თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ომლეტი წიწაკით და ბაზილიკით

ომლეტი წიწაკით და ბაზილიკით

უბრალოდ შემწვარი კვერცხი ცოტა მოსაწყენია, არ მეთანხმებით?  მაგრამ თუ სხვადასხვა ინგრედიენტებს დავამატებთ, უკვე განსხვავებულ, გემრიელ საუზმეს მივიღებთ :)

ადრე ვწერდი, რომ ქოთანში ბაზილიკი დავთესე. უკვე გაიზარდა და აქტიურად ვიყენებ სხვადასხვა კერძში. თქვენც გირჩევთ იგივეს გაკეთებას, ძნელი სულაც არ არის – 1 ქოთანი, 2-3 ლარი თესლის საყიდლად (რომელიც საკმაოდ დიდხანს გეყოფათ) და კვირაში 2-3-ჯერ წყლის დასხმა. შედეგად საოცარი სურნელი და არომატი თქვენს სამზარეულოში :)  სანამ ერთი  ,,მოსავალი”  მოილევა, მეორე დათესეთ, ამგვარად მთელი წელი გექნებათ ცოცხალი მცენარე.

მოკლედ, ომლეტს დავუბრუნდეთ…  4 ულუფისთვის დაგჭირდებათ

8 კვერცხი

4 ს.კ. ბაზილიკის ფოთლები , დაჭრილი

2-3 წითელი  პაპრიკა (ბულგარული წიწაკა)

მარილი, პილპილი,

ზეთი შესაწვავად, სასურველია ზეითუნის.

შევწვათ წიწაკა ისე რომ კანი მთლიანად გაუშავდეს. ამის გაკეთება შეიძლება ღუმელში, მშრალ გახურებულ ტაფაზე ან პირდაპირ გაზქურის ღია ცეცხლზე. შემდეგ გადავავლოთ ცივი წყალი და გაშავებული კანი მოვაცილოთ, ადვილად გასძვრება.

დავჭრათ ზოლებად.

გავახუროთ შესაბამისი ზომის ღუმელის ტაფა, დავასხათ ზეთი, შემდეგ გათქვეფილი კვერცხი და მოვაყაროთ წიწაკა და დაჭრილი ბაზილიკი. მარილი და პილპილი ათქვეფილ კვერცხში წინასწარ ჩავამატოთ. შევდგათ 180-200 გრადუსზე და 15-20 წუთი, სანამ კვერცხი შეიკვრება. დავჭრათ ულუფებად და სუფრაზე ცხელი მივიტანოთ.

პ.ს. თუ  ღუმელის ანთება გეზარებათ, და ალბათ ასეცაა ამ სიცხეში, ტაფაზეც მშვენივრად გაკეთდება :) დაბალ ცეცხლზე, თავდახურული.

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top