თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > ნაყინის ტორტი

ნაყინის ტორტი

დღეს ნაყინის ტორტით მოვედი :) ზაფხულის ხვატს სწორედ ასეთი დესერტები უხდება! კალორიებზე არ მეწუწუნოთ, უბრალოდ გააკეთეთ, მიირთვით და დატკბით:) ადვილია, ისევე როგორც ჩემს მიერ შემოთავაზებული რეცეპტების უმრავლესობა. სამაგიეროდ, თავს ნამდვილად მოიწონებთ სტუმრებთან თუ ოჯახის წევრებთან.

1 ყუთი ვანილის ნაყინი (500 გრამიანი)

80 გ კაკაოს ორცხობილა (”პეჩენიას ” რომ ვეძახით სრულიად საქართველო)

1 სნიკერსი ან მისი მსგავსი სხვა შოკოლადის ბატონი

1/2 ჭ დაფქული (ან დანით წვრილად დაჭრილი) შაქრიანი არაქისი ან თხილი (მე სახლში მომზადებული პრალინე გამოვიყენე)

50 გ შოკოლადი, შავი ან რძიანი

კარამელის სოუსი თავზე მოსასხმელად და შოკოლადის ნატეხები ან ბურბუშელა დეკორისთვის

ფორმა ან რაიმე ჭურჭელი 15-16 სმ დიამეტრით

ნაყინი დავდოთ ოთახის ტემპერატურაზე, ცოტა რომ მორბილდეს.

ამასობაში, დავფშვნათ ორცხობილა, აუცილებელი არ არის ძალიან წვრილად  და თანაბრად იყოს, უბრალოდ დავაქუცმაცოთ. ასევე დავჭრათ შოკოლადი და სნიკერსის ბატონი. შეგვიძლია, ორცხობილა, სნიკერსი და შოკოლადი ერთად მოვათავსოთ ცელოფნის პაკეტში და ცომის გასაბრტყელებელი ჯოხით დავჩეჩქვოთ.

თასში გადავიღოთ ნაყინი,ჩავამატოთ დაქუცმაცებული ინგრედიენტები და დაფქული თხილი/არაქისი (ცოტა მოვიტოვოთ დეკორისთვის). მიქსერით ავურიოთ, რომ თანაბრად გადანაწილდეს ყველაფერი ერთმანეთში.

ფორმაში ამოვაფინოთ საკვების ცელოფანი, გადავიტანოთ ნაყინი შიგ და შევდგათ საყინულეში.

სუფრაზე მიტანისას, რამდენიმე წუთით ადრე გამოვიღოთ. შემდეგ გადმოვაბრუნოთ შესაბამისი ზომის თეფშზე და ცელოფანიც მოვაშოროთ. მოვასხათ კარამელის სოუსი, მოვაყაროთ შოკოლადი და შაქრიანი თხილი. დავჭრათ ულუფებად და მივართვათ სტუმრებსა და საყვარელ ადამიანებს.

კომენტარები

კომენტარი

13 thoughts on “ნაყინის ტორტი

  1. ნინო,

    დაახლოებით ასე გავაკეთე მეც ნაყინის ტორტი შარშან (ნუ, სნიკერსი არ დამიმატებია, სხვა – ყველაფერი), მაგრამ კბილები დამრჩა ზედ :(( ძალიან გაიყინა და გამაგრდა საყინულეში. არ ვიცი, ჩემი არ რეგულირდება თუ რა უნდა ვუყო, მაღაზიაში ნაყიდ ნაყინსაც მიფუჭებს, სასწრაფოდ თუ არ შევჭამეთ, მერე ქვასავით მაგრდება, დაჭრა შეუძლებელია :( შენ რით არეგულირებ? ნაყინის აპარატის გარეშე სახლში ნაყინის გაკეთებაზე ოცნებას უკვე შევეშვი :( არადა, რა გემრიელია.

    1. ეკა, ჩემიც საკმაოდ ყინავს, მაგრამ 20-25 წთ-ით ადრე გამოვიღებ ხოლმე, ცოტა რბილდება და მშვენიერი საჭმელია მერე. საყინულის ტემპერატურა კი რეგურილდება ჩემთან, მაგრამ მაინც არ ვაკლებ :)

      1. ჩემსას არ უშველა 20 წთ გადნობამ, გვერდები დაურბილდა და ჩამოეღვენთა, გული ისევ მაგარი და ჩატკეპნილი გახდა. თან ეტყობა მე მიქსერით რომ არ ავთქვიფე, მაგის ბრალიც იყო, დაკარგა სიფაფუკე მასამ და გამოვიდა უფრო მყარი, ვიდრე ნაყინი უნდა იყოს.

    1. ქრისტინე, თხილი კარამელიზებული იყო,ნუშიც შეგიძლია ასე გააკეთო, შაქარს გაადნობ, დაასხავ ნუშს და რომ გაცივდება დაფქვავ. გემრიელი იქნება დარწმუნებული ვარ :) გაგვიზიარე ფოტოები ფბ-ზე :)

  2. მე მოვამზადე, კარამელის სოუსის გარეშე, მაგრამ მაინც ძალიან გემრიელი გამომივიდა, ყველას ძალიან მოეწონა. ნინო, პრალინეს რეცეპტი ვერ ვიპოვე და ბმული დადეთ რა…მადლობ!

  3. მოგესალმებით ნინო!!!შეკითხვა მაქვს თქვენთან: ნაყინის ტორტზე ზევიდან თხლად დაჭრილი შოკოლადი რომ არის მოყრილი როგორ ჭრით მაგას, ან რომელი შოკოლადი იჭრება ასე კარგად. მე ვწვალობდი დანით მინდოდა დამეჭრა მაგრამ სულ მეფხვნება. იქნებ მირჩიოთ რამე. ასევე მაინტერესებს სილიკოსნი ფორმები და საკვების ცელოფანის შეძენა სად შეიძლება??

    1. გამარჯობა თინიკო :) შოკოლადი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, მორბილებული, უკეთ იფხიკება, ვფხიკავ ბოსტნეულის სათლელით, თუმცა ყველა შოკოლადი ერთნაირად არ იფხიკება ხოლმე. არის სპეციალური შოკოლადები, 1.5 კგ შეფუთვით იყიდება, ცალკე საჭმელად მაინცდამაინც გემრიელი არ არის, რადგან ეს სპეციალური შოკოლადია, შედარებით რბილი, სპეციალურად დეკორაციებისთვის, ვიყიდე წერეთელზე, შირნჰოფერის გვერდით, საკონდიტრო მაღაზიაში,მისი მსგავსი სხვაგანაც შევიძინე მერე, ულუფებად დაყოფილი, მაგრამ ისე კარგად არ იფხიკება რატომღაც :( ჩვეულებრივი ფილაც გამოდგება, მხოლოდ მაცივარში არ იყოს ნადები, თორემ ტყდება, როცა ძალიან ცივია. შოკოლადის ბურბუშელისთვის არის კიდევ ერთი მეთოდი – უნდა გაადნოთ, დაასხათ ლითონის ან რაიმე ასეთ მყარ ზედაპირზე და შემაგრების შემდეგ დიდი დანით ან ლითონის ფირფიტით ააფხიკოთ.

Leave a Reply

Top