თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბურღულეული > რიზოტო, რეცეპტი და ცოტა მეტიც…

რიზოტო, რეცეპტი და ცოტა მეტიც…

რიზოტო პოპულარული ჩრდილო- იტალიური კერძია, რომლის  მთავარი ინგრედიენტია ბრინჯი, თუმცა არა ყველანაირი.  არსებობს რამდენიმე კლასიკური რეცეპტი, ანუ ინგრედიენტთა შეხამება. დანარჩენი კი გემოვნებისა და ფანტაზიის საქმეა.

რიზოტოსთვის გამოიყენება იტალიური ბრინჯის სამი სახეობა – არბორიო, კარნაროლი და ვიალონე ნანო.

ბრინჯის ამ სახეობებს აერთიანებს ორი სახის სახამებლის შემცველობა. სახამებელს, რომელიც ბრინჯის მარცვლის კანში შედის, ამილოპექტინი ჰქვია, ხოლო მარცვალში შემავალს ამილოზი. ამილოპექტინი წყალში სწარაფად ხსნადია, რაც უზრუნველყოფს რიზოტოს კრემოვან სტრუქტურას, ამილოზი კი პირიქით, ძნელად ერევა წყალს და პასუხისმგებელია ბრინჯის ”ალ დენტე” მდგომარეობამდე ხარშვაზე. მარტივად რომ ვთქვათ, ამილოზის გამო, მარცვალი ცენტრში რჩება შედარებით მაგარი საკმარისად მოხარშულიც კი.

სწორედ ამ თვისებების გამო, მკაცრად რეკომენდირებულია, რომ არ გარეცხოთ ბრინჯი მოხარშვის წინ!

ყველაზე მეტი ამილოპექტინი არბორიოში შედის, ამიტომ ითვლება, რომ ამ სახეობის ბრინჯით ყველაზე მარტივია რიზოტოს მომზადება.

ახლა, რაც შეეხება ყველს,რიზოტოს ერთ-ერთ შემადგენელ ინგრედიენტს: იტალიელები ამ შემთხვევაში ”გრანა” ტიპის ყველს მოიხმარენ, პარმეზანს, იგივე პარმეჯანო რეჯანოს და გრანა პადანოს.

მაგრამ ექსპერიმენტები სავსებით შესაძლებელია!  გახსოვდეთ, რომ რიზოტო, უპირველეს ყოვლისა, ბრინჯის კერძია და ყველი მხოლოდ აკომპანიმენტს უწევს მას :) ასეთი რიზოტო, მართალია, აღარ იქნება კლასიკური, მაგრამ სრულიად შესაძლებელია იყოს გემრიელი :)

შემადგენლობის მიხედვით, რიზოტო შეიძლება იყოს მთავარი კერძი ან გარნირი.

მომხიბლავი იტალიელი მზარეული,  ჯინო დ’აკამპო, თავის შესანიშნავ წიგნში  ”ფანტასტიკო” ( ეს წიგნი ჩვენი ბლოგის მკითხველმა და მეგობარმა, ქეთი მაღლაკელიძემ მაჩუქა, კიდევ ერთი საჯარო მადლობა მას :))  რამდენიმე პრინციპულ რჩევას გვაძლევს რიზოტოს მომზადების შესახებ.  თქვენც გაგიზიარებთ :) მაშ ასე, ჯინო გვირჩევს:

თუ ვერ შოულობთ რიზოტოს ბრინჯს, ნურაფრით ჩაანაცვლებთ,რადგან ეს აღარ იქნება რიზოტო.

რიზოტო მოხარშეთ დიდ ქვაბში,  თავსახურის გარეშე

მომზადებისას გამოიყენეთ ხის კოვზი.

ნუ დატოვებთ კერძს უმეთვალყურეოდ.

თუ ამზადებთ ზღვის პროდუქტების ან თევზის რიზოტოს, არავითარ შემთხვევაში არ დაამატოთ ყველი!

კრემოვანი სტრუქტურისთვის აუცილებელია ბოლოს კარაქის დამატება

რიზოტოს მოსამზადებლად ასევე აუცილებელია ღვინო და ბულიონი. ღვინო უნდა იყოს თეთრი, მშრალი, ხარისხიანი. ნუ გამოიყენებთ ღვინოს, რომელსაც არ დალევდით :)  სხვათაშორის ეს მხოლოდ რიზოტოს არ ეხება… ბულიონი ქათმის ან ბოსტნეულის უნდა იყოს. შეიძლება ბულიონის კუბებიც გამოიყენოთ,შესაბამისი პროპორციით გახსნილი წყალში.

დღეს რიზოტოს ყველაზე მარტივ რეცეპტს გთავაზობთ, ესაა რიზოტო პესტოს სოუსით.  პესტო შეგიძლიათ მზა შეიძინოთ სუპერმარკეტებში. ამ რეცეპტში ასევე შეიძლება გამოიყენოთ სხვა, თქვენთვის სასურველი მწვანილისგან დამზადებული პესტო, მთავარია, უხდებოდეს კერძს და თქვენ მოგწონდეთ. საერთოდ, რიზოტოს უამრავი რეცეპტი არსებობს, შეგიძლიათ დაამატოთ ყველანაირი ბოსტნეული,ქათმის ხორცი, ზღვის პროდუქტი, თევზი, ასევე ქოქოსი,მარწყვი, შოკოლადიც კი!  მთვარია მომზადების ძირითად წესს დაეუფლოთ, დანარჩენი უკვე მარტივია და თქვენი ფანტაზიით განავრცობთ რეცეპტს. დროთა განმავლობაში, სხვა რეცეპტებსაც შემოგთავაზებთ.

250 გ რიზოტოს ბრინჯი

1 ლ ბულიონი ან წყალი

100-150 – მლ თეთრი ღვინო

1 თეთრი ხახვი

50 გ პარმეზანი

კარაქი 50 გ (ცოტა მეტიც შეიძლება, თუ კალორიებს არ გაურბით)

მზა პესტო სოუსი, 4-5 ჩ.კ.( ან მეტიც, გემოვნებით)

მარილი

სასურველია გამოიყენოთ სქელძირიანი, მოზრდილი ქვაბი.

ხახვი წვრილად დაჭერით და ზეითუნის ზეთში მოშუშეთ. დაამატეთ ბრინჯი და ურიეთ რამდენიმე წუთი,სანამ ბრინჯი გამჭვირვალე არ გახდება და არ გაჟღინთება ზეთით. დაასხით ღვინო, დაუწიეთ ცეცხლს და დაელოდეთ, სანამ ღვინოს მთლიანად შეიწოვს.

ამის შემდეგ იწყებთ ცხელი ბულიონის დამატებას. ბულიონი ემატება ნაწილ-ნაწილ, მცირე რაოდენობით. რეცეპტში მითითებული რაოდენობა დაამატეთ 4-5 ჯერზე. ცოტას რომ ჩაასხამთ,აცალეთ სანამ მთლიანად შეიწოვს ბრინჯი, შემდეგ მეორე ნაწილი დამატეთ, როცა მასაც შეიწოვს, მესამე და ა.შ. ბოლომდე. ბულიონის დამატებისას თან ხის კოვზით ფრთხილად მოურიეთ.

როცა ბრინჯი მთლიანად შეიწოვს ბულიონის მარაგს,გამორთეთ ცეცხლი, დაამატეთ გახეხილი ყველი,კარაქის კუბები და პესტოს სოუსი, ამოურიეთ და რამდენიმე წუთით დატოვეთ თავდახურულ ქვაბში.

სულ ეს იყო :) გემრიელად მიირთვით :)

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top