თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > პამიდვრის ტარტი

პამიდვრის ტარტი

როცა ამ ღვეზელის გამოცხობა დავაპირე, დიდი მოლოდინები არ მქონია. მოთუშული, დარბილებული  პამიდორი  მაინცდამაინც არ მიყვარს და უმად მირთმეული მირჩევნია. მაგრამ აქვე გეტყვით, რომ ვცდებოდი!   ეს არის ძალიან, ძალიან გემრიელი ტარტი, რომელიც მე და ჩემმა წუნია შვილებმა წამებში გავაქრეთ :D  რეცეპტის პირველწყარო რომელიღაც უცხოენოვან ბლოგზე ვნახე.  რა თქმა უნდა გადმოვაკეთე, ჩვენს გემოვნებას მოვარგე. თხის ყველის ნაცვლად, ხაჭოსა და არაჟნის ნარევი გამოვიყენე. ჯერ ერთი თბილისში თხის ყველი საკმაოდ ძვირი ღირს, მეორეც – მას ძალიან დამახასიათებელი, თავისებური “თხის გემო” აქვს და არ მომწონს. მოკლედ, როგორც ხედავთ, საკმაოდ პრეტენზიული და წუნია მზარეული გახლავართ :)

ამგვარად, ჩემი პამიდვრის ღვეზელი, გნებავთ – ტარტი, საბოლოოდ ასეთი გამოვიდა:

tomato tart

  • 300 გ ფენოვანი ცომი
  • 1-2 დიდი პამიდორი
  • 100 გ ხაჭო
  • 1 ჩ.კ არაჟანი
  • 1 კბ ნიორი
  • მარილი, პილპილი
  • პესტოს სოუსი
  • რუკოლას ფოთლები (ან რეჰანი, ან ოხრახუში)

ცომი გავაბრტყელოთ 5მმ-ზე და გადავიტანოთ ქაღალდდაფენილ ტაფაზე. ხაჭო, არაჟანი, მარილი და დაჭყლეტილი ნიორი ავურიოთ და გადავუსვათ ცომს. ხაჭომ არ შეგაშინოთ – მთლიანობაში ყველაფერს მოუხდა და განსაკუთრებულად არ იგრძნობოდა.   ზემოდან მოვალაგოთ პომიდვრის ფირფიტები. ახალდაფქულ პილპილსაც ნუ დაინანებთ. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე, სანამ ცომი არ დაიბრაწება.

pamidvris gvezeli

მზას მოვასხათ პესტოს სოუსი  და მოვაყაროთ რუკოლას ფოთლები, რომელიც განსაკუთრებით უხდება. ვაღიარებ – რუკოლასა და პესტოს გარეშე, ეს ის არ იქნებოდა რაც საჭიროა! ორივე ძალიან უხდება, მაგრამ თუ არ გაქვთ, ზეითუნის ზეთი მაინც მოასხით. რუკოლას რაც შეეხება  აივანზე გაშენებულ ჩემს მინი ბოსტანში მქონდა შემორჩენილი რამდენიმე ქორფა ღერო, ისე კი ხშირად კარფურშიც შემხვედრია.

pamidvris tarti

ასე და ამგვარად, ეს არაჩვეულებრივი ტარტი ნამდვილად ღირს რომ გამოაცხოთ.

მომავალ რეცეპტამდე,

და როგორც ჟოელ რობიუშონი იტყოდა – Bon appétit bien sûr

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top