თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სად რა ვჭამოთ > ქართული სუფრა

ქართული სუფრა

უცხოელმა სტუმრებმა, რომლებიც ქართულ სუფრას მიუსხდებიან, იშვიათად თუ იციან, რომ მათ მშობლიურ ქვეყნებში მიღებული სანადიმო სიტუაციისგან დიდად განსხვავებული მოვლენის მონაწილენი ხდებიან. ისინი ისეთი სახის ცერემონიაში აღმოჩნდებიან ჩაბმულნი, რომელსაც დასავლეთის მცხოვრებთათვის ჩვეულ მასლაათთან, სმა-ჭამის შუალედებში რომ იმართება ხოლმე ჩვენს სუფრებზე, ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო, – ეს გახლავთ სუფრის ძველი ქართული ცერემონია. საქართველო ყოველთვის სტუმართმოყვარე იყო და სტუმართმოყვარეობა იქ დღემდე დიდ პატივშია. სტუმრის პატივისცემა აუცილებლად გულისხმობს მისთვის სუფრის გაშლასაც. მაგრამ შინაურობაშიც, დიდ ოჯახებში ან სამეზობლოში, მრავალი საბაბი მოიძებნება სუფრის გასაშლელად, მაგალითად, ქორწილი, დაბადების დღე, დისერტაციის დაცვა, ბავშვის გაჩენა, მოგზაურობიდან დაბრუნება, ასევე გარდაცვალება და გარდაცვალების წლისთავი. საბაბის შესაბამისად განასხვავებენ „ლხინის სუფრას“ და „ჭირის სუფრას“. ორივე ეს სუფრა ერთმანეთისაგან განსხვავდება კერძებითაც და სადღეგრძელოების თემატიკითაც.
საქართველოში სუფრის ყველა წევრი ერთდროულად მიუსხდება ერთ ან რამდენიმე მაგიდას. ჩვენსავით როდი დარბიან ღვინის ჭიქით ხელში აქეთ-იქით, რათა თანამოსაუბრე იპოვონ. სტუმრები რომ მოვლენ, მაგიდაზე, როგორც წესი, უკვე აწყვია უალკოჰოლო სასმელები, ყველი, სალათა, მხალეული, პური, საწებელი, ცივად მოხარშული თევზი ან ხორცი… ცხელი კერძები მოგვიანებით შემოაქვთ. მინერალურ წყალს და წვენებს მაშინვე ჩამოასხამენ ჭიქებში და მათი დალევაც მაშინათვე შეიძლება.

ქართული ღვინის ჩამოსხმით იწყება სუფრის სცენარის უმთავრესი კომუნიკაციური ნაწილის ხორცშესხმა. შეისმევა კანონიკური სადღეგრძელოების მთელი წყება. საქართველოში წვეთი ღვინის დალევა არ შეიძლება სადღეგრძელოს წარმოუთქმელად. ამგვარად, ალკოჰოლიანი სასმელი წარმოადგენს სადღეგრძელოს ჟანრობრივი სტრუქტურისთვის დამახასიათებელ არავერბალურ ფენომენს.

ქართულ სუფრაზე ჩვენსავით ერთი თავი კერძის მირთმევის შემდეგ როდი გადადიან მომდევნო კერძებზე. ოჯახის წევრი ქალები ერთიმეორის მიყოლებით დგამენ მაგიდაზე ცხელ კერძებს და სუფრის დასრულებამდე ტოვებენ იქ ერთმანეთზე დახვავებულს. აუცილებელია სიჭარბისა და სიუხვის დემონსტრირება. ქართველი მასპინძლები იმაზე ბევრად მეტ საჭმელს აწყობენ სუფრაზე, ვიდრე საჭიროა და კერძების დიდი ნაწილი შეუჭმელი რჩება. სტუმრის პატივისცემა იმასაც გულისხმობს, რომ მას სეზონის შესაფერისი კერძების რაც შეიძლება ფართო ასორტიმენტი შესთავაზონ. წარმოდგენილი კულინარიის სინტაგმა ბევრად უფრო ვრცელია, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში. ხშირად ტრაპეზი ცხელი ხაჭაპურით იწყება, შემდეგ მოდის ღომი, რომელსაც ყველთან ერთად მიირთმევენ, მერე შემწვარი ხორცი კარტოფილით, ლობიო, ხინკალი, ბოლოს აუცილებლად ხილი, ხშირად ნამცხვარი და მურაბიანი ჩაიც… ლხინისა თუ ჭირის სუფრებზე კერძების თანმიმდევრობის განმეორებადობით ცერემონიის კონტექსტუალიზება ხდება. როდესაც საზღვარგარეთელ სტუმრებს სხვადასხვა წრეში სხვადასხვა საბაბით გაშლილ ლხინის სუფრებზე პატიჟებენ, ისინი გაოცებულნი რჩებიან სუფრის სიუხვით და კერძთა თანმიმდევრობის მსგავსებით. ვარიაციულობა და მიზნის შესაბამისად სუფრის ფორმის ცვალებადობა, დასავლეთისაგან განსხვავებით, აქ პატივში არ არის. რაც უფრო სრულყოფილი და ტრადიციულია სინტაგმა, მით უფრო ფორმალიზებულია მთელი სიტუაციის ინსცენირება, რაც სტუმრისთვის მით უფრო დიდი პატივის მიგებად ითვლება.

განმეორებადობა და თაყვანისცემის დემონსტრირება სასაუბრო თემათა დონეზეც უზრუნველყოფილია სადღეგრძელოების მეშვეობით, რომელთაც ძირითადად თამადა წარმოთქვამს.

______________________

ნაწყვეტი საკვალიფიკაციო ნაშრომიდან „ქართული სადღეგრძელოები ხელოვნებასა და შეჯიბრს შორის“ (კონსტანცისა და გისენის უნივერსიტეტები, გფრ, აპრილი, 1993)
ჰელგა ქოთჰოფი
გერმანულიდან თარგმნა ლევან ბრეგაძემ

ფოტო გადავიღე კახეთში, რთვლობას :)

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

Leave a Reply

Top