თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ქინვას (quinoa) და ავოკადოს სალათა

ქინვას (quinoa) და ავოკადოს სალათა

დღევანდელი პოსტით საქართველოში არც ისე პოპულარული, თუმცა სასარგებლო და საკმაოდ გემრიელი მარცვლეული – ქინვა , გნებავთ ქინოა მინდა გაგაცნოთ. ამერიკაში მას საკმაოდ ხშირად მოიხმარენ სალათებში ან გარნირის სახით. მოხარშვის შემდეგ ძალიან ფუმფულა, ნაზი და საკმაოდ გემრიელია. შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერი ბოსტნეული და არაჩვეულებრივ, ჯანსაღ კერძს მიიღებთ.

2 წლის წინ, სანამ საქართველოს დავტოვებდი, ქინოა ქართულ ბაზარზე არ შემხვედრია. დიდი იმედი მაქვს ახლა მაინც იშოვება ან მალე გახდება პოპულარული. ამიტომ მე რეცეპტს მაინც შემოგთავაზებთ, ასე ვთქვთ, მოვლენებს გავუსწრებ :)

quinoa

სალათის მოსამზადებლად ფერადი ქინოა გამოვიყენე (იხ. ზედა მეორე ფოტო). უბრალოდ კარგად გავრეცხე, დავასხი წყალი, მოვხარშე და გადავწურე ზედმეტი სითხისგან. მოხარშვის შემდეგ მარცვლები გამჭვირვალე ეფექტს იღებს.

ავოკადო გავასუფთავე და დავჭერი კუბებად. პომიდორს გამოვაცალე ზედმეტი თესლი და ასევე დავჭერი კუბებად. ასეთ შემთხვევებში მე ყოველთვის “Roma”-ს სახეობის  პომიდორს ვიყენებ, მეტი რბილობი და ნაკლები წვენი აქვს. ესეც ფოტო თვალსაჩინოებისთვის:

მეტი ნოყიერებისთვის სალათს დაჭრილი ქათმის ხორციც დავამატე, წინა დღის სადილიდან შემორჩენილი. თუმცა ეს აუცილებელი არ არის, მხოლო სურვილით. ქათმის ხორცის გარეშე მშვენიერი ვეგეტარიანული კერძი გამოვა. ყველა ინგრედიენტი კარგად ავურიე, დავამატე მარილი, პილპილი, ლიმონის წვენი, ზეთი და დაჭრილი ქინძი. რა ბედნიერებაა, რომ მექსიკელების წყალობით ეს ღვთაებრივი მწვანილი კალიფორნიაში ნამდვილად უხვად იშოვება!

qinoa-salad-1500x1000
ესეც ასე, ჯანსაღი, მარტივი და გემრიელი სალათა მზადაა! Bon appetit!

გამოვიყენე:

2/3 ჭიქა ქინოა

1 დიდი ავოკადო

2-3 საშუალო ზომის პომიდორი

ცოტაოდენი ქათმის ხორცი, წინასწარ მომზადებული (ვეგეტარიანულ ვერსიაში გამოტოვეთ)

ქინძი

მარილი, პილპილი

ლაიმის ან ლიმონის წვენი (ჩემთან ლაიმი უფრო იაფია :))

ზეითუნის ზეთი

Read more: http://ratatui.me/quinoa-salad/#ixzz44VUiQGjF

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

One thought on “ქინვას (quinoa) და ავოკადოს სალათა

Leave a Reply

Top