თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > ნაყინი

ნაყინი

დღევანდელი რეცეპტი ისეთი ადვილია, რომ არც კი ვიცი, რეცეპტი უნდა ვუწოდო თუ არა. მაინც გადავწყვიტე დამეწერა, რადგან მიმაჩნია, რომ რეცეპტზე უფრო, ხშირად, იდეაა საინტერესო.

უბრალოდ  ნაყინი – ძალიან ბანალურია. არა და მარტივად შეიძლება მზა, მაღაზიაში ნაყიდი, არაფრით გამორჩეული ნაყინი აქციოთ დესერტად, რომლის შესახებაც აუცილებლად გკითხავენ სად იყიდეთ, ან როგორ მოამზადეთ :)

ერთ იდეა-რეცეპტს მე გთავაზობთ, თუმცა თავისუფლად შეიძლება საკუთარ ფანტაზიას მიენდოთ :)

1ყუთი ვანილის მზა ნაყინი, 450-500 გრამიანი

1 შეკვრა (120გ) კაკაოს ორცხობილა

1 კარამელიან-თხილიანი  შოკოლადის ბატონი

1/2 ჭიქა შოკოლადის წვეთები (chocolate chip)

ნაყინი ცოტა ხნით ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ, რომ დარბილდეს.

ამასობაში, დატეხეთ ორცხობილა და დიდ თასში ჩაყარეთ. მე ”იუბილენოეს” კაკაოანი გამოვიყენე, თუმცა შეგიძლიათ ნებისმიერი, თქვენთვის საყვარელი და გემრიელი კაკაოს ან შოკოლადის ხრაშუნა გამოიყენოთ. ძალიან მსხვილად ნუ დატეხავთ, თუმცა არც დაფქვაა საჭირო, საშუალოდან წვრილამდე, მოკლედ.

წვრილადვე დაჭერით შოკოლადის ბატონი. მე ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნახევარი სნიკერსი და ნახევარი პიკნიკი გამოვიყენე (დანარჩენი ნახევარი შემომეჭამა :D)  ეს და შოკოლადის წვეთებიც თასში ჩაამატეთ. წვეთები თუ არ გაქვთ, არც ეგაა პრობლემა. შეცვალეთ შავი ან რძიანი შოკოლადით, დაჭრილით, რაღა თქმა უნდა.  ვფიქრობ თეთრი შოკოლადითაც საინტერესო იქნებოდა, ჯერ არ მიცდია…

დარბილებული ნაყინიც ამ თასშივე გადაიღეთ და კარგად აურიეთ, გნებავთ ხელით (ანუ კოვზით, ნიჩბით), გნებავთ მიქსერით, მთავარია, ყველაფერი ერთმანეთში კარგად აირიოს. ჩააბრუნეთ ნაყინის ყუთშივე ან სხვა ნებისმიერ ჭურჭელში და გაყინეთ.

თავზე  ეს კარამელის სოუსი მოვასხი და ჩემოვე გაკეთებული კარამელიზებული ნიგოზი მოვაყარე, რომელიც სხვა დესერტიდან შემომრჩა. კარამელის შერევა შიგაც შეიძლება, ოღონდ არათანაბრად ,უფრო უკეთესია და ლამაზი :)

კომენტარები

კომენტარი

6 thoughts on “ნაყინი

  1. შოკოლადის წვეთები (chocolate chip) სად შეიძლება თბილისში ვიყიდო ?

    1. ნათია, ბევრგან იყიდება, მე საკონდიტრო მასალების მაღაზიებში ვყიდულობ ხოლმე

      1. მადლობა. სხვათა შორის სუპერმარკეტებში (გუდვილი, პოპული, იბისი) არ იშოვება.

        1. სიამრთლე რომ გითხრა, გუდვილში ხშირად არ დავდივარ :) პოპულიში ჩემი ფეხი არ იქნება, ერთხელ ძალიან ცუდი ინციდენტი მქონდა მაგათთან, ვიგულისხმე რომ საკონდიტრო წვრილმანებთან იყიდება :)

  2. nino sheni ideebi agmaprtovanebs da iset xaliss da momzadebis survils badebs chemshi.. mokled mixaria sheni receptebis xilva yoveltvis:) nayinit mec xshirad vaketeb improvizirebul desertebs,ar miyvars ubralod,magaziahsi nayidi nayini da xan ras vamateb xan ras,es varianti ki saocrad momecona da aucileblad vcdi:)

    1. დიდი მადლობა მარი :) სცადე, აუცილებლად მოგეწონება :)

Leave a Reply

Top