თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ევროპული > ქათამი სადღესასწაულოდ

ქათამი სადღესასწაულოდ

ხომ იცით ახალ წელს როგორც ხდება, თითქმის ყველგან ერთი და იგივე კერძებია, ბევრი ნიგოზი, ბევრი ცხარე და მჟავე. ტკბილი ხომ მით უფრო :) მოკლედ, საკმაოდ მძიმე დღეები ელოგება ჩვენს ორგანიზმს…   მაგრამ მაინც ხომ უნდა გააკეთო რაღაც.

სიმართლე რომ გითხრათ, საცივი მაინცდამაინც არ მხიბლავს, ამიტომ თითქმის არასდროს ვაკეთებ.  აი ასეთი, დაბრაწული, სურნელოვანი, ათასი არომატით გაჯერებული ღუმელში შემწვარი ქათამი ან ინდაური კი უფრო ჯანსაღიცაა და გემრიელიც ჩემთვის.  თუმცა გოზინაყსა და  კუჭმაჭს დღესასწაული რად უნდა? :D

ეს ფოტო ძველი გადაღებულია, ალბათ შარშანდელი. სწორედ საახალწლო დღეებში მოვამზადე მახსოვს.   ეხლა ხომ სწორედ ასეთი რეცეპტების დროა, ჰოდა, დავწერ ბარემ.

აქვე გეტყვით, ამგვარად ინდაურის მომზადებაც შეიძლება. მაგრამ ქართულ სოფლის ინდაურს, ქათმისა არ იყოს ცოტა მაგარი ხორცი აქვს, ამიტომ შეაძლოა პირდაპირ ღუმელში მისი წაბრძანება მთლად სწორი ნაბიჯი არ იყოს. აი, უხცოელი ინდაურებისთვის ეს რეცეპტი მისწრება იქნება, თუმცა სანალებლებიც უნდა მიამატოთ და შეწვის დროც გაზარდოთ დაახლოებით სამ საათამდე, ინდაურის ზომის მიხედვით.

4zura (Copy)

 

ქათამი 2-2,5 კგ
50 გ კარაქი
ნახევარი ფორთოხალი
ნახევარი ლიმონის წვენი

ქლიავისა და გარგრის ჩირი 3-4 თითოეული(ცოცხალი ქლიავიც შეიძლება)
ქიშმიში 3 ს.კ
კომში (და ვაშლიც) 1/2
100-150 გ მოხარშული ბრინჯი
დარიჩინი,კარდამონი, 1-2 ჩ.კ შაქარი
მარინადისთვის: 1 ლ წყალი+ 1 ს.კ მარილი, 1-2 მიხაკი, 1-2 ანისის ვარსკვლავი, დარჩინი და გახეხილი მუსკატი გემოვნებით, ლიმნისა და ფორთოხლის რამდენიმე ნაჭერი

 

 

ქათამს ერთი დღე დაამარინადებთ სანელებლებიან წყალში: 1ლ წყალზე 1 ს.კ მარილი, ცოტა დარიჩინი, ანისის ვარსკვლავი, 1-2 მიხაკი, ცოტა გახეხილი მუსკატი, ფორთოხლის- ლიმონის რამდენიმე ნაჭერი. ამ არომატების რაოდენობა განსაზღვრეთ იმის მიხედვიტ თუ რამდენად გიყვარს თითოეული, შეგიძლია მოაკლოთ ან დაამატოთ რამე. ასე ხორცი აიღებს გემოს.
შემდეგ კარგად გაამშრალეთ შიგნით-გარედან და ფრთხილად ააძვრეთ კანი მკერდის და ბარკლების მიდამოში, სულ არ მოაძროთ, არამედ სივრცე რომ გაჩნდეს, მაგრამ კანი არ დააზიანოთ. მაგ სივრცეში შეაზილავთ დარბილებულ კარაქის ნაწილს და გარედან ხელით კარგად გადაანაწილებთ.
ახლა სატენი: მე გამოვიყენე გაყინული ცოცხალი ქლიავი და კომში, შეგიძლიათ ქლიავის ჩირით შეცვალოთ. ცოტა კარაქში მოშუშავთ დაჭრილ ქლიავს ან ჩირს, კურაგას, ქიშმიშს, კომშს, ვაშლიც შეგიძლიათ, ისეთი ჯიშის, ძალიან რომ არ ჩაფლავდეს, ცოტა მაგარი. დაამატებთ დაჭრილ ფორთოხალს, კანიანს(თუ კანი არ გინდათ მოაცალეთ, რა პრობლემაა) ცოტა ლიმნის წვენს, ბოლოს დარჩინს გემოვნებით და კარდამონს. შეურევთ 100-150 გ მოხარშულ ბრინჯს და 1-2 ჩ.კ შაქარს.
ქათამს მარილს წაუსვამ შიგნით გარედან და გამოტენით ამ სატენით, ჩხირებით შეუკარით მუცელი, ფრთებიც ჩხირებით მიამაგრეთ რომ არ გაიშალოს შეწვისას, ფეხებიც დაუმაგრეთ ძაფით ან ჩხირებით.ზემოდანაც მოასხით ცოტა ლიმონის ან ფორთოხლის წვენი და შეწვით ღუმელში 200 გრადუსზე ჯერ ფოლგის ქვეშ, მერე კი დაბრაწეთ. პერიოდულად ასხით თავისივე წვენი ზემოდან.

მზას გამოაცალეთ სატენი და დაჭერით, მიირთვით ამ სატენთან ერთად.

ასეთი სატენი თუ არ მოგწონთ, შეგიძლიათ სხვა სცადოთ. ეს მხოლოდ ერთი ვარიაციაა.  ძალიან გემრიელი გამოდის  ასეთი ვარიანტიც: ქათმის გულ-ღვიძლი და კუჭი დაბრაწეთ ბეკონთან ერთად, დაამატეთ ცოტაოდენი გახუხული, დაფქული პური, ნიორი, წიწაკა, ქონდარი, ამოავსეთ ქათმის მუცელი ამ სატენით და შეწვით.

ცოტა არ იყოს მომშივდა :(

ალბათ დროა, პოსტიც დავამთავრო.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

17 thoughts on “ქათამი სადღესასწაულოდ

  1. ბრინჯი არ მიყვარს, და მის გარეშე რომ გავაკეთოთ ეს სატენი? :)
    რომ შეიწვება ეს სატენი უნდა გამოვიღოთ? როგორ გამოვიღოთ? ეგ აღარ იჭმევა? :)

    1. რა თქმა უნდა შეიძლება ბრინჯის გარეშეც, მხოლოდ ხილით ან საერთოდ ცარიელი ქათამი. რეცეპტის ბოლოს მეორენაირი სატენიც წერია, იქნებ მოგეწონოთ :)

      ბრინჯიანი სატენი იჭმევა ქათამთან გარნირის სახით, ჯერ გამოიღებთ კოვზით, შემდეგ დაჭრით ქათამს

      1. კარფურში არის? ასე ცოცხლად იყიდება თუ ქილებში?
        საახალწლოდ ვაპირებთ გაკეთებას და ამიტომ გაწუხებთ ასე დაწვრილებით :)

        1. მე პირადად ვყიდულობ ხოლმე ვაგზალზე, ”პასაჟის სუნელების კაცთან” ბაზისკენ რომ გასასვლელია, იქ აქვს პატარა ჯიხური, კუთხეში. აქვს ათასნაირი სუნელი, ცალობითაც კი იყიდება ეს ვარსკვლავები, დარიჩინის ჯოხები და ა.შ.

  2. ეს ქათამი შესაწვავ პარკში რო შევწვათ კარგი გამოვა ვითომ? როგორც ეს: http://ratatui.me/როგორ-შევწვათ-ყველაზე-რბ/

    ინგრედიენტების გარდა რა განსხვავება იქნება ამათ შორის? ანუ დაბრაწული იქნება თუ უფრო რბილი და წვნიანი? იმედია მიხვდით შეკთხვას :))

    p.s. fb ავტორიზაცია აღარ გაქვთ კომენტარებზე?

    1. კი, პარკებშიც იბრაწება ჩვეულებრივად. თუმცა იმ რეცეპტში მარილია დიდი რაოდენობით რაც არბილებს ხორცს. ფბ ავტორიზაცია მალე აღდგება,როცა ახალი საიტი მთლიანად ჩაიტვირთება

  3. პარკშიც დაიბრაწება?
    მე კალმახი შევწვი რამდენჯერმე პარკში და უფრო რბილი გამოვიდა, ჩახარშული ვიდრე დაბრაწული..

    1. თევზი დაბრაწული თუ გინდათ, ტაფაზე უნდა შეწვათ, ღუმელში არ დაიბრაწება, დიდხანს თუ გააჩერებთ გამოშრება.

  4. ეს ქათამი რო დაბრაწული გამოვიდეს, პარკში შევწვა თუ უპარკოდ ღუმელში? :)

    1. ორივე შემთხვევაში დაბრაწული გამოვა, პარკი ხელს არ უშლის დაბრაწვის პროცესს

  5. ე, ეველინა, ჯადო! გარეთ მურა აყმუვლდა! რა მაგარი ბიჭი დადგა, ვერ წარმოიდგენ. ამასწინათ გვიან გამოვედი რედაქციიდან, შტეფი მელოდა და არ მინდოდა, რომ ეღელვა, ხომ იცი, ცოტა დაშინებული ქალია და სახლში მარტოს ყოფნა არ უხარია. ჰოდა, ტაქსის გამოვყევი და მძღოლი სრული იდიოტი აღმოჩნდა. ჯერ იყო და მისამართი ვერ გავაგებინე, მერე მეჩხუბა, ამსიშორეს თუ იყო – პარკიდან ხიდამდე! – რატომ არ მითხარი, ლარი დამიმატეო, და ბოლოს, უკვე, რომ გადმოვდიოდი, მთლად სასწაული მითხრა, აი, მერვეკლასელ გოგოს რომ ეტყვი და გააწითლებ. ვიფიქრე, გადმოიღე ახლა და დაკაწრე-მეთქი ეს ღორი, და ამ დროს მურაც გამოხვანცალდა. მეთქი, მურა, ერთი, ამას შეხედე-მეთქი, და მურამ ისეთი ამბავი ატეხა, მთელი ვერის ძაღლები აღავღავდნენ. ბიჭმა გაზს დააჭირა, მურა მანქანას დაედევნა და ის გაიქცა! აზრზე მოდი, მურას გაექცა! აეეე! – ჰოდა, გაეკიდა მურა, ხმა კი აქვს, გაგიხარნია, ქვემეხივით, ვინ რა იცის, რომ ამხელა ძაღლში პუდელის გული ძგერს! და იყო უბანში დიდი ყეფა და წკავწკავი – party, party!

  6. ამ შაბათს ვაშლოვანში მივდივარ და ცოტა მეშველება მგონი. რაღაც მაინც შეიცვლება. ნუ, ცოტათი უფრო მეტი მაინც ხომ მექნება ნანახი.

Leave a Reply

Top