თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ევროპული > ქათმის ფრთები ავსტრიული სოუსით

ქათმის ფრთები ავსტრიული სოუსით

1) ქათმის ფრთები
ქათმის ფრთები გავრეცხოთ, პატარა ჯამში ავურიოთ როზმარინი, ზეთისხილის ზეთი, ლიმონის წვენი, წითელი წიწაკა და მარილი. აღნიშნული მიქსით დავამუშაოთ ქათმის ფრთები და ფოლგა გაფენილ ყალიბზე დავალაგოთ, შევდგათ ღუმელში და შევწვათ, დაახლოებით 150–200-0C ტემპერატურაზე.
შემწვარი ფრთები გადმოვალაგოთ თეფშზე.

2) გარნირი – სალათი
ამ სალათის მომზადება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, უმარტივესია.
მოვამზადოთ სასალათე ჭურჭელი. სათითაოდ გავრეცხოთ სალათას ფოთლები და მსხვილად დავჭრათ. მოვაჭრათ წვრილად დაჭრილი ქინძი და კამა, ვაპკუროთ ვაშლის ძმარი და ზეთისხილის ზეთი, მოვაყაროთ მარილი და კარგად ავურიოთ სასალათე ციცხვატელათი. ბოლოს შევურიოთ ოთხად დაჭრილი პომიდორი “ჩერი”, ისევ ავურიოთ.
ესეც გარნირი.

სალათა

3) ავსტრიული სოუსი, იგივე ნივრის და მწვანილეულის სოუსი
“ყველაზე მაგარი სოუსი დედამიწაზე. ბოლო 2 თვეა ამაზე შევჯექი. შეიძლება ითქვას ტყემალი ჩაანაცვლა :)” – ალბათ სოუსის მორიგი დაგემოვნების შემდეგ დაპოსტა ავსტრიაში მყოფმა მეგობარმა და რეცეპტიც უმალ მოაყოლა.
სოუსთან ანუ საწებელთან დაკავშირებით დიდი ხანია ცდებს ვატარებ, ხან რას ავურევ ერთმანეთში და ხან რას, ხან მომწონს და ხან არა . . .
ტყემალს თუ რამე ჩაანაცვლებდა ნამდვილად არ მეგონა . . . .
დავინტერესდი რეცეპტით, უფრო სწორად მითითებული ინგრედიენტების ურთიერთობით. არაჟანი და ნიორი, ნიორი და ლიმნის წვენი. დისკუსიისას მაწონი გამოვრიცხეთ, მაგრამ მოგვიანებით გამახსენდა ბაბოს ნასწავლი საკმაზი ატრიისთვის (მოხარშული ცომი). ატრიის საკმაზი სწორედ მაწონის და ნიორის ან მაწონის და მოდაღული ხახვის ნაზავია. მოხარშულ ცომთან კი არაჩვეულებრივია.
ამ ფიქრებით შევუდექი ტყემლის შემცვლელი ავსტრიული სოუსის მომზადებას.
ყველა ინგრედიენტი ნაცნობი და საყვარელია, ასე რომ არ გაგიჭირდებათ მოძიება.

არაჟანი, მაიონეზი, ლიმონის წვენი, დაჭრილი ლიმონი, ნიორი ათქვიფეთ ხელის ბლენდერით (რამდენიმე წამით), შემდეგ ჩაყარეთ დაჭრილი კამა და სალათის ფოთოლი (თუ გაქვთ მწვანე ხახვი, თავები დააჭერით და გამოიყენეთ მწვანე ნაწილი, მოუხდება), ისევ რამდენიმე წამით ჩართეთ ბლენდერი.
შეკმაზეთ მარილით, წითელი და შავი პილპილით, ახლა უკვე ციცხვით ამოურიეთ.
უგემრიელესი არომატებით სავსე სოუსიც მზად არის.
სოუსი

#1 რეკომენდაცია: გამოიყენეთ ხელის ბლენდერი
#2 რეკომენდაცია: უხდება ყველაფერს, რასაც უხდება ტყემალი, განსაკუთრებით შემწვარ კარტოფილს და ხორცს.

კომპოზიციის აწყობაში დიდად ორიგინალური არ გახლავართ, მაგრამ რაც გამოვიდა გემრიელი იყო.
სიტყვაზე მენდეთ ან სცადეთ :) ;)
ქათმისფრთები

რა გამოვიყენე:

500 გრ – ქათმის ფრთა
1/5 ჩ/კ – როზმარინი
1 ს/კ ზეთისხილის ზეთი
2 ს/კ ლიმონის წვენი
წითელი წიწაკა, მარილი თვალის ზომით
———-
1 კონა სალათას ფოთოლი
100 გრ – კამა/ქინძი
6 ც – პომიდორი ჩერი
1 ჩ/კ ძმარი
1 ჩ/კ ზეთისხილის ზეთი
მარილი
–––––––––––––––––
400 გრ – არაჟანი
200 გრ – მაიონეზი
1 დიდი ლიმონის წვენი
1 დიდი ლიმონი
12 კბილი ნიორი
კამა – 100 გრ
3 ც – სალათის ფოთოლი
მარილი, წითელი და შავი პილპილი
–––––––––––––

და ბოლოს, ვიდეო ტუტორიალი წარმოდგენის შექმნისთვის :)

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
If you want to tell people the truth, make them laugh, otherwise they'll kill you.” ― Oscar Wilde თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://eatandtour.com

Leave a Reply

Top