სააღდგომო პასკა ან გნებავთ - კულიჩი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 2+ სთ > სააღდგომო პასკა ან გნებავთ – კულიჩი

სააღდგომო პასკა ან გნებავთ – კულიჩი

სააღდგომო პასკას წლებია სახლში ვაცხობ თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ამ რეცეპტით. რეცეპტი, უფრო სწორად კი მიღებული შედეგი ძალიან მომწონს და რაიმე განსხვავებულის ძებნით თავი აღარ დამიღლია. ერთი ეგაა, რომ რეცეპტი ბევრად გავამარტივე. გამარტივება იმაში გამოიხატება, რომ ინგრედიენტებს ცალ-ცალკე არ ვამზადებ და ყველაფერს ერთიანად ვზელ.    ამგვარად, ბევრი გაზომვა – აწონვისა და არითმეტიკის გარეშე, საღამოს ცომის ზელვას შევუდექი, დილით გადავზილე და ფორმებში გადავიტანე.  კარგად ავაფუვე და ცხოვრებაში ყველაზე კარგი პასკა გამომივიდა! პასკის თავები იყო იდეალურად ერთგვაროვანი, ყოველგვარი ნაპრალების და ნახეთქების გარეშე.

pska

აქამდე წაკითხულ ყველა რეცეპტსა და რჩევაში ნათქვამი იყო, რომ პასკის ცომის დიდხანს ზელვა აუცილებელი პირობაა კარგი შედეგის მისაღებად.  დიდხანს ზელვა ცომს ელასტიურობას მატებს და თავები აღარ უსკდებათ. მაგრამ, უნდა გამოგიტყდეთ, სულაც არ ვზილე დიდხანს, პირიქით, ცომი ხელზე მეკრობოდა, როცა ზელვას მოვრჩი და ასაფუებლად სითბოში დავდგი.

მოდით, გადავალ უშუალოდ რეცეპტზე. როგორც უკვე აღვნიშნე, გამოვიყენე იგივე ინგრედიენტები, რაც ჩემს ძველ რეცეპტში მქონდა მითითებული, მაგრამ ზუსტი პროპორციების გარეშე.

  • 250 გ რძე
  • 60 გ კარაქი
  • 200 გ შაქარი
  • 2 ჩ.კ მშრალი საფუარი
  • 3 მსხვილი კვერცხი
  • 4 სავსე ჩ.კ არაჟანი
  • 700-750 გ ფქვილი
  • 1 პაკეტი ვანილი
  • 2/3 ჩ.კ დარიჩინი, ამდენივე დაფქული ჯანჯაფილი
  • 1/3 ჩ.კ დაფქული მიხაკი
  • 2/3 ჩ.კ დაფქული კარდამონი
  • 1/2 ჩ.კ მუსკატი
  • 1 ჭიქა ქიშმიში
  • 1 ლიმონის ცედრა

პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ სანელებლების და არომატების რაოდენობა თქვენი სურვილით შეგიძლიათ გაზარდოთ ან შეამციროთ, იმის მიხედვით როგორი პასკა ან რომელი სუნელი გიყვართ.

ახლა კი გადავალ ცომის მომზადების გამარტივებულ მეთოდზე. ცომის მომზადებას ვიწყებთ ღამით, დაახლოებით 11 საათისკენ. რძეს გავაცხელებთ და ჩავადნობთ კარაქს.  შევურევთ საფუარს ( ამ დროს რძე თბილი უნდა იყოს, თითს არ კბენდეს) . ვაცლით 10 წუთი და ვამატებთ  კვერცხს, არაჟანს, შაქარს, სუნელებს, ცედრას, ვანილს.

მოზრდილ ჯამში გავცრით ფქვილს და დავამატებთ სითხეს და დავიწყებთ ზელვას. როგორც უკვე გითხარით, ბევრი ზელვით თავი არ დამიღლია. ცომი ჯერ ისევ ხელებზე მეკრობოდა,  ლამაზად მოვაგუნდავე, თავზე ფქვილი მოვაყარე, ზემოდან ცელოფანი გადავაკარი და  პლედში შევფუთე.BoSch MuM

 

დილით ცომი გაორმაგებულიც იყო და მეტიც. გარეცხილ – გამშრალი ქიშმიში და ჩემივე გაკეთებული ფორთოხლის ცუკატები დავამატე. ზეთიანი ხელებით ჩავზილე და ფორმებში გადავიტანე.

სპეციალური ფორმები არ მაქვს. მქონდა საშუალო ზომის 1 ალუმინის ქვაბი, 1 ემალის, უფრო მომცრო  და 1 კონსერვის ქილა. ემალს გვერდებზეც ჩავუფინე ქაღალდი, დანარჩენ ორს მხოლოდ ძირზე, გვერდებზე კი ცხიმი წავუსვი.

ფორმებში ცომი უფრო ნაკლები იყო, ვიდრე 2/3. თავზე გადავაფარე და იმავე პლედში შევფუთე. დაახლოებით 4-5 საათში, შუადღისთვის ცომი ამოფუებული იყო. ეს ეტაპი აუცილებელია – ცომს ხელახლა გაორმაგება უნდა აცალოთ. გამოვაცხე 170 გრადუსზე , სანამ თავები ლამაზ ოქროსფრად არ მოებრაწათ.

რადგან ზემოდან თეთრი შაქრიანი მინანქრის წასმას ვუპირებდი, თავზე კვერცხის გული არ გადამისვია.

paska1

ბარემ მინანქარზეც დავწერ, სანამ მკითხავთ :)

ძალიან მარტივად მზადდება, 1 კვერცხის ცილა და 1 ჭიქა შაქრის პუდრი დაგჭირდებათ.

კვერცხი მიქსერით მსუბუქად ავთქვიფოთ, უბრალოდ რომ თეთრად აქაფდეს. დავამატოთ გაცრილი პუდრა და გავაგრძელოთ თქვეფა. მინანქარი უფრო შესქელდება და გათეთრდება.  თუ თხელი გეჩვენებათ, პუდრა დაამატეთ. თუმცა ძალიან სქელი არ უნდა იყოს.

paska2

მინანქრის წასმის შემდეგ პასკები ჰაერზე უნდა დავტოვოთ გასაშრობად. კარგად რომ გაშრება, შემდეგ ჩვეულებრივად შეინახავთ პარკით ან ქვაბში.

მრავალ აღდგომას დაესწარით!

pask1

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top