თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ტკბილეული > ნაზუქი

ნაზუქი


თონეში გამომცხვარ, სურნელოვან ნაზუქს რა სჯობს, მაგრამ იშვიათად თუ მოახერხებთ ასეთის ყიდვას :( სურამის ნაზუქი, გზის პირას გასაყიდად რომ გამოაქვთ, საერთოდ რა სახსენებელია, ჩვეულებრივი, კვერცხწასმული პურია, ყოველგვარი სიტკბოს, არომატის და გემოს გარეშე. ზაფხულობით, როცა სოფელში ჩავდიოდი ბებო მიცხობდა გემრიელ ნაზუქებს, მაგრამ ახლა ძალიან მოხუცდა და ხშირად ვეღარ ვაწუხებ. ზოგჯერ მეზობლის ქალები მეხმარებიან, ცომს ჩვენ ვამზადებთ, ისინი კი თონეში მიკრავენ :) აქედანაც დიდ მადლობას ვუხდი მათ :) 


ეს ნაზუქიც ერთ ზაფხულს მოვამზადეთ და მუსრი გავავლეთ :) გაგიზიარებთ, თუმცა ქალაქში ალბათ არ მოხერხდება თონეში გამოცხობა. რეცეპტში შემავალი ინგრედიენტების რაოდენობა მიახლოებითია, რადგან დედაჩემმა მოამზადა და ზუსტი აწონვა ვეღარ მოვახერხე. რაოდენობა გათვლილია 1 სავსე თონეზე, გამოვიდა 20 ცალი ნაზუქი, ანუ შესაძლებელია გაყოთ 2-ზე ან სულაც 4-ზე და ისე გააკეთოთ.

  • დაახლოებით 4 კგ ფქვილი
  • 3 კგ შაქარი
  • 3ლ რძე
  • დაფქული ან დაჩეჩქვილი მიხაკი, დაახლ. 2 ჩ.კ, ამდენივე დაფქული დარიჩინი (თუ სანელებლების მკვეთრი გემო მოგწონთ, ცოტა გაზარდეთ რაოდენობა)
  • 2 შეკვრა ვანილი
  • 800 გ მაწონი
  • 400მლ ზეთი
  • ქიშმიში
  • 4 კვერცხი, 7 ზედ წასასმელად
  • საფუარი დაახლ. 2-3 ს.კ

საფუარი თბილ რძეში გახსენით და აფუება აცალეთ. შაქარიც თბილ რძეში უნდა გაიხსნას. სანელებლები შეგიძლიათ პირდაპირ ჩააყაროთ, ან რძეში გახსნათ და გაწუროთ.


ფქვილს შუაში გაუკეტეთ ღრმული, ჩაასხით საფუარიანი მასა, შაქრიანი რძე, მაწონი, ზეთის ნახევარი კვერცხები და სანელებლები. დაიწყეთ ცომის მოზელვა.ზელვა საჭიროა დიდხანს, სანამ ცომი არ გახდება ელასტიური, მკვრივი და ბუშტუკებიანი, ხელები ისველეთ დარჩენილ ზეთში. დიდხანს ზელით ცომი ჟანგბადით მდიდრდება. უნდა იყოს დაახლოებით როგორც პურის ცომი, რადგან უფრო რბილი თუა თონეში ჩავარდება, არ მიეკრობა. თუ თონეში არ აცხობთ, შეგიზლიათ უფრო რბილი ცომი მოზილოთ. ბოლოს შეურიეთ ქიშმიშიც. შემდეგ დადგით ასაფუებლად.


ამის შემდეგ წესით თონე უნდა გაახუროთ. გათქვეფილი კვერცხი ესმევა უკვე ჩაკრულ ნაზუქს, სასურველია ორჯერ წასმა, უფრო მკვეთრი ფერისთვის. ამას გაზქურაში ვერ გააკეთებთ, უბრალოდ გამოცხობის წინ წაუსვამთ კვერცხს( ამ შემთხვევაში ნაკლები რაოდენობის კვერცხი დაგჭირდებათ, რადგან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ცხვება) და პირდაპირ გამოაცხობთ,  ზემოდან გრილით დაბრაწეთ.

ბოლოს თონეში ჩაყარეთ 1-2 მუჭა შაქარი და სწრაფად დააფარეთ (როგორც წესი ფიცრებს აფარებენ ხოლმე) ზემოდან კი რაიმე სქელი ქსოვილი, თუნდაც ძველი ტანსაცმელი, რომელსაც აღარ იცვამთ. შაქრის ჩაყრისას ამოდის საშინელი ბოლი, რომელიც თვალებს დაგწვავთ თუ დროზე არ დააფარებთ (მე დამწვა ) მოკლედ, ამ დამწვარი შაქრის ბოლში ცხვება ნაზუქი.  


პ.ს. გაზქურაში ცხობისას შაქარი არ შეაყაროთ, ვინმეს ხანძარი არ ეგონოს :)


კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top