თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > ქადა ბებოს რეცეპტით

ქადა ბებოს რეცეპტით

რეცეპტი მოგვაწოდა ბლოგის მკითხველმა, ნანო მამაგეიშვილმა

ბავშვობაში ამ რეცეპტით ქადას ბებია აკეთებდა ხოლმე, და ეს ტკბილეული ყოველთვის ბავშვობის გემოს მახსენებს. შემდეგ მეც ავითვისე, თან არც თუ ისე ურიგოდ:)

Qada

მაშ ასე, დაგვჭირდება:

  • ფქვილი – დაახლოებით 1 კგ.
  • შაქარი –  400 გრ.
  • მარგარინი – 500 გრ.
  • მაწონი – 400-500 გრ.
  • ქიშმიში – 200 გრ.
  • ვანილი, სოდა
  • 1 კვერცხის გული ცხობისას თავზე მოსასმელად

მომზადება

(1) პირველ რიგში ვამზადებთ ცომს: გაშლილ თასზე დავყაროთ 600-700 გრამი ფქვილი (მე ჭიქით ვზომავ ხოლმე და 7 სტანდარტული ზომის ჩაის ჭიქა გამოდის).  ფქვილშივე ჩავათალოთ ოთახის ტემპერატურაზე შედარებით გამლღვალი მარგარინი (250 გრ.) და ხელით ფქვილი და მარგარინი კარგად ავსრისოთ ერთმანეთში, სანამ ერთგვაროვან ცომს არ მივიღებთ. ამის შემდეგ დავამატოთ მაწონი და მასში გახსნილი სოდა (1 ჩაის კოვზი საკმარისია) და ცომი კარგად მოვზილოთ. მიღებული მასა გავყოთ 3 თანაბარ ნაწილად და ცოტა ხნით მაცივარში შევინახოთ.

(2) სანამ ცომი გაცივდება, მოვამზადოთ გულსართი: ავიღოთ შაქარი 400 გრამი, დავამატოთ 400 გრამი ფქვილი, ვანილი და სასურველია ცოტა მარილიც, სულ 1 მწიკვი. კარგად ავურიოთ ეს ყველაფერი და როგორც ცომს, ამ ყველაფერსაც ჩავათალოთ 250 გრამი მარგარინი და კვლავ კარგად ავსრისოთ ხელით ერთმანეთში. ბოლოს გულსართს დავამატებთ ქიშმიშს, შესაძლებელია მოხალული არაქისი ან თხილიც, ნებისმიერი ჩირეულობაც ძალიან უხდება, მოკლედ გემოვნების მიხედვით ბევრი ვარიანტი შეგიძლიათ სცადოთ. გულსართსაც, ცომის მსგავსად, 3 თანაბარ ნაწილად ვყოფთ.

(3) მესამე ეტაპი – მომზადება გამოსაცხობად: ცომს, რომელსაც აქამდე მაცივარში ვინახავდით კარგად გავაბრტყელებთ, მოვაყრით გულსართს, რულეტივით დავახვევთ და დავჭრით სასურველი ზომის ნაჭრებად. ფიგურული საჭრელი თუ მოგეპოვებათ უფრო ლამაზი გამოვა, თუ არადა ჩვეულებრივი დანითაც შეიძლება:) ამ ყველაფრის განმეორება სამჯერ მოგიწევთ, რადგან სამად გვაქვს გაყოფილი ცომიც და გულსართიც:)

ღუმელს, რა თქმა უნდა, წინასწარ გავაცხელებთ. 180 გრადუსი იდეალურია, არც ძალიან გამოშრება და არც ზედმეტად რბილი იქნება. ღუმელში მოთავსებამდე სამზარეულოს ფუნჯით გადავუსვამთ ცოტა კვერცხის გულს (თუ სამარხვო ქადა გნებავთ, ეს ეტაპი გამოტოვეთ) და ვაცხობთ დაახლოებით 30 წუთი, სანამ კარგად არ შეპიწკინდება :)

გემრიელად მიირთვით <3

nano

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top