თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 2+ სთ > ავე, რამენ!

ავე, რამენ!

სანამ აზიური სამზარეულოს ყველაზე ცნობილი წვნიანის – რამენის რეცეპტზე გადახვალთ, ავტორი უნდა წარმოგიდგინოთ – მარიამ ბლანკი, ბლოგერი, ფოტოგრაფი, პარტიზანი მებაღე, მოგზაური, ჯანსაღი კვების გურუ და უბრალოდ პოზიტიური ადამიანი, რომელსაც არ დაეზარა და ეს უგრძესი რეცეპტი დეტალურად ჩამოაწიკწიკა. მადლობა მას! გირჩევთ, მარიამის იუთუბ არხსაც გადახედეთ, ბევრ საინტერესო, ჯანსაღ და გემრიელ რჩევას აღმოაჩენთ
ესეც არხი Youtube.com/mariamblanc დანარჩენს ავგტორი თავად მოგიყვებათ :

აზიური სამზარეულო ყოველთვის იყო ჩემი განსაკუთრებული სიყვარული, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში მოგზაურობის შემდეგ კი, განსაკუთრებულად დავინტერესდი. იაპონიაში არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში გამისინჯავს მათი სამზარეულო და მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ავთენტურობამდე ყველას აკლდა მაინც მაქვს მცირე წარმოდგენა.
გადავწყვიტე, რომ იაპონური კულტურისა და ანიმეს ყველაზე პოპულარული წვნიანი კერძის გაკეთება მე თვითონ მეცადა, ასე დავიწყე რამენის რეცეპტის კვლევა. მომზადება არ არის რთული, თუმცა შრომატევადია და სპეციფიკურ ინგრედიენტებს საჭიროებს.
რა დაგჭირდებათ რამენის ჩემი, მოდიფიცირებული ვერსიის დასამზადებლად:
კომბუ (წყალმცენარე) – 25 გრ

MSG – 10 გრ (2 ჩაის კოვზი)

ქათმის ძვლიანი ნაჭრები (კისერი,ფეხები, ფრთები) – 800-1000გრ

ღორის ძვლები – 200გრ

პრასი – 150 გრ (ორი მსხვილი ღერო)

მწვანე ხახვი – 1 კონა

კოჭა – ერთი მსხვილი ძირი

ნიორი – 1 თავი

სოკო – რომელსაც იშოვით (მე კალმახა შემხვდა, შამპინიონიც მიდის. შიიტაკე ყველას ჯობია)

კვერცხი – 6 ცალი

რამენის ნუდლები – 1 შეკვრა

სიმინდის კონსერვი – 1ცალი

ქათმის ძვლიანი მკერდი – 1 ცალი

მისოს პასტა (თეთრი ჯობია მაგრამ მუქიც ვარგა)

სოიოს სოუსი

მირინი

ლიმონის წვენი

საკე (რომელსაც ვერ იშოვით) ამიტომ თეთრი ღვინო

ნებისმიერი აზიური ძმარი

სეზამის ზეთი

დაფნის ფოთოლი, მიხაკის ჩხირები, პილპილის ბურთები, მარილი, შაქარი.

ამ რაოდენობის ინგრედიენტებისგან გამოდის 6 საშუალო პორცია.

ეტაპი I

უმ ხორცს ვალბობთ თბილ წყალში რომ მოშორდეს ზედმეტი სისხლი და ჭუჭყები. 1 საათის შემდეგ თბილი წყლის ქვეშ ვრეცხავთ ხორცის ნაჭრებს, ვათავსებთ ქვაბში და ვასხამთ წყალს ისე რომ ხორცის ფენის ორმაგი ოდენობის წყალი დარჩეს ზემოდან (1:3).

ვამატებთ პილპილს,მიხაკს, MSG, დაფნის ფოთოლს, რამდენიმე კბილ ნიორს და ვადუღებთ. როგორც კი დუღილი დაიწყება აუცილებელია მოქაფვა. დაახლოებით 3ჯერ უნდა მოქაფოთ. როგორც კი ჭუჭყის ამოტანა შეწყდება დაუწიეთ ცეცხლს და ძალიან დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 3-5 საათი. წყალმა უნდა დაილოს ნახევარზე და ხორცის ნაჭრები უნდა დაიშალოს. სურვილისამებრ დაამატეთ სულ ცოტა მარილი (არ გადაამეტოთ თორემ ჯამში რამენი ისეთი მარილიანი გამოვა რომ ვერ შეჭამთ)


ეტაპი II

ვხარშავთ ტარეს, ბაზას რომელზეც აეწყობა მთელი რამენი და ეს იქნება არომატის ის ძირითადი წყარო, რაც კერძს ხდის განსაკუთრებულს.

მცირე ქვაბში ჩადეთ კომბუ, გაწმენდილი კოჭა, სოკო, პრასი, დარჩენილი ნიორი, 3 სუფრის კოვზი მარილი, 3 სუფრის კოვზი შაქარი. დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. ადუღებიდან 10 წუთის შემდეგ ამოიღეთ კომბუ,დაამატეთ 2 სუფრის კოვზი მირინი და დანარჩენი ინგრედიენტები ხარშეთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 1.5 საათის განმავლობაში. შემდეგ გამორთეთ ცეცხლი და დააცადეთ გაგრილება. გაგრილების შემდეგ დაამატეთ 1 ჩაის კოვზი მისოს პასტა და კარგად მოურიეთ.

ეტაპი III

აადუღეთ წყალი, დაამატებთ ოთახის ტემპერატურის კვერცხები და 7 წუთი ხარშეთ.გადმოიღეთ კვერცხები ყინულიან წყალში და საშუალოდ რომ შეგრილებდა გაფრცქვენით ძალიან ფრთხილად, კვერცხი თოხლო იქნება.
მოამზადეთ კვერცხის მარინადი. ზუსტდ რაოდენობებს ვერ გეტყვით მაგრამ დაახლოებითი პროპორცია ასეთია:

1 წილი ძმარი

3 წილი ლიმონის წვენი

3 წილი სოიოს სოუსი

1 წილი ღვინო (საკე კარგია, მაგრამ თეთრი ღვინოც ვარგა)

ნახევარი კოვზი შაქარი ან თაფლი

მარინადი უნდა გამოვიდეს იმდენი რომ კვერცხები თითქმის ბოლომდე დაფაროს (ერთ ჯამში). კვერცხებს მარინადში ჩადების შემდეგ ზემოდან უნდა დაადოთ სიმძიმე, რომ ოდნავ დაიპრესონ. დააფარეთ საკვები ცელოფანი და დაელოდეთ 12-24 საათი.

ეტაპი 4 – აწყობა

გააცხელეთ ბულიონი და გაცხელებისას სურვილის შემთხვევაში დაამატეთ წიწაკის ფანტელები.

რამენის ფიალებში შემდეგი თანმიმდევრობით გაანაწილეთ:

3 სუფრის კოვზი ტარე ცივად, ნახევარი ჩაის კოვზი სეზამის ზეთი, მოხარშული და გადაწურული ნუდლი, შემწვარი და დაჭრილი ქათმის ხორცი, დაბრაწული სოკო, სიმინდის მარინადი, ორ ნაწილად გაჭრილი კვერცხი და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.

დაასხით ცხელი ბულიონი და გემრიელად მიირთვით.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top