თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ევროპული > პიცა

პიცა

დასაწყისიდანვე უნდა გამოგიტყდეთ და ვაღიარო, რომ პიცა აქამდე არასდროს გამიკეთებია, უფრო მეტიც – სურვილიც არ გამჩენია, ვიდრე დეიდად კუთვნილმა და ჩვენი ბლოგის ერთგულმა მკითხველმა, თვითონ არაჩვეულებრივმა კულინარმა – ნინომ, პიცის დიიდი, ლამაზი თეფშები არ მაჩუქა და ნამუსზე არ ამაგდო :)

შეიძლება უფრო რთული გასაკეთებელი მეგონა, ვიდრე სინამდვილეშია. ან შეიძლება იმიტომ, რომ პიცა არ არის ჩემი ფავორიტების ათეულში და პიცერიაშიც, ძირითადად მაშინ მივდივარ, როცა ამას მეგობრობა მოითხოვს :)

ალბათ, როცა იტალიაში წავალ, ნამდვილი იტალიური პიცის გემოც მეცოდინება და გაკეთებაც. ახლა კი ჩემი, თეორიულ ცოდნაზე დამყარებული პრაქტიკული გამოცდილების შესახებ უნდა გიამბოთ..

მაშ ასე, პირველ რიგში, წიგნი მოვიმარჯვე, ყველაზე მარტივი რეცეპტი ავარჩიე, გუდვილში შევიარე და საჭირო ინგრედიენტები ვიყიდე. ჰოი საოცრებავ, სოკო არ ჰქონდათ.. ესეც პირველი მიზეზი იმისთვის, რომ ფარხმალი დამეყარა, მაგრამ ისევ გადავწყვიტე საქმე ბოლომდე მიმეყვანა და შევეგუე სოკოს არქონას.

ამგვარად, 3 ცალი პიცისთვის ვიყიდე და მოვიმარაგე საჭირო მასალა.

ცომისთვის:

  • ფქვილი – 3 პატარა ჩ/ჭ (დაახლ. 300 გრამი)
  • საფუარი – 15 გრ (1 ს/კ)
  • თბილი წყალი – 1 ჭიქა (200 მლ)
  • მარილი – 1/2 ჩ/კ
  • შაქარი – 1 ჩ/კ
  • ზეითუნის ზეთი – 1 ს/კ

ზემოდან მოსაყრელად:

  • ყველი მოცარელა (მაგარი) – 300 გრ (100 გრამი თითო პიცაზე)
  • სალჲამი – 1 შეკვრა (თითო პიცაზე 6 უთხელესი ნაჭერი)
  • პომიდორი – 8 პატარა (5 ცალი სოუსისთვის, 3 ცალი დასაჭრელად)
  • პაპრიკა, ანუ ჩვენებურად, ბულგარული წიწაკა – თითო ცალი, მწვანე და წითელი
  • ზეთის ხილი, უკურკო – 10-12 ცალი
  • ხმელი ორეგანო – 2 ჩაის კოვზი (იყიდება გუდვილში და სხვა დიდ ქსელებში, სუნელებთან)
  • სოკო – როგორც უკვე გითხარით, გვიანი იყო და ვეღარ ვიშოვე (კონსერვისას არ გირჩევთ)
  • შავი პილპილი (დაფქული) – გემოვნებით
  • ბროკოლი – რამდენიმე ყვავილედი

პირველ რიგში, მოვზილე ცომი. საფუარის ოდენობა ცოტა არ იყოს მებევრა, – მთელი 1 სუფრის კოვზი ერთ ციცქნა ფქვილზე, მაგრამ რადგან დიდხანს ლოდინიც მეზარებოდა, შევეგუე გადაჭარბებულსაფუარიანი ცომის პერსპექტივას (ამ ერთხელ არა უშავს) და თამამად შევურიე ფქვილში. შემდეგ თბილი წყალიც შევურიე, + მარილი, შაქარი და ვზილე დიდხანს. წყლის ოდენობას დააკვირდით, ცომი ამოსვლისას კიდევ გათხელდება და ამიტომ თავდაპირველი ცომი ცოტა მაგარი უნდა იყოს.

ცომი თბილ ადგილას დავდე, თავზე ტილო გადავაფარე და დავიწყე ბოსტნეულის დაჭრა (მადლობა ღმერთს, სალჲამი დაჭრილი იყო, ძალიან თხელი ნაჭრებია საჭირო და ხელით გამიჭირდებოდა), დავხეხე ყველიც მსხვილ სახეხზე და სანამ ფოტოები გადავიღე, 30 წუთიც გავიდა და ცომიც ამოვიდა. ზეთიანი ხელით ერთხელ კიდევ ჩავზილე, ღუმელი მაქსიმუმზე (270 გრადუსი) ჩავრთე და საცხობი ფირფიტა გავამზადე (პერგამენტის საცხობი ქაღალდით). კიდევ რამდენიმე წუთი პომიდვრის სოუსის გაკეთებამ წაიღო: კანგაცლილი 5 ცალი პომიდორი ბლენდერში ჩავუშვი რა რამდენჯერმე დავაბზრიალე, სანამ ძალიან ერთგვაროვანი ფაფა არ მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალ რეცეპტში რატომღაც არ ეწერა, სოუსში თითქმის 1 ჩაის კოვზი მარილიც ჩავამატე.

ცომი უფრო ადვილი გასაბრტყელებელი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი, ძალიან კარგად გათხელდა საბრტყელებელი ჯოხის რამდენიმე გადაგორებით. ცომის ფირფიტაზე პომიდვრის სოუსი გადავუსვი, ცოტა დახეხილი მოცარელა მოვაყარე და დავიწყე ფენებად სხვა ინგრედიენტების დალაგება: (1) სალჲამი 6 ცალი, ანუ თითო ცალი თითო ნაჭერზე; (2) პომიდვრის ნაჭრები; (3) პაპრიკას ნაჭრები, მწვანეც და წითელიც; (4) ზეთის ხილი და სულ ბოლოს (5) ისევ დახეხილი მოცარელა.

რა თქმა უნდა, სულ ზემოდან მოვაყარე საკმაოდ ბევრი ხმელი ორეგანო. შევდგი ღუმელში და დაახლოებით 15 წუთში შეპიწკინებული, უგემრიელესი პიცა მივიღე, თხელი ცომიტ და სურნელოვანი არომატებით ♥

მეორე ფოტოზე, ალბათ შენიშნავთ, რომ ცომიც უფრო სქელია და ინგრედიენტებიც – უფრო ჭარბი ოდენობით. გადავწყვიტე მეორე პიცა ამერიკული, ანუ სქელცომიანი გამეკეთებინა. დროს დავზოგავთქო და ამით გავამართლე ჩემი სიყვარული ცომეულის მიმართ :)

ასევე, მეორე ფოტოზე შენიშნავთ, რომ დამატებული აქვს ბროკოლის პატარა ყვავილედები. ოჯახში რამდენიმე სკეპტიკოსის მიუხედავად, ძალიან ძალიან მოუხდა, სცადეთ :)

რამდენიმე რჩევა, ჩემს მწირ გამოცდილებაზე დაყრდნობით:

  • ერიდეთ ბევრ ზეთის ხილს, სხვა გემოებს და არომატებს გადაფარავს
  • ნუ მოაყრით ზემოდან მარილს, სალჲამი ისედაც მლაშეა და ცომისა და სოუსის მარილიც თავის საქმეს გააკეთებს
  • თუ გიყვართ, ჩემსავით მოაყარეთ შავი პილპილი
  • თუ არ გაქვთ მოცარელა (ან გეძვირებათ – 300 გრ 6 ლარზე მეტი ღირს და პრინციპში, ყველაზე ძვირი ინგრედიენტია), შეცვალეთ უმარილო სულგუნით, მე არ მიცდია, მაგრამ ეჭვი მაქვს, მოუხდება
  • ღუმელში შედგმის წინ, ან უკვე გამომცხვარ პიცას, მოასხით რამდენიმე წვეთი ზეთი
  • შეცვალეთ და შეახამეთ ინგრედიენტები გემოვნებით – ლორი, ძეხვი, ბადრიჯანი, ყაბაყი, თევზი, სოკო და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

6 thoughts on “პიცა

  1. რა მაგარი ბლოგი გაქვთ, მე სამწუხაროდ ახლა აღმოვაჩინე, თუმცა მომავალში თქვენი ერთგული მომხმარებელი გავხდები :)

    ჩემი პიცის რჩეული რეცეპტი სათაურშია, მაგრამ თქვენსმიერ შემოტავაზებული რეცეპტიც მომეწონა ^^

    თუმცა, ყველაზე მაგრად მაინც ფოტოებით მოვიხიბლე. გატაცებული ვარ Food Photography-ით :)

  2. ჩემი აზრით პიცის ცომია მთავარი პრობლემა :)
    ინგრედიენტები შეხედულებისამებრაა :)) ან რაც მაცივარში გაქვს :)))
    მე პირადად რაც ხელში მომყვება ხოლმე ყველაფერს ვახეხავ და ვაჭრი :))
    რაც შეეხება ყველს, ჩემი აზრით, ჩვეულებრივი იმერული ყველითაც კარგია პიცა და სულგუნით გადასარევი, არაა აუცილებელი მოცარელა :))

  3. არაჩვეულებრივი ბლოგი გაქვთ რომლის არსებობა სამწუხაროდ დღეს გავიგე:))მაგრამ დღეიდან თქვენი ერთგული მკითხველი გავხდებიი:))დიდი მადლობა ამ გვერდის შექმნისთვის:)

    1. Ratatui.Me
      თუ შეიძლება დააკონკრეტეთ რა ზომის პიცისთვისაა განკუთვნილი ეს ინგრედიენტები. არამგონია 3ც პომიდორი და 1 ც პაპრიკა 3 პიცას ეყოს – რიოგორ გავიგო, თითო–თითო პიცისაა თუ სამივესი ერთად??? მოგვწერეთ რა.

Leave a Reply

Top