თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ევროპული > პენე ალა ნორმა, ჩვენებურად – მაკარონი ხორცითა და ბადრიჯნით

პენე ალა ნორმა, ჩვენებურად – მაკარონი ხორცითა და ბადრიჯნით

გახსოვთ ალბათ, ამასწინათ ფეისბუქის გვერდზე ვწერდით, რომ ბარილას ადგილობრივი წარმომადგებლობის ორგანიზებით იტალიელმა შეფმზარეულმა, ფაბიო ფოლტრანიმ კულინარიის აკადემიაში მასტერკლასი ჩაატარა და ჩვენც გვერგო პატივი, მიწვეული ვყოფილიყავით.

რატატუის ავტორებიდან მე და ნინომ მოვახერხეთ მისვლა და არ გვინანია. არაჩვეულებრივი გარემო, ხალისიანი მასწავლებელი და რაც მთავარია – ძალიან გემრიელი პასტა/მაკარონი, რომელიც ჩვენივე ხელით ძალიან მოკლე დროში გავაკეთეთ.

პროდუქტები ადგილზე დაგვხვდა. Penne alla norma-ს, ანუ პირველ კერძის გასაკეთებლად საჭირო იყო (მასალები მოცემულია ერთი დიდი პორციისათვის):

  • პასტა/მაკარონი – პენე  – 80 გრამი, ანუ 500გრამიანი შეკვრის დაახლოებით 1/6
  • რამდენიმე ნაჭერი საქონლის მჭლე ხორციpenne
  • ხახვი – ნახევარი თავი
  • პომიდორი – 1 ცალი, საშუალო
  • ბარილას სოუსი ნაპოლიტანა – თითქმის ნახევარი ქილა
  • პადრიჯანი – ნახევარი
  • მოცარელა – 1 პატარა ნაჭერი
  • პარმიჯანო (პარმეზანი) – 1 პატარა ნაჭერი და ცოტაც ზემოდან მოსახეხად
  • ცოცხალი ქინძი – რამდენიმე ფოთოლი
  • ზეითუნის ზეთი – რამდენიმე სუფრის კოვზი
  • მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით

Barilee_20130417006C

 

ვიდრე საქმეს შევუდგებოდით, ფაბიოსაგან რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა მივიღეთ:

  • მაკარონი (პასტა) ზუსტად იმდენ ხანს უნდა ვხარშოთ, რამდენიც ყუთს აწერია (დრო წყლის ადუღებიდან ითვლება). ასეთ მოხარშულს ალ დანტე ეწოდება და ამ გზით ის უფრო გემრიელიცაა და გადასამუშავებლადაც მეტ ენერგიას მოითხოვს ორგანიზმიდან. შესაბამისად, ნაკლებადაც ასუქებს, ვიდრე გადახარშული მაკარონი
  • მაკარონი აუცილებლად ბევრ წყალში უნდა მოხარშოთ. 500 გრამს 5 ლიტრამდე წყალი ჭირდება და 35 გრამი მარილი. ამ გზით თავიდან აიცილებთ მაკარონების ერთმანეთზე შეწებებას
  • მოხარშული მაკარონი უნდა ჩაუშვათ სოუსში და არა პირიქით. შეცდომაა, როდესაც რესტორნებში ცნობილ სპაგეტი ბოლონეზეს სოუსს თავზე ადებენ
  • თუ გინდათ, რომ ორგანიზმმა მონელება მოასწროს და არ გასუქდეთ, მაკარონი დღის 2 საათამდე უნდა მიირთვათ
  • თითო ადამიანზე მშრალი მაკარონის პორცია 80 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. ერთი შეხედვით, შეიძლება გეცოტავოთ, 1 შეკვრა მაკარონი 6 ადამიანს როგორ უნდა ეყოსო, მაგრამ თუ გავიხსენებთ, იტალიელები როგორ ბარაქიანად უმატებენ სხვადასხვა ინგრედიენტებს, შეიძლება ბევრიც მოგეჩვენოთ
  • მაკარონი პასტას ერთერთი სახეობის (ფორმის) სახელწოდებაა, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა ამ ტერმინზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იტალიაშიც ყოფილა და სინონიმებად მოიაზრება. ასე რომ, თამამად შეიძლება გამოიყენოთ ორივე ტერმინი, თუმცა პასტაზე არავინ მოგედავებათ და მაკარონზე განსხვავებული აზრი შეიძლება ხშირად მოისმინოთ
  • მოხარშულ მაკარონს ცივი წყლის გადავლება არ ჭირდება. საკმარისია გადაწუროთ ან პირდაპირ მდუღარეი წყლიდან გადაიტანოთ ტაფაში ნახვრეტებიანი საწურით

Barilee_20130417009C

 

მაშ ასე, მზადება დავიწყეთ, დიდ ქვაბში ადუღებულ მარილიან წყალში პენე ჩავუშვით და სოუსის მომზადებას შევუდექით.

პირველ რიგში, ზეითუნის ზეთიან ტაფაზე წვრილად დაჭრილი ხახვის შუშვა დავიწყეთ და მაშინვე დავამატეთ წვრილ, გრძელ ნაჭრებად დაჭრილი საქონლის ხორცი. მაღალ ცეცხლზე ხორცი საკმაოდ სწრაფად იწვება, ისე, რომ სანამ ჩვენი პენე მოიხარშა, სოუსის მზადებაც დასრულებული იყო.

ნახევარი ბადრიჯანი ზოლებად გავთალეთ და წვრილად დაჭრილი ტაფაში დავამატეთ, შემდეგ პომიდორი, ბოლოს კი სოუსი ნაპოლიტანა (ჩვენ, ბუნებრივია ბარილასი გამოვიყენეთ. უდავოდ ძალიან გემრიელი იყო და ალბათ სხვა მწარმოებლის სოუსს აღარც ვიყიდი). შუშვისას თან ხის კოვზით უნდა ვურიოთ, რომ არც მიიწვას და თანაბრად მოიშუშოს. როცა ხორცს და ბადრიჯანს შეეტყობა, რომ თითქმის მზადაა, სოუს ნაპოლიტანას ვუმატებთ. თუმცა ეს საკმარისი არ არის, ფაბიომ პატარა ჭიქით ქვაბიდან, რომელშიც პენე იხარშებოდა, მდუღარე წყალი ამოიღო და ტაფაში ჩაამატა.

Barilee_20130417022C

 

სოუსიც და პენეც თითქმის მზად იყო, როცა დაჭრილი ქინძი, მოცარელა და პარმეზანი დავამატეთ და კიდევ კარგად ამოვურიერთ, ვიდრე ყველი მთლიანად არ ჩადნა. ბოლოს – მარილი და შავი პილპილი.  რა თქმა უნდა, გემოვნებით.

Barilee_20130417025

 

 

სულ ბოლოს, ტაფაში ვამატებთ მოხარშულ და გადაწურულ პენეს და ვუალა! კერძი მზადაა!

თეფშზე გადმოღებულს კი ცოტა პარმეზანი უნდა მოახეხოთ.

დამიჯერეთ, ძალიან ძალიან გემრიელი იყო <3

Barilla_Penne_Alla_Norma_Nino

Barilla_Penne_alla_Norma

 

თვით ფაბიომაც კი მოგვიწონა :)

Barilee_20130417031C

 

ცოტათი დუტას გავს, არა? :D

ძალიან მნიშვნელოვანია განწყობა კერძის კეთებისას. ჩვენმა მასწავლებელმა ნამდვილად მოახერხა ამ განწყობის შექმნა :) მოდიოდა და თუ ამოწმებდა, ვიღიმებოდით თუ არა და რადგან ქართული არ იცოდა, მე კი იტალიური, საკუთარი ტუჩების ხელით აპრეხით მანიშნებდა, გაიღიმეო :D

Picture 052

 

 

მოგვიანებით აუცილებლად გიამბობთ ამავე დღეს, როგორ გავაკეთეთ პასტა – ტალიატელი ისპანახითა და ყველით :)

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top