შეაშრეთ სუფთა ტილოზე ან სამზარეულოს ქაღალდზე და გაყინეთ იგივენაირად როგორც ხილი. თუმცა მე პირადად ბროკოლის, ყვავილოვანს პირდაპირ უმად ვყინავ.

ბულგარული წიწაკა, რომელიც ზაფხულში, ზამთრისგან განსხვავებით, ძალიან იაფი ღირს და დიდი რაოდენობით იყიდება, შეგიძლიათ ბლანშირების გარეშე გაყინოთ, უბრალოდ გაასუფთავეთ, გარეცხეთ და სასურველ ზომაზე დაჭერით.
გაყინული ბოსტნეული გალღვობის გარეშე, პირდაპირ ჩაამატეთ წვნიანებში, მოამზადეთ ბრინჯთან, ხორცეულთან ერთად. ხილი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნამცხვრებში, გააკეთოთ კომპოტი, დაამატოთ შვრიის ფაფას, ან გაალღვოთ და მიირთვათ. გასალღვობად გამოიყენეთ მიკროტალღური ღუმელი, ან მაცივარში, თავდახურულ ჭურჭელში გაადნეთ 0-დან 3 გრადუსამდე ტემპერატურაზე.
მზა პური და ცომის სხვა, უმი პროდუქტები (პიცა, ტარტი, ღვეზელი და ხაჭაპურიც კი) გაყინვას კარგად იტანენ. პური შეგიძლიათ მიკროტალღურში გაალღვოთ და ახალივით გახდება, დანარჩენი ზემოთჩამოთვლილი ცომეულის ნაწარმი ჯერ სანახევროდ გაალღვეთ მაცივარში, (თუ ძალიან გეჩქარებათ 30 წუთით დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე) შემდეგ კი გახურებულ ღუმელში გამოაცხვეთ ჩვეულებრივად.
შეიძლება გაყინოთ მზა კერძებიც, თუმცა ცხიმის შემცველობის გამო მათი შენახვა უფრო ნაკლები დროითაა რეკომენდირებული. ასევე გაითვალისწინეთ, რომ სანელებლებით და სხვა არომატებით შეზავებულ კერძს გაყინვამ შესაძლოა გემო შეუცვალოს.
გამლღვალი პროდუქტი გამოიყენეთ , რაც შეიძლება მალე, ნუ დატოვებთ 2 დღეზე მეტხანს, თუნდაც მაცივარში.

კომენტარები

კომენტარი

21 thoughts on “როგორ გავყინოთ ხილ-ბოსტნეული

  1. ძალიან საინტერესო სტატიაა, მადლობა ნინოს :)

  2. ზუსტად დღეს უნდა გავყინო ალუბალი :) ხშირად ვიყენებ ამ მეთოდს და წელს ახალი წლის სუფრაზე მშვენიერი და არომატული მოხარშული ჭყინტი სიმინდიც კი მქონდა
    :)

    1. მარკეტებში სპეციალური ზიპ-საკეტიანი პარკებიც იყიდება გასაყინად, თქვენ ალბათ იცით, მაგრამ სხვებმაც რომ იცოდნენ :) ძალიან მოსახერხებელია

    2. ნანიტა მთლიანი ტარო გქონდა გაყინული? ძალიან მაინტერესებს თუა შესაძლებელი ტაროიანად გაყინვა. მადლობა

  3. მართლაც ბევრ სასარგებლო რჩევას გვიზიარებთ, მადლობა.

  4. მაინტერესებს რამდენად რეკომენდირებულია გაყინული ხილის შესანახად მაწვნის და ხაჟოს პლასტიკატის ჭიქები,მე ასე ვინახავ და ძალიან მოსახერხებელია,ასევე ნაყინის კონტეინერები. ვინც იცით მიპასუხეთ, მადლობას გიხდით.

    1. ვერ გეტყვით, თუ ზედმეტ ყინულს არ იკიდებს ხილი და კარგადაა დაცული, ალბათ შეიძლება.მე არ გამომიყენებია. პარკი იმითაცაა კარგი რომ ადგილის ათვისება კარგად ხდება, ასე ვთქვათ, ჩააკვეხებ სადაც გინდა, .

    1. საზამთროს გაყინვა არც მიფიქრია, გადნობის შემდეგ დარბილდება, სიხრაშუნეს დაკარგავს, სხვაშიც ვერაფერში გამოიყენებთ, დესერტებს ვგულისხმობ…

  5. სიმინდის გაყინვა თუ გიცდიათ ვინმეს?და როგორ მდგომარეობაში?მოხარშული თუ მოუხარშავი?

    1. მე არ გამიყინია.ეხლა რომ დავფიქრდი, ნედლი სიმინდის გარჩევა, მგონი ცოტა ძნელი იქნება, ისე კი დიდ ადგილს დაიკავებს. ცოტას ვსინჯავ, მეც მაინტერესებს

    1. ლალი, შემწვარი ბადრიჯანი გამიყინავს,ახალს ვერ შეედრება, მაგრამ ნორმალურია რა. უმადაც ვცადე, ადრე, ოღონდ აჯაფსანდალს ვაკეთებდი ზამთარში ბავშვისთვის (თურქულ ბადრიჯანს ვერიდებოდი) შეწვა არ მიცდია

        1. რადგან ასე ხარ დაინტერესებული, სცადე და ჯერ რამდენიმე ნაჭერი გაყინე,მერე შეწვი, თუ მოგეწონება შემდეგ გაყინე ბევრი :)

  6. ნინო, მაცივარი მშრალი ყინვის უნდა იყოს თუ ნახევრადმშრალის

    1. სასურველია მშრალი, ჩემი ასეთია ყოველ შემთხვევაში :)

      1. ჩემი ნახევრადმშრალია. ვცდი და შედეგებს მოგახსენებთ ერთ-ორ თვეში :)

        1. ნახევრადმშრალ მაცივარში გავყინე შემწვარი ბადრიჯანი და საკმაოდ გემრიელად მივირთვით ახალ წელს

  7. კარგი ინფორმაციააა, კენკროვანს ხშირად ვყინავ ხოლმე, ზაფხულში ბოსტნეულზეც ვცდი :)

Leave a Reply

Top